ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო. შეხვედრა “ლურჯების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მასპინძლები მატჩის მე-13 წუთზე დაწინაურდნენ. მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩამოწოდების შემდეგ დიეგო კოსტამ თავით ძლიერად დაარტყა, ბურტი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ასევე თავით მარკოს ალონსომ დაარტყა და “ჩელსი” დააწინაურა. პირველი ტაიმი ანტონიო კონტეს გუნდის მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
“ჩელსიმ” მატჩის მეორე ნახევრის დებიუტშივე გაზარდა ანგარიშში სხვაობა. მოედნის ცენტრში დიეგო კოსტამ თავით ბურთი ედენ აზარს დაუგდო, ბელგიელმა ბურთი წაიღო, დაუხმარებლად გაიარა სამი მეტოქე, საჯარიმოშიც შევიდა და პეტრ ჩეხს ახლო მანძილიდან ძლიერად დაურტყა — 2:0. 85-ე წუთზე კოსტამ კარიდან საკმაო მანძილით გამოსულ ჩეხს პრესინგი მოუწყო, მეკარემ შეცდომა დაუშვა და ბურთი სესკ გაბრეგასს ჩააბარა, რითაც ესპანელმა ნახევარმცველმა ისარგებლა და “არსენალის” კარში მესამე გოლი გაიტანა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, ეს კომპენსირებულ დროში ოლივიე ჟირუს მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლავთ — 3:1.
“ჩელსის” აქტივში 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. “არსენალი” 47 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
ინგლისის პრემიერლიგა
24-ე ტური
“ჩელსი” — “არსენალი” 3:1 (1:0)
გოლები: მარკოს ალონსო 13′, აზარი 53′, ფაბრეგასი 85′ — ჟირუ 90+1′.