ლამი კარიერას 2018 წელს დაასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი 2018 წელს პროფესიონალური კარიერის დასრულებას აპირებს. იმ დროისთვის გერმანელი მცველი 34 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ ლამმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ერთხელ ვთქვი, რომ არასდროს არ უნდა თქვა “არასდროს” და ეს ისე გაიგეს, თითქოს გადაწყვეტილების შეცვლას ვაპირებდი. ასე არ არის. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ 2018 წელს კარიერას დავასრულებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენისთვის მოვემზადო”, – ლამის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

“ბილდი”: შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა

მიუნხენის “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” გერმანიის ნაკრების წევრის სანაცვლოდ ბავარიელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

“ბილდის” ცნობით, შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით ათ მილიონ ევროს მიიღებს.

ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშებაში ოცი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ოლივერ კანმა გვარდიოლა გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კიპერმა და კაპიტანმა ოლივერ კანმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. გერმანელის თქმით, გუნდის თავკაცმა დაცვაში თამაში ვერ დააწყო.

“ბაიერნში” გატარებული ორი წლის განმავლობაში გვარდიოლამ ვერ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა დაცვაში გადამწყვეტ შეხვედრებში.

ფილიპ ლამი “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში არიენ რობენის პოზიციაზე თამაშობდა. არ ვიცი, რამდენად ნორმალურია ეს. უნდა ვიკითხოთ, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეები არიან მეჰდი ბენატია და რაფინია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისგან ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ დანტეს ნდობის პრობლემა აქვს. ერთადერთი, ვისთანაც არანაირი პრეტენზია არ არსებობს, ჯერომ ბოატენგია”, – კანის კომენტარს Sport1 ციტირებს.

 

ალაბა: “ბარსელონას” ანგარიშით 4:0 დავამარცხებთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა. ავსტრიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მისი გუნდი “ბლაუგრანას” ანგარიშით 4:0 დაამარცხებს და ფინალში გავა.

“4:0 გავიმარჯვებთ.

იმედი მაქვს, გამოვჯანმრთელდები და ბერლინში გასამართ ფინალურ მატჩში ვითამაშებ”, – ციტირებს ალაბას სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი კატალონიური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

“ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

“ბაიერნმა” ჰაინკესს იუბილე მიულოცა

მიუნხენის “ბაიერნმა” კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იუბილე მიულოცა. გერმანელ სპეციალისტს დღეს 70 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი ბავარიულ გუნდს 1987-დან 1991 და 2011-დან 2013 წლამდე თავკაცობდა. ამ ხნის განმავლობაში მან “ბაიერნთან” ერთად სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი (1988/98, 1989/90, 2012/13) და ქვეყნის სუპერთასი (1987, 1990, 2012). 2012/13 წლების სეზონში ჰაინკესმა ბავარიულ გუნდთან ერთად გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Tweet Jupp Heynckes HB

რუმენიგემ “ატლეტიკო” გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მადრიდის “ატლეტიკოს” თამაშს გამოეხმაურა და ესპანურ კლუბს სათამაშო სტილი დაუწუნა.

“მინდოდა, რომ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გვეთამაშა. ფეხბურთი სიხარული და გართობაა, მაგრამ ამ კლუბში ასე არ ფიქრობენ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ სასურველი კლუბი არ გვყავს, თუმცა არც მათ ენდომებათ ჩვენთან მოხვედრა. აქ ევროპის საუკეთესო კლუბებმა მოიყარეს თავი და მიხარია, რომ ჩვენც ნახევარფინალში ვართ”, – რუმენიგეს სიტყვები ესპანურმა “ასმა” გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

 

გვარდიოლას კომენტარი “ბაიერნის” მთავარი ექიმის გუნდიდან წასვლის შესახებ

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდიდან სამედიცინო შტაბის წასვლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც სათავეში 72 წლის ჰანს-ვილჰემ მიულერ-ვოლფარტი ედგა.

“ეს ამბავი არაფერს არ ცვლის. მე “ბაიერნში” დავრჩები და მომდევნო სეზონშიც მე ვუთავკაცებ გუნდს. აქ ყველაფერი მომწონს.

მიულერ-ვოლფარტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ფეხბურთელი ტრავმას იღებს, ეს ექიმის ბრალი არ არის. ტრავმა ტრავმაა. შეიძლება “პორტუსთან” იმ შემთხვევაშიც წაგვეგო (1:3), თუ მოედანზე ტრავმირებული ფეხბურთელები იქნებოდნენ. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი საუკეთესო თერთმეტეულით იმ შეხვედრას მოვიგებდით.

ჩემ გამო დავმარცხდით, მორჩა და გათავდა. მარცხი ჩემი ბრალია და არა კლუბის ხელმძღვანელობის ან სამედიცინო შტაბის. ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი.

