ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით B ჯგუფში რუსეთისა და რუმინეთის გოგონათა ნაკრებებს შორის გამართული მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში თამაშობს საქართველოს გოგონათა ნაკრებიც, რომელიც ჩეხეთთან დამარცხდა.
რუსებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და საწყის წუთებში 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. რუმინელებმა პირველი ქულის აღება მხოლოდ მე-9 წუთზე შეძლეს. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი რუსეთის ნაკრების არცთუ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 14:10 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში რუმინელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, თუმცა რუსებმა მაინც იმძლავრეს და მატჩი ანგარიშით 23:20 მოიგეს.
დღეს ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: 18:00 საათზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ. 20:00 საათზე რუმინელები და ჩეხები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას. ორივე შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება, რომელიც შენობის მესამე სართულზეა.
მესამე, დასკვნითი ტურის შემდეგ ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგი გვექნება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალებში.
პირველ ნახევარფინალში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. დანარჩენი გუნდები მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე-მერვე პოზიციებისთვის ითამაშებენ.