თუ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, როჯერსს სატრანსფეროდ 60 მლნ ფუნტს გამოუყოფენ

„დეილი მეილის“ ცნობით, თუ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მერსისაიდული გუნდის ამერიკელი მფლობელი ჯონ ჰენრი „წითლებს“ სატრანსფეროდ 60 მილიონ ფუნტ სტერლნგს გამოუყოფს.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ბრენდან როჯერსის მუშაობით კმაყოფილია და მზად არის, სეზონის ბოლოს მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. „ენფილდროუდელთა“ თავკაცის გეგმებში ყველა სათამაშო ხაზში ერთი ფეხბურთელის შეძენა შედის, გარდა ნახევარდაცვისა, სადაც როჯერსს სამი ახალი მოთამაშე სჭირდება.

„ლივერპულში“ გადასვლის შესაძლო კანდიდატებად მოიაზრებიან: ევგენი კონოპლიანკა, სტივენ კოლკერი, ნიკოლას გაიტანი და რიკარდო როდრიგესი.

ბექა დოგრაშვილი

როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოთხე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები“.

ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდიდან“ „ლივერპულში“ 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, ბევრს ვერც წარმოედგინა, რომ ჰენდერსონი მერსისაიდულ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის სამი წელიწადი გავიდა და ჯორდანი „წითლების“ ერთ-ერთ უცვლელ ფეხბურთელად გვევლინება. ბევრმა არ იცის, რომ ჰენდერსონის კარიერა შეიძლება სულ სხვაგვარად წარმართულიყო და ის „ენფილდის“ ნაცვლად, „ოლდ ტრაფორდზე“ აღმოჩენილიყო.

გასული წლის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგუსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელიც მალევე იქცა საფეხბურთო სამყაროში ბესტსელერად. სერ ალექსი წიგნში იხსენებს, რომ „სანდერლენდის“ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა ჰენდერსონს ფერგიუსონთან რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა დამრიგებელმა შემოთავაზებული წინადადება უარით გაისტუმრა. ფერგიუსონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა, ჰენდერსონს ისეთ მიხრა-მოხრა აქვს, რომ შეიძლება მომავალში ტრავმული პრობლემები ჰქონდესო.

ჰენდერსონმა იხტიბარი არ გაიტეხა, პირიქით კი შეიძლება ითქვა, სერ ალექსის ეს სიტყვები შექებად მიიღო: „სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტი იყო. თუ წიგნის ამ მონაკვეთს კარგად წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ სტივ ბრიუსმა ჩემზე ძალიან დადებითად ისაუბრა, თუმცა სერ ალექსმა ჩემი სირბილის სტილის გამო უარი განაცხადა. მისი ასეთი დაინტერესება გამოვიწვიე, ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებ და ვფიქრობ, ასეც უნდა გავაგრძელო.

„ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ფოკუსირება ჩემს თავზე უნდა მოვახდინო, რომ ფიზიკური სიმხნევე შევინარჩუნო. თუმცა,  ვიმეორებ, რომ ფერგიუსონმა იცის, რასაც ამობობს“.

კონკრეტულად გავარკვიოთ, თუ რა დაწერა ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰენდერსონის სირბილის მანერასთან დაკავშირებით:
„ჯორდან ჰენდერსონს აქტიურად ვაკვირდებოდით, სტივ ბრიუსიც ძალიან აქებდა მას, მაგრამ მაინც უარი ვთქვით, რადგან შევნიშნეთ, რომ ის მუხლებითა და სწორი ზურგით დარბის, როცა თანამედროვე ფეხბურთელები სირბილის დროს ბარძაყებს იყენებენ.  ვიფიქრეთ, რომ სირბილის ასეთ მანერას შესაძლოა, მომავალში პრობლემები გამოეწვია“.

საინტერესოა, რა იგულისხმა გამოცდილმა სერ ალექსმა ამ სიტყვებში და რამდენად მართალია ის. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ინგლისის ქალაქ ბათის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი აკი სალო შეეცდება:

„აზრზე არ ვარ, სერ ალექს ფერგიუსონი რაზე ლაპარაკობს. კი ბატონო, თუ ადამიანი არასწორად დარბის, ამან შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს, მაგრამ როგორც ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული კაცი,  გეტყვით, რომ ფერგიუსონის მიერ აღწერილი ჰენდერსონის სირბილის მანერა ასეთი აღსანიშნავია ნამდვილად არ არის“.

