სკოლარი: „ეს არ ნიშნავს სამყაროს აღსასრულს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „სელესოას“ შანსები შეაფასა.

„როდესაც დახურულ ვარჯიშს ვატარებ, მაკრიტიკებთ. როდესაც ღია ვარჯიშს ვატარებ, მაინც მაკრიტიკებთ. ჩვენც არ მოგვწონს ნაჩვენები შედეგი, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ოთხეულში შევდივართ და ეს არ ნიშნავს სამყაროს აღსასრულს.

ვთვლი თუ არა, რომ ანგარიშით 1:7 მარცხის შემდეგ იმიჯი გავიფუჭე? შედეგი კატასტროფული იყო, თუმცა ანგარიშის გარდა არაფრის მრცხვენია. საკმაოდ პროდუქტიული სამუშაო გავწიეთ“, – განაცხადა სკოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებისთვის ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

ვან გაალი: „პენალტების სერიაში წაგებას ისევ 1:7 მარცხი სჯობდა“

ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ბრაზილიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე აცხადებს, რომ მისი გუნდი საშინელ მორალურ მდგომარეობაშია.

„იმედგაცრუებულნი ვართ. ჩვენი ოცნება დაიმსხვრა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. მიზანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. აი, ამიტომ ვართ ასე ცუდად. მართლაც საშინელებაა ასე დამარცხება. ამას ისევ 1:7 წაგება სჯობდა, რადგან ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ მარცხს იმსახურებდი. თუმცა, ჩვენ არ დავმარცხებულვართ, პენალტების სერიაში წავაგეთ, რაც ორმაგად სამწუხაროა. ვწუხვართ, რომ ფინალში ვერ გავაღწიეთ“, – ვან გაალის სიტყვები „მარკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ბრინჯაოს მედლებისთვის ბრაზილიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

რომელი გუნდი დაამარცხა გერმანიამ?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ ვინ დაამარცხა გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის ნახევარფინალში.

მსოფლიოს ჩემპიონატი და სუპერმოდელები ქომაგის ამპლუაში

Victoria’s Secret-ის მოდელები ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობდნენ, თუმცა „სელესაო“ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და თასის მოგების შანსი დაკარგა.

მოდელებმა შეხვედრას თვალყური ნიუ იორკის ერთ-ერთ ბარში მიადევნეს. ლიმას 2-ნომრიანი მაისური ემოსა, ზედ წარწერით „Lims“. ამბროსიოს კი – 10-ნომრიანი ფორმა, წარწერით „Alé“

„ყველაფრის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრები მაინც საუკეთესოა“, – დაწერა მატჩის შემდეგ ამბროსიომ.

სამარცხვინო მარცხის მიუხედავად, ბრაზილიელი მოდელები იხტიბარს არ იტეხდნენ და მატჩის შემდეგაც იღიმოდნენ. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრების სხვა ქომაგებსაც გაესაუბრნენ.

სამაგიეროდ, კარგ ხასიათზე იყო გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა ტურნირის მასპინძლები ასე იოლად გატეხა.

„თქვენ ეს გჯერათ? მე არა. 1…2…3…..4….5….6…..7…“, – წააწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს კლუმმა, რომელიც შინ მყოფი ადევნებდა მატჩს თვალყურს.

 

განის ნაკრების 200 გულშემატკივარი ბრაზილიაში თავშესაფარს ითხოვს

ბრაზილიის სამხრეთში, ერთ-ერთ ქალაქში განის ნაკრების დაახლოებით 200 გულშემატკივარი თავშესაფარს ითხოვს. აგილობრივი პრესის ცნობით, თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს.

ქალაქ კაშიასის პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ისინი დაახლოებით 1000 განელ გულშემატკივარს ელიან, რომლებიც ბრაზილიაში თავშესაფარს მოითხოვენ.

