კანკავა თვის ფეხბურთელად აღიარეს

უკრაინულ პრემიერლიგაში მარტის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გახდა. www.ua-football.com-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში “დნიპროს” ქართველმა ნახევარმცველმა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ კიევის “დინამოსთან” კანკავამ გმირობა ჩაიდინა, როდესაც ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. გარდა ამისა, საფეხბურთო თვალსაზრისითაც ჯაბას წლევანდელი სეზონი ნამდვილად გამორჩეულია.

 

აღსანიშნავია, რომ მეორე-მესამე პოზიციები კანკავას თანაგუნდელებმა ევგენი კონოპლიანკამ და მათეუსმა დაიკავეს.

 

კანკავასა და ლობჟანიძის „დნიპრომ“ „ტავრია“ უპრობლემოდ დაამარცხა

უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“, რომლის შემადგენლობაშც ორი ქართველი უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა გამოდიან, გასვლაზე სიმფეროპოლის „ტავრიას“ შეხვდა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

მე-9 წუთზე ანგარიში ჟულიანომ გახსნა. ორამდე სტუმართა უპირატესობა კალინიჩმა გაზარდა, რომელმაც 54-ე წუთზე დანიშნული პენალტი გამოიყენა.

რაც შეეხება ქართველ მოთამაშეებს, ჯაბა კანკავა მატჩში 32-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო უჩა ლობჟანიძეს დღეს სამწუხაროდ არ უთამაშია.

„ტევრია“ – „დნიპრო“ 0:2
გოლები: ჟულიანო 9′, კალინიჩი 54 (პენ)

„ტავრია“: პოგორელი, ნუნუ პინტუ, გრონჩაროვი, ლიუბიჩიჩი, გუმენიუკი (მატვიენკო 75′), კაიდუ, პრიჩინენკო (პრიხოდნოი 68′), პავლენკო, ნაზარენკო, კორობკა, სატრაპინსკიხ (კოშმანი 46′)

„დნიპრო“: ლაშტუვკა, მაზუხი, ფედეცკი, ჩებერიაჩკო (კანკავა 32′), როტანი, ჟულიანო, პოლიტილო, ბლიზნიჩენკო, სელეზნიოვი, მათეუსი, ზოზულია (ბრუნუ გამა 73′)

გაფრთხილებები: გუმენიუკი, ლიუბიჩიჩი, პრიხოდნოი – ჩებერიბიაჩკო

შემდეგ მატჩს დნეპროპეტროვსკელები შაბათს, 12 აპრილს, ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ ჩაატარებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კიევის „დინამომ“ ჯაბა კანკავას მადლობა გადაუხადა

კიევის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „დნიპროს“ ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მისამართით სამადლობელო ღია წერილი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დნიპროსა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას  მასპინძელთა მეკარე დენის ბოიკო გამოსვლაზე მუხლით შეეჯახა კიეველთა ნახევარმცველ ოლეგ გუსევს, რომელიც უგონოდ დაეცა. უკრაინელ ფეხბურთელს კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარება სწორედ კანკავამ აღმოუჩინა და სიკვდილსაც გადაარჩინა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)

„ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით ამ ქმედებისთვის!

ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ მოქმედებაში.

შენ ჩვენს მეგობარს მშველელად იმ წამებში მოევლინე, როცა მას ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა! მადლობას გიხდით!

ვიცით, რომ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო „გენაცვალე!“, – ნათქვამია მიმართვაში.

„ოქროს ბურთი“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხმები ასე გადაანაწილა: 1. ფრანკ რიბერი; 2. ლიონელ მესი; 3. კრიშტიანუ რონალდუ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო; 3. ედინსონ კავანი.

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ; 2. ლიონელ მესი; 3. ფრანკ რიბერი.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის შედეგების სრული სია: „ოქროს ბურთის“ შედეგები

ბექა დოგრაშვილი