ჰენდერსონთან ერთად 2011 წელს „ლივერპულში“ ენდი კეროლი, სტიუარტ დაუნინგი და ჩარლი ადამი მოვიდნენ, რომელთა სანაცვლოდაც „ენფილდროუდელთა“ მეპატრონეებმა საკმაოდ მსუყე თანხა გაისროლეს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ჯორდანი შემორჩა „ენფილდს“.
ჰენდერსონის პროგრესი აშკარაა, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. თუ 2011 წლის სექტემბერში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (0:4) ინგლისელი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ 46-ჯერ ჩაერთო თამაშში, 2013 წლის დეკემბერში იმავე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შემდგარ შეხვედრაში (5:0) მან ეს მაჩვენებელი 78-ზე აიყვანა, პლუს გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა. სათქმელია,  რომ აღნიშნულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო სტივენ ჯერარდმა, თუმცა მისი ფუნქციები მშვენივრად იკისრა ჰენდერსონმა.

როცა ჯერარდს ადარებენ, ჰენდერსონს ეცინება და ამბობს: „არა მგონია, რომ ოდესმე მეორე სტივენ ჯერარდი გავხდე“.

„ლივერპულმა“ ჰენდერსონის სანაცვლოდ თავის დროზე 16 მილიონი ფუნტი გაიღო. მაშინ ეს გადაჭარბებულ თანხად მიაჩნდათ, თუმცა დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ ყოფილა წყალში გადაყრილი ფული.

„ახალ გუნდთან შეგუებას ყოველთვის სჭირდება დრო. აქ მოვედი იმ კლუბიდან, რომლის რიგებშიც შვიდი წლის ასაკიდან ვირიცხებოდი. ახალ გუნდში მოსულს შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა გიწევს. ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამ სირთულეების გაძლება შემეძლო, ხანდახან კი – ვერა. „ლივერპულთან“ ერთად გატარებულ პირველ სეზონში ვერ ვაჩვენე ის შესაძლებლობები, რასაც საკუთარი თავისგან მოველოდი. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს და ასე იყო მაშინაც. როდესაც ხალხი გაკრიტიკებს და გეუბნება, რომ შენ „ლივერპულში“ თამაშის ღირსი არ ხარ, ეს მოტივაციას გძენს, გიჩნდება ჟინი, რომ მათი სიტყვები გააქარწყლო. ეს ყველაფერი ისევ შენთვისაა სასიკეთო, ფსიქოლოგიურადაც უფრო ძლიერდები“, – ამბობს 23 წლის ნახევარმცველი.

„ლივერპულის“ თავკაცის პოსტზე ბრენდან როჯერსი დაახლოებით 20 თვის წინათ დაინიშნა. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ჰენდერსონს კეროლის, დაუნინგისა და ადამის ბედი ეწეოდა და ისიც აბარგდებოდა „ენფილდიდან“. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონური „ფულემიც“ იჩენდა. როჯერსმა ჰენდერსონს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა, ჯორდანმა დარჩენა გადაწყვიტა. ამან ახალ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთბა განამტკიცა.

„მწვრთნელთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მან ზუსტად მითხრა, განვითარებისთვის თუ რა თვისებები უნდა გამომემუშავებინა. გარანტიას ვერ მომცემდა, რომ ყოველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ მგონია, რომ მასაც სურდა გუნდში ჩემი დარჩენა. გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, საკუთარ თავს რწმენა გამოვუცხადე. ბრენდანი ძალიან დამეხმარა. ახლა უკან ვიყურები და ვხვდები, რაოდენ დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლე: გავიგე, როდის უნდა დავიცვა გუნდი, როდის შევუტიო, როდის მივმართო პრესინგს. მანამდე ყველგან სირბილი მინდოდა, მაგრამ ახლა მატჩის დროს უფრო მეტს ვფიქრობ“, – დაამატა ჰენდერსონმა.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთის ასოციაციამ როჯერსის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, მსაჯთა ბრიგადის საჯაროდ გაკრიტიკების გამო დასჯის.

ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მატჩისშემდგომ ინტერვიუში ბრენდან როჯერსმა ლი მეისონისა და მისი სამსაჯო ბრიგადის პატიოსნება ეჭვქვეშ დააყენა. „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვები ფარულ შინაარს ატარებდა, რათა ჩატარებული მატჩის სამართლიანობა ეჭქვეშ დამდგარიყო და მსაჯისთვის სახელი გაეტეხა“.

