რონალდომ კლოზეს მიულოცა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი მე-15 გოლი მიულოცა. ახლა ეს ფეხბურთელები მუნდიალის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 15-15 გატანილი გოლით იყოფენ.

„წარმომიდგენია, რაოდენ ბედნიერი ხარ, კლოზე. შესანიშნავი ჩემპიონატია“, – აღნიშნა რონალდომ.

კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

ჟულიო სეზარი: „ნეიმარი ბალოტელის სჯობს“

ბრაზილიის ნაკრების კიპერმა ჟულიო სეზარმა ერთმანეთს ნეიმარი და მარიო ბალოტელი შეადარა. „სელესაოს“ კარის დარაჯმა უპირატესობა ბრაზილიელ ფეხბურთელს მიანიჭა.

„მარიოსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა „ინტერში“ მქონდა. მაშინ ის სულ პატარა ბიჭი იყო, 17 ან 18 წლისა. „მანჩესტერ სიტიში“ თამაშმა და შემდეგ იტალიაში დაბრუნებამ მას გამოცდილება შესძინა, მომწიფდა, დაღვინდა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ჩემი აზრით, ნეიმარი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შედის. მის პროგრესს თვალს ვადევნებ, ერთ გუნდში ვთამაშობთ, ურთიერთობა გვაქვს. ეს ბიჭი მსოფლიო ფეხბურთს ბევრ რამეს შესძენს.

მარიოსა და ნეიმარს შორის არჩევანის გაკეთებას თუ მთხოვთ, მე ამ უკანასკნელს ავარჩევ. ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია, უფრო სრულყოფილი და მომწიფებულია“, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა.

 

რობერტო კარლოსმა სკოლარის გუნდი დაუწუნა

„სელესაოს“ ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ალბათ, იმ ფეხბურთელებზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომლებსაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში არ უხმო, თუმცა მე გუნდში კაკას, რონალდინიოს და რობინიოს გამოვიძახებდი. სკოლარის საკუთარი სტილი და შეხედულება აქვს.

აშკარაა, რომ ბრაზილიის ნაკრები ნახევარდაცვაში უკეთ უნდა თამაშობდეს. გუნდს აკლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ნაკრების გაძღოლა, ბურთის ფლობა და უკან ჩამოსვლა შეუძლიათ. ისიც სათქმელია, რომ თითოეულ გუნდს რაღაც აკლია“, – განაცხადა რობერტო კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, მესამე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც 3 ქულა აქვს, ბოლო პოზიცია კი უქულოდ დარჩენილ კამერუნს უკავია.

თითოეული ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის გასაცნობად გადადით გვერდზე: ცხრილი

 

ოჩოა: „ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:0) საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელთა კიპერი გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი თამაშის ჩატარება, თან როცა შენს წინააღმდეგ ტურნირის მასპინძლები გამოდიან და კარს მშრალად ინახავ, ადვილი არაა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე წარიმართა. გახარებული ვარ. მატჩის მიმდინარეობისას არ მოვდუნებულვარ, ვაგრძელებდი ბურთის მოგერიებას. ახლა უბრალოდ მინდა, რომ დავტკბე თანაგუნდელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებმაც იგივე განიცადეს, რაც მე“, – აღნიშნა გილერმო ოჩოამ.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

მექსიკის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სკოლარი: „კარგი თამაში ვიხილე, თუმცა ფრით კმაყოფილი არ ვარ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა, თუმცა ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.

„საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვიხილე. რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. უკანასკნელი თორმეტი მატჩია, შეუცვლელი სისტემით ვთამაშობთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს. საყაიმო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავხდებოდით“, – განაცხადა სკოლარიმ.

A ჯგუფს სათავეში ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები 4-4 ქულით უდგანან, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები უქულოდ არიან.

 

ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

ნეიმარი: „ყველაფერი გაცილებით უკეთ განვითარდა, ვიდრე წარმოვიდგენდი“

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (3:1) შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდი. იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში დუბლის შესრულება მართლაც ენით აღუწერელი სიხარულია.

რაც შეეხება პენალტს, თავი ზედმეტი ფიქრებისგან არ უნდა გადავიტვირთოთ. ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს მინდოდა, რომ ბურთი მარცხენა კუთხეში გამეგზავნა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ მოხდა. გამიმართლა, რომ მეკარემ ხელები არ გაამაგრა და ბურთი კარში შევიდა“, – ნეიმარის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

ნიკო კოვაჩი: „ხორვატიის ნაკრებს პატივი არ სცეს“

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ, ბალკანელთა დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმა იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა ღიად გააკრიტიკა.

„თუ ეს პენალტი იყო, ფეხბურთის თამაშს ახლავე უნდა დავანებოთ თავი. მოდით, ფეხბურთის ნაცვლად კალათბურთი ვითამაშოთ. სამარცხვინოა. პატივისცემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ხორვატიის მიმართ ეს არ იგრძნობოდა. მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ასე იწყება, ასეთივე წარმატებით მივატოვებთ ყველაფერს და სახლში დავბრუნდებით.

ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი“, – განაცხადა კოვაჩმა მატჩის შემდეგ.

 

კაკას მიერ გადაღებული ნეიმარის პენალტი

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (3:1) ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო რიკარდო კაკაც, რომელიც რამდენჯერმე მოხვდა ტელეობიექტივში. კაკა ტელეეკრანებზე მაშინაც გვაჩვენეს, როცა ნეიმარი პენალტს არტყამდა. „მილანის“ ნახევარმცველმა ეს ეპიზოდი საკუთარი აპარატით გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დელ პიერო: „პენალტი არ ყოფილა“

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ალესანდრო დელ პიერომ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში დანიშნული თერთემეტრიანის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თვლის, რომ იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა პენალტის დანიშვნისას შეცდა.

„ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. კი ბატონო, მცველი ფრედს შეეხო, თუმცა ეს პენალტის დასანიშნად არ კმარა. შესაძლოა, მსაჯმა იმიტომ ჩასტვინა, რომ ხორვატი მცველი ბურთზე ვერ თამაშობდა“, – განაცხადა დელ პიერომ „სქაი სპორტსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პენალტი ნეიმარმა გამოიყენა და „სელესაო“ დააწინაურა. საბოლოო ჯამში კი, ბრაზილიელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

 

ბრაზილია — ხორვატია (მატჩის გმირი)

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში „ბარსელონას“ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. ნეიმარმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მეორე ნახევარში კი თერთმეტმერიანი დარტყმა გამოიყენა და „სელესაო“ დააწინაურა.

ნეიმარმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო, გააკეთა 49 გადაცემა და კარში ოთხჯერ დაარტყა.

 

ლინეკერი: „მატჩის გმირის წოდებისთვის ნეიმარსა და ნისიმურას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მატჩის მოთამაშის წოდებისთვის ნეიმარსა და არბიტრ ნისიმურას შორის მჭიდრო ბრძოლა გაიმართა. ტურნირის მასპინძელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მსაჯის მიერ გამოტანილი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით ისარგებლოს. ბრაზილიამ ეს საშუალება ნაადრევად გამოიყენა.

საოცარი თამაში გამოვიდა. გოლები, საკამათო ეპიზოდები და ნეიმარის მიერ დადგმული შესანიშნავი შოუ. მსოფლიოს ჩემპიონატი ხმაურიანად დაიწყო!“ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.