“ლოკომოტივი” კვლავ მოგების გარეშეა – დედაქალაქელებმა “ჩიხურასთან” ფრე გააგორეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები შედგა. “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” საჩხერის  “ჩიხურასთან” შეეცადა სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 31-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას პასის შემდეგ, ვატო არველაძემ გახსნა. ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გავიდა. მეორე ნახევარში, მე-80 წუთზე დემურ ჩიხლაძემ ლაშა ჩიკვაიძის გადაცემის შემდეგ გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ “ლოკო” ერთი ქულით ბოლო ადგილზეა. იმერლებს რვა ქულა აქვთ და მეორე ადგილს იკავებენ.

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური: პრევიუ

ხვალ ეროვნული ლიგა განახლდება. Fanebi.Com-ი მეოთხე ტურის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 31 მარტი,  16:00 საათი

“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “ჩიხურას” უმასპინძლებს. დედაქალაქელები საშინელ ფორმაში არიან. მათ წინა სამი მატჩიდან სამივე წააგეს, ათი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ორი გაიტანეს. ისინი ნული ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა ცხრა შესაძლო ქულიდან შვიდი მოიპოვეს და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან.

რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “საბურთალო” 

დასაწყისი: 31 მარტი, 18:30 წუთი

“მიხეილ მესხზე”, ფაქტობრივად, ნომინალური მასპინძელი “რუსთავი” იქნება, რომელიც “საბურთალოს” მიიღებს. რუსთაველებმა, მიუხედავად, ბევრი ფეხბურთელის დამატებისა, მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. ბოლოს კი, “ჩიხურასთან” დამარცხდნენ. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია.

გორის “დილა” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: 31 მარტი, 20:00 საათი

“თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “სიონს” მიიღებს. მასპინძლებმა ყველანაირი შედეგი (წაგება, მოგება, ფრე) დააფიქსირეს წინა სამ ტურში და ახლა ოთხი ქულა აქვთ. ბოლოს, ისინი “საბურთალოსთან” დამარცხდნენ. გორელები მეხუთე პოზიციას იკავებენ. ბოლნისის “სიონი” კი ასევე ოთხი ქულით “დილას” ერთი ადგილით ჩამორჩება.

თბილისის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: პირველი აპრილი, 16:00 საათი

ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო არენაზე” შედგება. დედაქალაქს ქუთაისელები ესტუმრებიან. “დინამომ”, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ორივე შეხვედრა მოიგო. ახლა მას ექვსი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსაც” ანალოგიური შედეგი აქვს. თუმცა, ბურთების უარესი მაჩვენებლის გამო, იგი მეოთხე პოზიციას იკავებს.

სამტრედიის “სამტრედია” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: პირველი აპრილი, 19:00 საათი

ბოლო მატჩი “მიხეილ მესხზე” შედეგება, სადაც ერთმანეთს “სამტრედია” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. იმერლებმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს და ახლა სამი ქულით მერვე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ მეგრელებს, “კოლხეთი” ერთ-ერთი აუტსაიდერია. მას წინა ტურში “სიონთან” გაგორებული ფრის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

30 მარტს, ზუსტად 28 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა . დინამო არენაზე გამართულ მატჩში, ერთმანეთს დავით ყიფიანის დინამო თბილისი (იმ დროისთვის ასპარეზობდა თბილისის იბერიას სახელით) და ჯონი ჯანელიძის კოლხეთი 1913 დაუპირისპრდნენ.

მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა, საპორტო ქალაქის გუნდმა, შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის – გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო.

დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ.მიმინოშვილი

 

ატმოსფერო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე | 30.03.1990

მატჩის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა | 30.03.1990

Eliga.Ge

“საბურთალო” წინ უდანაკარგოდ მიიწევს – გამარჯვება “დილასთან”

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ადგილობრივმა “საბურთალომ” გორის “დილა” მიიღო.

მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარე თააშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა: გიორგი დიასამიძემ დავით ვოლკოვის პასით დედაქალაქელები დააწინაურა.მეორე ნახევარში სტუმრებს კოხრეიძემ შეუტია, შევიდა საჯარიმოში, თუმცა ის ალვინ ფორტისმა წააქცია. ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 22 წლის ჰოლანდეილმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. თავად დაზარალებულმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც. საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 2:0 დასულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და პირველზეა. “დილა” 4 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

 

“ჩიხურა” წინ მიიწევს – საჩხერლებმა “რუსთავს” იონანიძის გოლით მოუგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა: საჩხერის “ჩიხურა” რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ.

მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში დასამახსოვრებელ მომენტებს შორის გამოსარჩევია რუსთაველთა ფეხბურთელის, გეორგი გაბულოვის წითელი ბარათი. მან მეორეჯერ გაფრთხილების შემდეგ, დატოვა მოედანი. მატჩის კულმინაიცა მეორე დამატებით წუთზე იყო, როცა ჩაწოდების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ მეტოქეს გაუტანა და “ჩიხურას” სამი ქულა მოუპოვა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურა” შვიდი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, რუსთავს სამი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

ეროვნული ლიგის მესამე ტური: პრევიუ

16 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 16 მარტი, 17:00

“დინამო არენაზე” ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქელებმა პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლოკომოტივი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს. ისინი სამი ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა “მიხეილ მესხზე” “სიონთან” მოულოდნელად წააგეს და ახლა ასევე სამი ქულით, მეშვიდე ადგილს იკავებენ. ორივე გუნდს სჭირდება ქულები და წინ სვლა, შესაბამისად, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 16 მარტი, 19:00

“დავით აბაშიძეზე” ადგილობრივი “ტორპედო” დედაქალაქურ “ლოკომოტივს” მიიღებს. მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად ვერ თამაშობენ. მათ პირველ ტურში ამავე სტადიონზე გორის “დილასთან” იწვნიეს მარცხი. შემდეგ კი, “რუსთავს” ერთადერთი გოლით მოუგეს, რომელიც რუსთაველთა მეკარის შეცდომას მოჰყვა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, ამ გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ახლა ნული ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 17 მარტი, 15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” “ჩიხურა” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე შესუსტებისა, იმერლებმა პირველ ტურში ჯერ ფოთის “კოლხეთს” 6-1 მოუგეს, შემდეგ, “დილასთან” ფრე, 1-1 გააგორეს. ამჟამად ისინი ოთხი ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან. “რუსთავი” პირველ ტურში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა, როგორც ვთქვით, შემდეგ ვერცერთი ქულა ვერ აიღო. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება იმერლების სვლა და მოახერხებს თუ არა “რუსთავი” მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 18 მარტი, 14:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “სიონი” “კოლხეთს” შეხვდება. ახალგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში მარცხი იწვნია, თუმცა შემდეგ სამი ქულა მოიპოვა. რაც შეეხება მეგრელებს, ეს კლუბი საშინლად გამოიყურება. მათ ორი შეხვედრა წააგეს (1:6, 1:4), რის შემდგაც მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ქულის მოპოვებას მაინც ფოთური გუნდი ახალ მატჩში.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 მარტი, 16:00

ბოლო შეხვედრა უკვე “მიხეილ მესხზე” შედგება. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე თამაშის მოგება მოახერხა. შესაბამსიად, ის ერთპიროვნული ლიდერია. “დილა” პირველ ტურში სენსაციური მოგებისა და “ჩიხურასთან” ფრის შემდეგ, ახლა ოთხი ქულით მესამეზეა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “საბურთალო” “დილაზე” გამარჯვებას და ლიდერობის შენარჩუნებას.

 

ეროვნული ლიგა: ფოთის “კოლხეთი” მეორე მატჩშიც განადგურდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები შედგა. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა: ლაშა გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მეგრელები წინ გაიყვანა. მათ პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ თორნიკე გორგიაშვილს გაატანინა. შვიდ წუთში კოხრეიძემ დიასამიძის პასით თავად შეაგდო. ამას მოჰყვა, 76-ე წუთზე რეხვიაშვილის მიერ მესამე გატანილი გოლი. 88-ეზე კი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “კოლხეთი” ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” ექვსი ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

 

ეროვნული ლიგის მეორე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ!

გორის “დილა” – საჩხერის “ჩიხურა”

დაწყების დრო: 9 მარტი, 19:00

გახსნითი შეხვედრა გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” შედგება: ადგილობრივი “დილა” “ჩიხურას” წინააღმდეგ. მასპინძლებმა პირველ ტურში სენსაცია გამოაცხვეს და ქუთაისში ჩემპიონ “ტორპედოს” ანგარიშით, 3:2 სძლიეს. შესაბამისად, ისინი ეცდებიან, საკუთარ მოედანზე სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვონ და მორიგი სამი ქულა ჩაიწერონ აქტივში. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ფოთის “კოლხეთს” გადაურაეს (6:1) და ახლა პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. მიუხედავად შემადგენლობის შესუსტებისა, იმერლები ეცდებიან, ლიდერობა გაიმყარონ.

