“ხიმნასტიკი” სეგუნდა დივიზიონში დარჩა – კაკაბაძემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა!

დღეს სეგუნდა დივიზიონის 42-ე ტურის შეხვედრაში “ხიმნასტიკი” “რაიო ვალეკანოს” დაუხვდა საკუთარ მოედანზე.

“ნასტიკმა” მატჩი აქტიურად დაიწყო და მე-12 წუთზე ალვარო ვასკესმა ანგარიშიც გახსნა. ამ შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორი ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე იყო. ხოლო, 31-ეზე მანუ ბარრეირომ მეორეჯერ აიღო მადრიდელთა კარი. ამ შემთხევაშიც ასისტენტის როლში ოთო მოგვეველინა. საბოლოოდ, ტარაგონელებმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვეს, 52 ქულა დააგროვეს და მე-15 ადგილზე დაასრულეს გათამაშება. ეს იმას ნიშნავს, რომ კაკაბაძის გუნდი მომავალ სეზონშიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ითამაშებს.

კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” “ლეონესა” დაამარცხა და სეგუნდა დივიზიონში დარჩენის შანსი უფრო გაზარდა

სეგუნდა დივიზიონის მეორმოცე ტურის მატჩში “ხიმნასტიკმა” საკუთარ მოედანზე “ლეონესა” მიიღო.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოვიდა. პირველ ნახევარში მასპინძლები ანგარიშით, 0-2-ს აგებდნენ, თუმცა “ნასტიკმა” მეტოქეს მეორე ტაიმში ზედიზედ ხუთ გოლი გაუტანა. მან მატჩის მიწურულ გაუშვა ერთი გოლი. საბოლოოდ – 5-3. ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ გამარჯვებული გუნდის რიგებში მთელი თამაში ჩაატარა, მან 51-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ “ხიმნასტიკმა” 46 ქულა დააგროვა (მე-16 ადგილი) და ოთხი ქულით გაუსწრო გასავარდნ ზონაში (მე-19 ადგილი) მყოფ “კორდობას”. თუმცა, ამ უაკანსკნელს მეორმოცე ტურის დაპირისპირება ჯერ არ ჩაუტარებია.

კაკაბაძე: “ამ სეზონში გუნდის დატოვება? ჩემამდე არაფერი მოსულა”

გუშინ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩი ეტონეთს “მიხეილ მესხზე” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. დაპირისპირების შემდეგ Fanebi.Com-ს  მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე ესაუბრა.

“ორი ამხანაგური მატჩი გვქონდა. მიზანი ის იყო, რომ მოგვეგო და თან სანახაობრივი ფეხბურთი გვეთამაშა. ეს გამოგვივიდა, ხალხიც ბედნიერია და ასე უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა.”

“ამ სეზონში გუნდის დატოვება? არ ვიცი, ნამდვილად. თუ რამე შემოთავაზებაა, ეს ჩემამდე არ მოდის. ისეთი პერიოდი გვაქვს გუნდში, რომ ვვარდებით და ახლა ამისთვის არავის სცალია,” – ამბობს კაკაბაძე.

კაკაბაძის “ხიმნასტიკი” სახლში დამარცხდა

სეგუნდა დივიზიონის მეთერთმეტე ტურში “ხიმნასტიკმა” “ალკორკონს” უმასპინძლა და ანგარიშით, 0-3 დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა. თუმცა, იგი უშუალო კონკურენტთან დამარცხდა. სტუმართაგან თავი შემდეგმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს: პენა (20), დორკა (45), დუმტრუ (62).

“ხიმნასტიკი” 11 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ კაკაბაძის გუნდს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

“ხიმნასტიკმა” “რაიო ვალეკანოს” სძლია – კაკაბაძემ 120 წუთი შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “რაიო ვალეკანო” საკუთარ მოედანზე ტარაგონას “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში ქართველი მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე გამოდის, რომელმაც გასულ სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრების რიგებში ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა (ირლანდია – 6 ოქტ.; უელსი – 9 ოქტ.).

