კარიკატურა: კაკამ კარიერა დაასრულა

17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.

ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.

 

რონალდინიო პოლიტიკაში მიდის

ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიო პოლიტიკურ კარიერას იწყებს. O Globo-ს ცნობით, ლეგენდარული ფეხბურთელი პატრიოტთა პარტიის წევრი გახდა და სენატში მოხვედრის სურვილს გამოთქვამს.

გაუჩო პრეზიდენტობის კანდიდატ ჟაირ ბოლსონაროს უკვე შეხვდა და მის მიერ გამოცემულ წიგნთან კი ფოტოც გადაიღო.

ბრაზილიაში სენატის არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავდამსხმელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა

დასრულდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის (სერია ა) 2017 წლის გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც 38 ტურში მოპოვებული 72 ქულის წყალობით “კორინთიანსი” გახდა. მეორე-მესამე პოზიციები კი შესაბამისად “პალმეირასმა” და “სანტოსმა” დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ჩემპიონთა რიგებში მოთამაშე ჟომ მოიპოვა, რომელიც ამავდროულად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 18 გატანილი გოლით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 30 წლის ჟო ერთ დროს “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც ირიცხებოდა. ბრაზილიელ შემტევს ჩინურ სუპერ ლიგაში, რუსეთის პრემიერ ლიგასა და საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები.

ნეიმარი: “ჩემპიონთა ლიგის მოგება “პსჟ”-სთან ერთად მსურს”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალი” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ნეიმარის დამატებით ინტერესდებოდა. სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, რომ პერესი ნეიმარის სანაცვლოდ მზად იყო კროოსსა და ბეილს შელეოდა, მაგრამ როგორც ჩანს “პსჟ”-ს შემტევს კლუბის დატოვება არ სურს.

ამ თემასთან დაკავშირებით ნეიმარმა Man About Town-თან ისაუბრა: “ჩემპიონთა ლიგის მოგება “პსჟ”-სთან ერათად მსურს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის. ამჟამად ჩემი ოცნება სწორედ ამ ორ ტურნირს უკავშირდება. რაც შეეხება პარიზს, ის ძალიან ლამაზი ქალაქია სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ნეიმარ ჟუნიორმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენს” 2017 წლის ზაფხულს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან 13 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

გაბრიელ ჟესუსი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ მაქვს”

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. “მანჩესტერ სიტის” შემტევმა პრემიერ ლიგის 10 თამაშში შვიდი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მას მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრა დაპირისპირებაში ასევე შვიდჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 20 წლის ფორვარდი მიიჩნევს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ აქვს.

“ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. შესაძლოა, დღეს ერთმა ითამაშოს, ხვალ კი სხვამ დაიკავოს მისი პოზიცია. ეროვნულ გუნდში იმიტომ უნდა ითამაშო, რომ შენ ეს დაიმსახურე დიდი შრომისა და მონდომების ფასად. აუცილებელია, კარგად გამოიყურებოდე, როგორც კლუბში, ასევე სანაკრებო დონეზე. მუდმივი შრომა, ბრძოლა და სტაბილურობა ადგილის მოპოვების გარანტია.”

“ვცდილობ, განვვითარდე და მწვრთნელს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვაჩვენო. იმედი მაქვს, ჩემი ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შემეძლება,” – აცხადებს ჟესუსი.

ნეიმარი: “ფრანგულმა პრესამ ყველაფერი მოიგონა – ემერისთან და კავანისთან პრობლემები არ მაქვს”

ბოლო ხანებში ფრანგულ სპორტულ პრესაში განსაკუთერბით აქტუალურია ნეიმარისა და ედინსონ კავანის, ასევე ბრაზილიელისა და უნაი ემერის ურთიერთობები. როგორც ფრანგები წერდნენ, 25 წლის შემტევს როგორც თანაგუნდელთან, ასევე მწვრთნელთან უთანხმოება ჰქონდა.

ნეიმარმა დღეს აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“ფრანგები ბევრ რამეს იგონებენ. ჟურნალისტები ხშირად წერენ ჩემზე, თუმცა ახალ ამბავთა უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. არ მაქვს პრობლემა არც ჩემს მწვრთნელთან და არც კავანისთან. ვცხოვრობ მშვენიერ ქალაქში, თავს კარგად ვგრძნობ და ვარ მოტივირებული, რომ “პსჟ”-სთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.”

