იტალიის თასის ფინალური მატჩი, რომელიც „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ შორის გაიმართა, ტრიბუნაზე მომხდარი არეულობის გამო 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. გუნდის გულშემატკივრებს შორის სიტუაცია იმდენად დაძაბა, რომ შეხვედრა ჩაშლის ზღვარზე იყო, თუმცა მდგომარეობის განმუხტვა მოხერხდა.
მე-11 წუთზე ნეაპოლელთა შემტევმა ლორენცო ინსინიემ ანგარიში გახსნა. ექვს წუთში იმავე ინსინიემ დუბლი გაიფორმა და „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა.
28-ე წუთზე ხუან ვარგასმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ნეაპოლელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ ანგარიშით 3:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნეაპოლელთა ნახევარმცველი გიოკჰან ინლერი გააძევეს.
ამრიგად, „ნაპოლიმ“ იტალიის თასი მეხუთედ მოიგო. მანამდე ნეაპოლელებმა ეს ტიტული 1961/62, 1975/76, 1986/87, 2011/12 წლების სეზონში დაისაკუთრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ბენიტესმა „ნაპოლისთან“ ერთად პირველივე სეზონში მოიგო თასი.
იტალიის თასის ფინალი
„ფიორენტინა“ — „ნაპოლი“ 1:3 (1:2)
გოლები: ვარგასი 28′ — ინსინიე 11′, 17′, მერტენსი 90+2′.
გაფრთხილებები: ბორხა ვალერო 10′, ილიჩიჩი 40′, ტომოვიჩი 47′, ფერნანდესი 65′ —ალბიოლი 36′, ინლერი 50′, ინსინიე 78′, რეინა 81′.
გაძევება: ინლერი 79′.