ეს დაპირისპირება კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი სტუმრებმა 24-ე წუთზე გაიტანეს; თავის გამოჩენა ელვირ მალოკუმ შეძლო. ამ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე მანუჩომ გაათანაბრა. ამის შემდეგ დარჩენილ ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი ტაიმები, სადაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს. 120 წუთი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ხიმნასტიკმა,” ანგარიშით, 5:4 იმარჯვა. თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ, რომლის გუნდიც 1/16 ფინალში გავიდა!

“ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

დღეს ესპანეთში სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

საკუთარი შეხვედრა ჩაატარა ტარაგონას “ხიმნასტიკმა”, რომელიც გასვლაზე “კორდობასთან, ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. ეს მატჩი ქართველებისთვი იმით იყო, საინტერესო, რომ სტუმარ გუნდში ჩვენი თანამემამულის, ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა. 21 წლის მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და, მიუხედავად უარყოფითი ანგარიშისა, ინდივიუალურად, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

კაკაბაძის გუნდი შვიდი ტურის შემდეგ 4 ქულით, ბოლო – 22-ე პოზიციაზეა!

კაკაბაძე: “”ვილიარეალთან” ნაჩვენები თამაშით თუ ვიმსჯელებთ, “ლა ლიგაში” გადასვლის დიდი შანსი გვაქვს”

ამ ზაფხულზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წავიდა უცხოურ ჩემპიონატში სათამაშოდ. ოთარ კაკაკბაძემ კატალონიურ “ხიმნასტიკს” მიაშურა, სადაც ჩვენი თანამემამულე, გიორგი აბურჯანია გამოდის. “დინამოს” ყოფილ მოთამაშეს რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალის” წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში კაკაბაძემ პირველი ნახევარი ითამაშა და ნამდვილად არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 20 წლის სპორტსმენს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, ყველას აინტერესებს, როგორი ატმოსფეროა გუნდში და გაქვთ თუ არა ის პირობები, რომლებიც მარტივ ადაპტაციაში დაგეხმარებათ?

– მშვენიერი განწყობაა კოლექტივში. ძალიან პოზიტიური ატმოსფერო სუფევს. აქ ყველაფერია, რაც ნამდვილ ფეხბურთელად მაგრძნობინებს თავს. შესაბამისად, ადაპტაციაც საერთოდ არ მიჭირს. მოკლედ, ამ მხრივ პრობლემა, ფაქტობრივად, არ მაქვს.

– რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალთან” ითამაშეთ და 1-2 დამარცხდით. როგორ შეაფასებთ შეხვედრას და შეგეძლოთ თუ არა მინიმუმ ფრის მიღწევა?

– რა თქმა უნდა, ფრეც და მეტიც, ჩვენ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი შეხვედრა ათი კაცით ვიასპარეზეთ, საკმაოდ მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ბევრი მომენტიც შევქმენით. მაგრამ ეს ამხანაგური მატჩი იყო და რთულია ამ თამაშის მიხედვით იმის გარკვევა, თუ ვის რა შეეძლო.

– პირველი ტაიმი ითამაშეთ. ინდივიდუალური თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ დებიუტს? დარჩა თქვენი ასპარეზობით გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილი?

– პირველი თამაშისთვის, შესაძლებელია, ითქვას, ნორმალურად გამოვიყურებოდი. უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ოფიციალური შეხვედრებია, სადაც ვეცდები, ამაზე გაცილებით უკეთესად ვიასპარეზო.

– აბურჯანია მთელი შეხვედრა სათადარიგოზე იჯდა და მოედანზე არ გამოსულა. ხომ ვერ გვეტყვით, რა მიზეზით მოხდა ეს? ის გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მისი სათადარიგოზე დაჯდომა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია…

– წინა დღეებში “აბუს” ფეხი აწუხებდა, რის გამოც 3 დღე მოუწია დასვენება. ამ მატჩში კი შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ, მაინც ამხანაგური იყო და, აღარ გარისკეს.

– აღნიშნეთ, რომ ამხანაგურით რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ მაინც რომ თქვათ, თქვენი აზრით, ასეთი თამაშით რა შანსები აქვს “ხიმნასტიკს” “სეგუნდა დივიზიონში”?