ლევერკუზენის “ბაიერთან” გამართულ მატჩში ჩემი მხრიდან სარკასტული აპლოდისმენტის მიზეზი იმედგაცრუება გახლდათ. მიულერ-ვოლფარტი არაფერ შუაშია”, – გვარდიოლას კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

 

სქოულზი: “სიტის” არა კლოპი, არამედ გვარდიოლა ჩაიბარებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს. კატალონიელ სპეციალისტს ბავარიულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. ყოფილი ფეხბურთელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპი, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით იმუშავებს.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ინგლისში კლოპის მუშაობა წარმატებული იქნება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს იგი. “მანჩესტერ სიტის” ხშირად ახსენებენ, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, “ქალაქელებს” პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ესპანელს “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდება.

არა მგონია, რომელიმე ბრიტანელ მწვრთნელს შეეძლოს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების ლიდერთა შორის დაბრუნება. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდება. ჩემს მეგობარ რაიან გიგზზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, მჯეროდეს, რომ ლუი ვან გაალი ერთხელაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მართვის სადავეებს სწორედ გიგზს გადააბარებს, თუმცა შესაძლოა, ეს კლოპი აღმოჩნდეს. მას კარგი ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლია, არ ეშინია იმის, რასაც მასზე წერენ და ამბობენ. “ბორუსიადან” წამყვანი მოთამაშეები წავიდნენ, თუმცა ის ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. ასე რომ, მას პრემიერლიგაში მუშაობაც შეუძლია”, – სქოულზის სიტყვები The Independent-მა გამოაქვეყნა.

 

“ბაიერნს” 115 წელი შეუსრულდა (ფოტო)

დღეს გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის “ბაიერნი” 115 წლის გახდა. ბავარიული კლუბი 1900 წლის 27 თებერვალს დაარსდა და 1965 წლიდან ბუნდესლიგის მუდმივი ბინადარია.

“ბაიერნს” 24-ჯერ აქვს გერმანიის ჩემპიონატი მოგებულია, 17-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, სამჯერ დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონთა თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი, ერთხელ გახდა უეფას თასის გამარჯვებული, ასევე ერთხელ მოიგო საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

“ბაიერნს” ამ დროისთვის გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველი ადგილი უკავია.

Bayern 115

რუმენიგე კომპენსაციას ითხოვს

ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში გადატანის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი-2022 ყატარში გაიმართება, სადაც ივნის-ივლისში საკმაოდ ძლიერი სიცხეა. დღე-დღეზე უნდა დამტკიცდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, რაც რიგი ევროპული ფედერაციების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ თავიანთი ჩემპიონატების განრიგის შეცვლა მოუწევთ.

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კალენდარი უნდა შეიცვალოს და მუნდიალის განრიგს მოერგოს. ევროპული კლუბები და ლიგები ამ ცვლილების შედეგად დაზარალდებიან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიყოს კომპენსაცია, რომელიც მუნდიალის განრიგის შეცვლის შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს”, – რუმენიგეს სიტყვებს ITV ციტირებს.

 

ნოიერი: “ეს მარცხი კატასტროფა არ არის”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ვოლფსბურგთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. გერმანელი მეკარის თქმით, ბუნდესლიგაში განცდილი პირველი მარცხი კატასტროფა არ არის.

“ცხადია, რომ მეორე წრე კარგად ვერ დავიწყეთ. სრულიად განსხვავებულად წარმოვჩინდით. ეს კატასტროფა არ არის, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. შუა კვირის მატჩი სწორედაც რომ დროულია. ცუდი იქნებოდა, მომდევნო შეხვედრის ჩატარება რვა დღის შემდეგ რომ გვიწევდეს. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ”, – ნოიერის სიტყვები “ბიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩს შინ, “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დამდეგ სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

რობენი: “ედეგორის შესახებ ზედმეტად ბევრს საუბრობენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი თვლის, რომ პრესა “სტრემსგოდსეტის” შემტევ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს ზედმეტ ყურადღებას უთმობს, რითაც ახალგაზრდა ნორვეგიელ ფეხბურთელს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. ედეგორს ამა წლის 17 დეკემბერს მხოლოდ 16 წელი უსრულდება. ის უკვე თამაშობს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. გარდა ამისა, ედეგორი 15 წლისა და 300 დღის ასაკში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია.

Robben

მარტინ ედეგორით უკვე დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში, იანვრიდან კი ამსტერდამის “აიაქსში” ივარჯიშებს.

“ედეგორი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 15 წლის გახლავთ. მის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ, თუმცა მისთვის უმჯობესი იქნება, მშვიდ გარემოში ფეხბურთით ტკბობის საშუალება მიეცეს. ამ ყურადღებით ედეგორი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა”, – რობენის სიტყვები sport1.de-ზე გამოქვეყნდა.