ბრენდან როჯერსს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა 8 იანვრის საღამომდე აქვს.

ბექა დოგრაშვილი

პელეგრინი: „მნიშვნელოვანია წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულება“

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურის ცენტრალური მატჩი „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპული“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ დროისთვის „ქალაქელები“ გათამაშების სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „არსენალს“. მერსისაიდული გუნდის დამარცხების შემდეგ „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ თავისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მთავარია, რომ ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და გამარჯვებით დავასრულეთ მატჩი, რომელსაც ანგარიშით 0:1 ვაგებდით. სანამ „ლივერპული“ ანგარიშს გახსნიდა, ჩვენ გოლის გატანის სამი შანსი გვქონდა, თუმცა პირველებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა გაიტანეს. ამის შემდეგ რთული იყო შეტევების გაგრძელება, რადგან „ლივერპულის“ კონტრშეტევები ჩვენთვის დიდ ხიფათს წარმოადგენდა, თანაც მერსისაიდელებს ეს კარგად გამოსდით. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის სატურნირო ცხრილის სათავეში დასრულება“, – პელეგრინის სიტყვები BT Sport-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ბრენდან როჯერსი: „ვამაყობ ჩემი გუნდით“

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურის ცენტრალური მატჩი „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტის“ „ლივერპული“ ეწვია. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, 31-ე წუთზე ვენსან კომპანიმ გაათანაბრა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ალვარო ნეგრედომ „ქალაქელები“ დააწინაურა და მატჩის საბოლოო წერტილიც დააფიქსირა – 2:1.

მარცხის მიუხედავად, მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თავისი ფეხბურთელები შეაქო.

„ჩემი გუნდით ვამაყობ. მეტად ქარიზმატული ფეხბურთი ვაჩვენეთ. „ლივერპულმა“ მშვენიერი გოლი გაიტანა და კიდევ სამჯერ შეეძლო ამის გაკეთება. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რაც დადებით განწყობას გვიქმნის“, – აღნიშნა მერსისაიდელთა დამრიგებელმა.

სხვათა შორის, ბრიტანულ პრესაში ხმა დაირხა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა როჯერსს ახალ კონტრაქტს უმზადებსო. მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2012 წლის ზაფხულში გაფორმდა, თვრამეტ თვეში იწურება. თავად როჯერსმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ენფილდზე“ დარჩენის სურვილი აქვს.

ბექა დოგრაშვილი

როჯერსი: „მხოლოდ სუარესის იმედზე ვერ ვიქნებით“

ზაფხულს „ლივერპულის“ შემადგენლობაში გადასულმა იაგო ასპასმა და ლუის ალბერტომ ახალ კლუბში თავი ჯერჯერობით ვერაფრით გამოიჩინეს. ამის მიუხედავად, „წითლების“ მთავარი მწვრთვნელი ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ ისინი, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, თავის სიტყვას კიდევ იტყვიან.

„გოლების მხვრივ მხოლოდ სუარესის იმედი არ უნდა გვქონდეს. ასპასი და ალბერტო გუნდში რამდენიმე თვის განმავლობაში არიან, თუმცა ვხედავ, რომ პრემიერლიგას ისინი ჯერ ვერ ეჩვევიან“, – თვლის როჯერსი.

„ამჟამად სტარიჯს ტრავმა აქვს, ამიტომაც მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების შანსი სხვა მოთამაშეებსაც ეძლევათ. ისინი პასუხისმგებლობას უნდა გრძობდნენ და მოედანზე მაქსიმუმი აჩვენონ“, – დაასრულა ფეხბურთის უელსელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რა შეარქვეს მამადუ სახოს „ლივერპულში“?

„ლივერპულის“ მცველი მამადუ სახო გამოტყდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მას ახალი მეტსახელი შეურჩია. გარდა ამისა, ფრანგმა ფეხბურთელმა ინფლისურ ფეხბურთთან წარმატებული ადაპტაციის შესახებაც ისაუბრა.

„100 პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა ყოველ მატჩში ვპროგრესირებ. როდესაც უცხო ქვეყნიდან მოდიხარ, უნდა შეეცადო, რომ ახალ გარემოს მალე შეეგუო, თანაგუნდელებთან საერთო ენა გამონახო.

ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ლოგიკურია, რომ სულ უფრო უკეთ ვთამაშობ. აქ თავს უკეთ ვგრძნობ, ენასაც ვსწავლობ. სიმართლე გითხრათ, ინგლისურ ენას სრულყოფილად არ ვფლობ, შეცდომებს ვუშვებ.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ფეხბურთი ფრანგულისგან განსხვავდება, სირთულეებს არ ვგრძნობ. მხოლოდ მწვრთნელის მითითებების მოსმენა მიწევს. სასაცილოა, მაგრამ მან მე „ქილერი“ შემარქვა“, – სახოს სიტყვები „მირორმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი: „კარგია, რომ როჯერსი ახალგაზრდებს ენდობა“

„ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდის თავკაცი ბრენდან როჯერსი ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა.

„ბევრი მწვრთვნელი რისკის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსს იშვიათად აძლევს. თუმცა ბრენდან როჯერსს ამის არ ეშინია. გვესმის, რომ გუნდებში ბევრი მაღალი დონის ლეგიონერია, ამიტომაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არც ისე ადვილია“, – აცხადებს ჯერარდი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუის სუარესი დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშებს

დღეს, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულს“ დაუხვდება. მანჩესტერულ დერბიში სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ (1:4), „წითელი ეშმაკები“ რეაბილიტაციას მერსისაიდულ გუნდთან შეეცდებიან. ამ მხრივ არც „ლივერპულია“ კარგ მდგომარეობაში, „ენფილდროუდელები“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში შინ „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო დამარცხება ერთიორად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ყოველთვის გამორჩეული მატჩები იმართება ხოლმე. ორივე კლუბს სურს ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა. სამარცხვინო მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთ შეხვედრაში გამარჯვება“, – აღნიშნა როჯერსმა.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლონდონის „ჩელსის“ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რისთვისაც ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

„სუარესი ნამდვილად ითამაშებს. გვიხარია, რომ ის დაგვიბრუნდა. ფეხბურთელისთვის რთულია თითოეული მატჩის გამოტოვება, თუმცა ვიცი, როგორ ემზადებოდა ის ბოლო კვირის განმავლობაში. სუარესი ვარჯიშებზე ფანტასტიურია. საწვრთნელი პროცესისადმი მისი დამოკიდებულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას სურს, რომ გუნდს კვლავ დაეხმაროს. ის გუნდს მატჩებზეც დაჰყვებოდა. იქნება თუ არა სუარესი სასტარტო განაცხადში, ეს რამდენიმე საათში გადაწყდება“, – დაამატა „ლივერპულის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის უკვე შედგა ერთი შეხვედრა. პრემიერლიგის მესამე ტურში, „ენფილდზე“ გამართული მატჩი მერსისაიდელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.

დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპული“ ჩემპიონობაზე არ ფიქრობს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ჯერჯერობით არავითარი მიზანი არ დაუსახავს. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებს სატურნირო ცხრილის პირველი ადგილი აქვთ დაკავებული, „ენფილდროუდელთა“ თავკაცი ჩემპიონობაზე არ ფიქრობს. როჯერსი მიიჩნევს, რომ გაცილებით ნათელ სურათს პრემიერლიგის 10 ტურის გასვლის შემდეგ მივიღებთ. სწორედ მაშინ იტყვის „წითლების“ დამრიგებელი, თუ რა მიზანი აქვს გუნდს.

„ჩემპიონატის შესაძლო მოგებაზე სულაც არ ვფიქრობ. ერთადერთი რამ, რაზეც ფოკუსირებას ვახდენ, ეს დამდეგი მატჩია. შედარებით კონკრეტულ მიზანს ჩემპიონატის 10 შეხვედრის შემდეგ დავისახავთ. სწორედ ამ დროს მივიღებთ გაცილებით ნათელ სურათს, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო რეალურად შევხედოთ მდგომარეობას. ჯერჯერობით გუნდის საქმეები კარგად მიდის – სამი გამარჯვება და ერთი ფრე ოთხ შეხვედრაში. წინ კიდევ გრძელი გზაა“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში „ლივერპული“ ძირითად მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ისახავს, თუმცა „წითლებს“ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2009/10 წლების სეზონის შემდეგ არ მიუღიათ, გუნდმა წელს ვერც ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

ბექა დოგრაშვილი