რუსთავის “რუსთავი” – ქუთაისის “ტორპედო”

დაწყების დრო: 10 მარტი,15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” მეორე ტურში “რუსთავი” “ტორპედოს” მიიღებს. ახადგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში თბილისის “დინამოს” ანგარიშით, 2:1 “დინამო არენაზე” სძლია და ახლა მეოთხე ადგილზეა. “ტორპედომ”, როგორც ვახსენე, მოულოდნელი მარცხი იწვნია “დილასთან” და, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. ჩემპიონები აუცილებლად გაორმაგებული მონდომებით ეცდებიან პირველი სამი ქულის მოპოვებას.

ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “საბურთალო”

დაწყების დრო: 10 მარტი, 18:00

“კოლხეთის” სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მეგრელები დროებით ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” თამაშობენ. სწორედ აქ ისინი “საბურთალოს” მიიღებენ და “ჩიხურასთან” საშინელი გამოსვლის შემდეგ, პირველი ქულების მოპოვებას ეცდებიან. “საბურთალოს” რაც შეეხება, მან საკუთარ მოედანზე წინა ტურში ბოლნისის “სიონს” ანგარიშით, 3:1 მოუგო და ახლა მეორე საფეხურზეა. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა დედალაქელების წარმატებული სვლა.

თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 11 მარტი, 14:00 საათი

კვირას, “მიხეილ მესხი 2”-ზე დედაქალაქური დერბი შედგება: “ლოკომოტივი” “დინამოს” წინააღმდეგ. “რკინიგზელებმა” წინა ტურში თავიანთ მოედანზე “სამტრედიასთან” წააგეს და ნული ქულით მერვე პოზიციას იკავებენ. ხოლო, “დინამო” რუსთაველებთან მარცხის შემდეგ, მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სამტრედიის “სამტრედია” – ბოლნისის “სიონი”

დაწყების დრო: 11 მარტი, 16:00

იმავე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, “სამტრედია” დროებით “მიხეილ მესხზე” თამაშობს. იმერლები კვირას “სიონს” მიიღებენ. წინა ტურში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ეს გუნდი მორიგი ქულების მოპოვებას შეეცდება. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლებს ნული ქულა აქვთ და ბოლოს წინა პოზიციაზე იმყოფებიან.

 

“ლოკომოტივი” “სამტრედიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “ლოკომოტივმა” “მიხეილ მესხი 2”-ზე სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ერისთავმა მე-13 წუთზე გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ “ლოკოს” ჩამორჩენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მაიკლ ოლაიტანის მიერ 69-ე წუთზე შეგდებული გოლი. შესაბამისად, იმერლებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს დედაქალაქში.

ამ მარცხის შემდეგ თბილისური გუნდი ნული ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედიას” სამი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.

ეროვნული ლიგა: პირველი ტურის პრევიუ

დღეს, ორ მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის გათამაშება, სადაც ათი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იგი ოთხ წრედ ჩატარდება და 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. გეტყვით, რომ საქართველოს რანგით პირველ ლიგაში ორი ახალი წევრია: რუსთავის “რუსთავი” და ბოლნისის “სიონი”.

Fanebi.Com-ი ეროვნული ლიგის პირველი ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ქუთაისის “ტორპედო” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 2 მარტი, 18:00

ეროვნული ლიგა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონის, “ტორპედოსა” და გორის “დილას” მატჩით გაიხსნება. იმერლებმა გაჩემპიონების შემდეგ, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხეს. მათ წინასასეზონო სამზადისი თურქეთში გაიარეს. საგულისხმოა, რომ “ტორპედომ” სუპერთასის მოგებაც შეძლო, როცა მან საჩხერის “ჩიხურა” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. რაც შეეხება გორის “დილას”, ამ გუნდმა შარშან მასში ჩადებული ინვესტიცია ვერ გაამართლა და არა თუ ჩემპიონობა, ვერც ევროტურნირებზე გასვლა მოახერხა. წინასასეზონოდ მათაც თურქეთში ივარჯიშეს და დღეს ეცდებიან, მოქმედ ჩემპიონს სტუმრად ქულები აართვან.

საჩხერის “ჩიხურა” – ფოთის “კოლხეთი”

დაწყების დრო: 3 მარტი, 15:00

ხვალ, თბილისში, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საჩხერის “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდება. იმერელთა სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ისინი პირველ ორ წრეს სწორედ აქ ჩაატარებენ. “ჩიხურამ” შარშან თასი მოიგო, თუმცა ეროვნულ ლიგაში ვერ ივარგა. ამის შემდეგ გუნდი ლიდერებმა დატოვეს და მთავარი ბირთვი ძალიან შესუსტდა. საჩხერლებმა შეკრება თურქეთში გაიარეს, თუმცა “ტორპედოსთან” შეხვედრაში, სუპერთასზე მარცხის დროს გამოჩნდა, რომ კლუბი ისეთი ძლიერი ვეღარაა. რაც შეეხება “კოლხეთს”, სხვა გუნდებივით, ისიც მცირე აზიის ნახევარკუნძულს ესტუმრა და იქ ივარჯიშა წინასასეზონოდ. შარშან ფოთელები აუტსაიდერები იყვნენ, ვნახოთ წელს რას იზამს ეს კლუბი.