“როცა აქ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ემერისთან მქონდა შეხვედრა. უნაიმ მითხრა, რომ გვერდში ყველანაირად დამიდგებოდა და სირთულეების დაძლევაში დამეხმარებოდა. ვიცი, გუნდში რა მნიშვნელობა მაქვს და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს. არ მინდა, ხალხმა ეს ჭორები და არასწორი ინფორმაცია დაიჯეროს,” – აცხადებს ნეიმარი.

პაულინიო: “ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი პაულინიო გახდა, რომელმაც დენის სუარესის პასით გაიტანა.

სამხრეთამერიკელმა საყრდენმა ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” ასე მიმიღეს. ასეთი დონის ფეხბურთელებთან თამაში სასიამოვნოა. ასევე, ისინი ადაპტაციაში მეხმარებიან.”

“მახარებს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც გულშემატკივრებს ჩემს მიმართ აქვთ. თუმცა, მათი იმედების გამართლებას ყოველთვის უნდა შევეცადო მოედანზე. მინდა, თანაგუნდელებს დავეხმარო, რომ დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მესი? იღბლიანი ხარ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით გიწევს თამაში,” –  აცხადებს პაულინიო.

ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

“სტადიო გეორგიოს კარაისკაკიზე” საბერძნეთის ნაკრებმა ბელგიის ეროვნული გუნდი მიიღო. 70-ე წუთზე ვერტონგენის მიერ გატანილ გოლს, სამ წუთში ზეკამ უპასუხა. თუმცა, 74-ეზე ლუკაკუმ გამარჯვების ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა. წითელ ეშმაკებს 22 ქულა დაუგროვდათ, რვა ქულით გაასწრეს ბოსნია-ჰერცოგოვინას და შესაბამისად, რუსეთში მომავალ ზაფხულში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდეს.

აქვე გეტყვით, რომ ბელგიასთან ერთად, მუნდიალზე გასვლა უკვე მოახერხეს: ირანმა, იაპონიამ, ბრაზილიამ, მექსიკამ. ხოლო, რუსეთი მასპინძლის სტატუსის მქონეა და იგი, როგორც იცით, პირდაპირ მოხვდა აღნიშნულ ტურნირზე.

პელე: “დიბალასა და მარადონას მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო”

ფეხბურთის ბრაზილიელმა “მეფემ” პელემ პრესასთან პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” რიგებში ირიცხება და რომელსაც საკამაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

“დიბალა? ის არც იმდენად ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია, როგორადაც ხალხი აფასებს,” – აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა Tuttosport-თან საუბრისას.

“ხალხი მას მარადონასთან აიგივებს, მაგრამ ამ ორს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი საერთო აქვს – ის, რომ ორივე მათგანი მარცხენათი ურტყამს,” – დაამატა მან.

კარიკატურა: არგენტინის ნაკრების სიტუაცია საშინელ კოშმარს ჰგავს (ფოტო)

გუშინ FIFA-მ არგენტინის ნაკრების კაპიტანსა და უდავო ლიდერს, ლიონელ მესის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. მიზეზი ისაა, რომ ლეომ ჩილესთან მატჩში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას მოჰყვა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან წაგებული (0:2) შეხვედრა. განგებამ ესეც არ იკმარა… გუშინ არგენტინის ნაკრების მოსისხლე მტერმა, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა პარაგვაი დაამარცხა და მუნდიალზე ასპარეზობა გაინაღდა.

არგენტინელთა მდგომარეობის გამოსახატად, ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: “ნეიმარი” თუ “რეიმარი”? (ფოტო)

ბრაზილიის ნაკრებისა და “მილანის” ლეგენდამ, კაკამ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ყველა წარმატებული ფეხბურთელის სახელი “რ” ასოზე იწყება. მაგალითად, რონალდო, რივალდო, რონალდინიო და ასე შემდეგ.

ომარ მომანის აზრით, ნეიმარს შეუძლია, როგორც სახელი, ასევე გარეგნობა შეიცვალოს. აი, კარიკატურაც…

პელე: “ნეიმარი რონალდუზე ტექნიკურია”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთმანეთს “ბარსელონასა” და “რეალის” შემტევები, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე უფრო ტექნიკურ მოთამაშედ მიაჩნია.

“ერთადერთი პრობლემა, რაც ნეიმარს აქვს, ეს თავით თამაშია. ის ამ ასპექტში მოიკოჭელბს. რონალდუ მასზე უკეთესი ნამდვილად არაა.”

“ტექნიკურად, ბურთთან მოპყრობის კუთხით, ბრაზილიელი უფრო კარგია. თუმცა, კრიშტიანუ თავით თამაშში შეუდარებელია. ვერ ნახავ, როგორ იტანს ნეიმარი თავით გოლს. რონალდუს მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები კი საოცარია,” – აცხადებს პელე.