განელები ბრაზილიაში საყვარელი ნაკრების საქომაგოდ ჩავიდნენ და როგორც ჩანს, მათ მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში სურთ დარჩენა.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე მივიდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს. “სელესაოს” ფეხბურთელები ვარჯიშს განაგრძობენ. მოულოდნელად, გუნდის ვარჯიშზე ნეიმარი გამოჩნდა.

1 2 3 5 article-2687957-1F8D600A00000578-691_306x423

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ერთგული ქომაგის ისტორია

აუცილებლად გემახსოვრებათ ეს ულვაშიანი ბაბუ, მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლით ხელში. ფიზიკური მსგავსების გამო, ფეხბურთის ქართველმა ფანებმა მას აინშტაინი შეარქვეს, ბრაზილიაში კი „სელესაოს“ ლეგენდარულ ქომაგად იცნობენ.

ეს ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი კადრია.

როდესაც ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა (ამ სტაჟიანი ქომაგის სახელი და გვარი) მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: „ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე“.

ბრაზილიის ნაკრებში კარგად იციან ამ ერთგული ქომაგის შესახებ. კლოვის ფერნანდესს ხშირად „მეთორმეტე მოთამაშედაც“ მოიხსენიებენ. ის 60-ზე მეტ ქვეყანაში „სელესაოს“ მონაწილეობით გამართულ დაახლოებით 150 მატჩს არის დასწრებული.

კლოვის ფერნანდესი იტალიაში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

აშშ-ში, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

გერმანიაში, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ალბათ, ოთხი წლის შემდეგ რუსეთში გასამართ მუნდიალსაც დაესწრება.

ჟუნინიო: „სკოლარი ჰოლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე უნდა წავიდეს“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო თვლის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის (1:7) შემდეგ, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ჟუნინიოს აზრით, ბრინჯაოს მედლებისთვის ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი და 1:7 წამეგო, ჰოლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე გადავდგებოდი. თავმოყვარე ადამიანი ნამდვილად დატოვებდა ნაკრებს მთლიან შტაბთან ერთად. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს თუ წააგებს გუნდი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას. ასეთი „სელესაო“ არასდროს მინახავს. გერმანიის ნაკრებთან მარცხმა აჩვენა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეთა დონეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჟუნინიომ.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მესამე ადგილისთვის მატჩი 13 ივლიის, თბლისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ბრაზილიის ნაკრების 15 წლის გულშემატკივარმა თავი მოიკლა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 15 წლის ნეპალელმა გულშემატკივარმა პრაგია ტაპამ გერმანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ თავი მოიკლა.

“მას ძალიან უნდოდა, რომ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ფინალში გასულიყო, მაგრამ გერმანელებმა ბრაზილიელების დამარცხება მოახერხეს. ამის შემდეგ, რამდენიმე მეგობარმა გოგონას დაცინვა დაუწყო. სამწუხაროდ, მან თავი ჩამოიხრჩო”, – ამბობს პოლიციის ოფიცერი.

პრაგია ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 400 კილომეტრის მოშორებით, დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.

გოგონა თავის ოთახში დედამისმა იპოვა.

გაბრაზებულმა ბრაზილიელმა გულშემატკივარმა ტელევიზორის დამტვრევა სცადა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს ბრაზილიელი გულშემატკივარი გერმანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ტელევიზორის დამტვრევას.

სკოლარი: “წავალ თუ არა? ყველაფერი მუნდიალის შემდეგ გადაწყდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მისი მომავალ მუნდიალის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ “სელესაომ” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულა. სკოლარი შეგირდები ტურნირის ნახევარფინალში გერმანელებთან ანგარიშით 1:7 დამარცხდნენ.

“მუნდიალის დასრულების შემდეგ, შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერზე ვისაუბრებთ. ცხადია, მაშინ გადაწყდება, დავრჩები თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე”, – ამბობს სკოლარი.

როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთს ფეხი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ააცილა დავიდ ლუისმა ბურთ ფეხი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.