დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველ სუპერ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. უნაი ემერის “არსენალმა” პირველ მატჩში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მიიღო.

მატჩში უპირატესობას, როგორც მოსალოდნელი იყო, “ქალაქელები” ფლობდნენ. ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ “მეთოფეებმა” მეტად სცადეს შეტევა, თუმცა ამაოდ. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც საბოლოო ჯამში ბერნარდო სილვას გოლში აისახა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.

პირველი ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” მესამე პოზიციას იყოფს “კრისტალ პალასთან”, “უოტფორტდთან” და “ბორნმუთთან”, “არსენალი” კი მეთხუთმეტეა. მომდევნო ტურში “არსენალი” “ჩელსის” ეწვევა, “მანჩესტერ სიტი” კი “ჰადერსფილდს” მიიღებს.


არსენალი : ჩეხი; მაიტლენდ-ნაილსი (ლიხშტაინერი 35′); მუსტაფი, სოკრატისი, ბელერინი; ჯაკა (ტორეირა 70′). გუენდოუზი; იოზილი, რემზი (ლაკაზეტი 54′), მხითარიანი; ობამეიანგი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; უოკერი, სტოუნზი, ლაპორტე, მენდი; სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი; მაჰრეზი (დე ბრუინი 60′), აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 79′), სტერლინგი (ლეროი სანე 87′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


ოფიციალურად: ლუკას პერესმა “არსენალი” დატოვა

ლონდონის “არსენალის” 29 წლის თავდამსხმელმა ლუკას პერესმა “ვესტ ჰემთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას ორივე ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ტრანსფერის ფასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, “ჩაქუჩებმა” “მეთოფეებს” 10 მილიონი ევრო გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პერესი “არსენალში” 2016 წელს გადაბარგდა “დეპორტივოდან”. 2017/18 წლების სეზონი კი მან არენდის წესით “დეპორტივოში” გაატარა.

ტომას ტუჰელის კომენტარი “არსენალთან” განადგურების შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა ლონდონის “არსენალთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში განადგურების შემდეგ (5:1) პრესასთან ისაუბრა.

“არაფერზე არ უნდა ვიწუწუნოთ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ისევე როგორც ჩემთვის, ასევე მოთამასეებისთვის, ძალიან რთული იყო ამ მატჩში სასურველი შედეგის დადება.

ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობდნენ, ზოგი 17 წლის იყო, ზოგიც – 16. ორი დღის შემდეგ მორიგი მატჩი გველის, ახალგაზრდებისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არ არის.

შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ თავისუფალ ზონებს ვტოვებდით, რისთვისაც მეტოქემ დაგვსაჯა,” – აცხადებს დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი თავკაცი.

არსენ ვენგერი: “არსენალში” 22 წლით დარჩენა ყველაზე დიდი შეცდომა იყო”

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავკაცი, არსენ ვენგერი, მიიჩნევს, რომ ლონდონურ კლუბში 22 წლით დარჩენა მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის თავისივე გამოწვევის ტყვე გახდა.

როდესაც ჰკითხეს, თუ რა იყო მისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა, ვენგერმა განაცხადა: “რა თქმა უნდა, “არსენალში” 22 წლით დარჩენა.

მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს მოძრაობა, სიახლეები. ამავდროულად ძალიან მიყვარს გამოწვევებიც, რამდენიმეჯერ ჩემს მიერ წამოწყებული გამოწვევის ტყვეც გავმხდარვარ,” – დაამატა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ვენგერის მთავარ მიღწევად “არსენალში” 2003-04 წლების პრემიერ ლიგის გათამაშების წაუგებლად დასრულება ითვლება.

ოფიციალურად: ბერნდ ლენო ამიერიდან “არსენალის” ღირსებას დაიცავს

ლევერკუზენის “ბაიერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბერნდ ლენო ამიერიდან ლონდონური “არსენალის” მაისურით იასპარეზებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებთან” გერმანელმა მეკარემ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ჯერჯერობით მხარეები კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებენ.

სანდო გერმანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ “არსენალი” 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში გერმანულ კლუბს 22 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

ლენომ “ბაიერში” შვიდი სეზონი ჩაატარა და სწორედ ამ კლუბში გაითქვა სახელი. გასულ სეზონში ლენომ ბუნდესლიგის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლი გაუშვა.