– იმ თამაშით, რაც “ვილიარეალთან” აჩვენა გუნდმა, დიდი შანსია, რომ “პრიმერა დივიზიონში” გადავიდეთ. უბრალოდ, წელს “სეგუნდაში” ბევრი კარგი კლუბი ითამაშებს და ეს ძალიან რთული იქნება.

ოთარ კაკაბაძე:”საფრანგეთი პორტუგალიასთან ფავორიტია”

“ევრო 2016”-ის ფინალის შესახებ Fanebi.Com-თან კომენტარი “ხიმნასტიკის” ქართველმა ლეგიონერმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

“ორივე გუნდმა ძალიან დიდი ბრძოლები გადაიტანა აქამდე მოსასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ფავორიტი მაინც “საფრანგეთია”. ეს ნაკრები პორტუგალიას ბევრ ასპექტში ჯობს. თანაც, ისინი მასპინძლები არიან. ვთვლი, რომ სწორედ ფრანგები იმსახურებენ გამარჯვებას. ფინალის სტატუსიდან გამომდინარე, ძალინა დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს,” – განუცხადა Fanebi.Com-ს ქართველმა მარჯვენა მცველმა.

 

ოთარ კაკაბაძე:”კატალონიურ გუნდთან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე მქონდა გაფორმებული”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველებისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა. თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, ახალგაზრდა ოთარ კაკაბაძე კატალონიურ “ხიმნასტიკში” გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Fanebi.Com დაუკავშირდა კაკაბაძეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს თქვენს კარერაში. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, თუ გქონდათ “ხიმნასტიკის” გარდა, სხვა გუნდებისგან შემოთავაზება?

– მადლობა მოლოცვისთვის. სიმართლე გითხრათ, სხვა გუნდებისგან სერიოზული შემოთავაზება ნამდვილად არ მქონია. “ხიმნასტიკი” ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტი იყო.

– რატომ აირჩიეთ ესპანური გუნდი?

– კატალონიურ კლუბთან სეზონის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე მქონდა კონტრაქტზე ხელი მოწერილი. შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ სხვა შემოთავაზება რომც ყოფილიყო, მას ვერც განვიხილავდი.

– როგორი მოლოდინები გაქვთ? თქვენი აზრით, როგორი ატმოსფერო და გარემო დაგხვდებათ გუნდში?

– ხვალ მივფრინავ ესპანეთში და 11-ში შევუერთდები გუნდს. მოუთმენლად ველი, ეს როდის მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ჩემთვის შესაბამისი გარემო და ხელსაყრელი პირობები დამხვდება; ყველაფერი ის, რაც კარიერის მხრივ წინსვლაში შემიწყობს ხელს.

– როგორ შეაფასებ “ხიმნასტიკის” შანსებს წლევანდელ სეზონში, შეუძლია გადასვლა “პრიმერა დივიზიონში”?

– ვთვლი, რომ “პრიმერა დივიზიონში” გადასვლა შეგვიძლია, მაგრამ ეს იმაზე რთული იქნება, ვიდრე წინა სეზონში. როგორც სარწმუნო ხმები იძახიან, წელს აღნიშნულ ჩემპიონატში ძალიან ბევრი კარგი გუნდია და, შესაბამისად, ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს იგი.

– “ხიმნასტიკში” გადახვედით და ეს ნამდვილად დიდი ნაბიჯია. ამ გადმოსახედიდან, თქვენი აზრით, შეგიძლიათ რამდენიმე ხნის შემდეგ უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოთ და უფრო განავითაროთ თქვენი ევროპული კარიერა?

– ვთვლი, რომ ესპანეთის “სეგუნდა დივიზიონი” ამ მომენტში საუკეთესო ვარიანტი არის ჩემთვის. საქართველოს ჩემპიონატიდან მაშინვე დიდ ჩემპიონატში გადასვლა, ფაქტობრივად, ძალიან რთულია, ამიტომ ასე ჯობს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო ევროპულ კარერას, დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა გზას გავიკვლევ და უფრო და უფრო წინ წავალ.