თბილისის “ლოკომოტივი” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 4 მარტი, 13:30

თბილისის “ლოკომოტივი” სეზონს ახალი მწვრთნელით იწყებს. “მიხეილ მესხი 2”-ზე დედაქალაქელები “სამტრედიას” უმასპინძლებენ. ამ გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, თუმცა მოსამზადებლად საზღვარგარეთ არ წასულა. რაც შეეხება “სამტრედიას”, მათაც კარგი ლეგიონერები დაიმატეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მით უმეტეს, იმერლებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, უჩა სოსიაშვილის სახით, რომელმაც ადრე “დილასთან” დიდ წარმატებას მიაღწია. საინტერესო იქნება, ახალი ფეხბურთელების ხილვაც. დაველოდოთ…

თბილისის “დინამო” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 მარტი, 16:00

თბილისის “დინამო”, რომლის ვიცე-ჩემპიონობა გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში გადაწყდა, ზეგ “დინამო არენაზე” “რუსთავს” მიიღებს. დედაქალაქელები თურქეთში ორჯერ იყვნენ და პროდუქტიულადაც გაისარჯნენ. ხმაურიანი ტრანსფერები მათ რიგებში არ ყოფილა. გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ასე აპირებს ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. სამაგიეროდ, ხმაურიანი ტრანსფერები იყო “რუსთავის” რიგებში, რომლის ბირთვი აბსოლუტურად შეიცვალა. მის შემადგენლობაში ჩაირიცხნენ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები, მათ შორის ისეთები, რომელთაც ნაკრებშიც უთამაშნიათ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ერთი სიტყვით, ამ გუნდის ხილვა ძალიან საიტერესო იქნება.

თბილისის “საბურთალო” – ბოლნისის “სიონი”

დაწყების დრო: 5 მარტი, 19:00

დასკვნითი მატჩი “მიხეილ მესხზე” შედგება, სადაც ერთმანეთს “საბურთალო” და “სიონი” შეერკინება. “საბურთალო” ევროტურნირებზე ვერ გავიდა. თუმცა, შარშან რამდენიმე სერიოზულ მეტოქეს აჯობა და წელს უკვე ახალ სეზონს დიდი შემართებით ხვდება. რაც შეეხება “სიონს”, ეს გუნდი ახლა გადმოვიდა ეროვნულ ლიგაში, თუმცა მათ აქვთ აქ ასპარეზობის გამოცდილება. ვნახოთ, რა ძალას წარმოადგენს ბოლნისური კლუბი.

 

“ტორპედომ” “ოლექსანდრია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქულ შეკრებაზე. ამჟამად იმერლების მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდი, “ოლექსანდრია” იყო.

დაძაბულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი გატანა გრიგოლ დოლიძემ მოახერხა. შესაბამისად, ქართულმა გუნდმა ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ ეს “ტორპედოსთვის” ანტალიაში გამართული მეორე ამხანაგური თამაში იყო. მანამდე მათი მეტოქე ყაზახური “აქტობე” გახლდათ, სადაც კახა ჩხეტიანის შეგირდები ანგარიშით, 0:2 დამარცხდნენ.

იხილეთ გუშნდელი მატჩის მიმოხილვა

 

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

დიდი ცვლილებები “სამტრედიაში”

2018 წლიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, “სამტრედიას” რიგებს შემდეგი ფეხბურთელები გამოაკლდნენ:

გიორგი დათუნაიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, დავით ჯიქია, დავით მთივლიშვილი, ნიკოოზ სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ლაშა კასრაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაკარ ბალდე.
ახალ სეზონში გულშემატკივარი კვლავ იხილავს: ომარ მიგინეიშვილს, რომელიც კაპიტნის სამკლავურს მოირგებს, ოლაიტან მაიკლს, ანტე გის, ანრი ნდონგს, გიორგი ახალაძეს, ვალერ ოლხოვს, ილია სტურუასა და ოთარ სტურუას.
რაც შეეხება ახალწვეულებს: გიორგი ერისთავი, შოთა კერძევაძე, რომანი ჩაჩუა, გიორგი განუგრავა, საბა აღდგომელაშვილი, ვაკო ბაჩიაშვილი და დავით კირკიტაძე “სამტრედიას” ღირსებას დაიცავენ.
ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ კლუბს შეუერთდება 4 ლეგიონერი და სხვა ქართველი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობაც სულ მალე გახდება ცნობილი.