ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.

„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.

„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.

მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

 

მოურინიო: „ჩელსი“ სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბი არ აპირებს მასშტაბური სატრანსფერო კამპანიის წარმოებას.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, „პენსიონერები“ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს შეიძენენ.

„სატრანსფერო პერიოდში „ჩელსი“ არ იქნება ყველაზე შესამჩნევი კლუბი. ფეხბურთელებს არ გავყიდით მხოლოდ გაყიდვისთვის და არ შევიძენთ მხოლოდ შეძენისთვის. ჩვენ სტრატეგიული მიზანი გვაქვს და მის მისაღწევად ვიბრძვით. „ჩელსი“ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

სიმეონე: „ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქესთვის ჩვენი თამაშის თავსმოხვევა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეაფასა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქე გუნდისთვის ჩვენი თამაშის თავიდანვე თავსმოხვევა. მეორე ტაიმში „ჩელსის“ კარგად შევეჭიდეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენზე წნეხის განხორციელების საშუალება არ მივეცით. ტორესის გოლმა, რა თქმა უნდა, ამოცანა გაგვირთულა, თუმცა მშვენივრად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

რა მითხრა მოურინიომ? ეს საიდუმლოდ დარჩეს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მწვრთნელი ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, როგორ ათამაშოს გუნდი. არ უნდა დავუკარგოთ იმ გუნდებს, რომლებიც დაცვით თამაშზე არიან ორიენტირებულნი, რადგან თავდაცვა ძალიან რთული საქმეა.

გვერჩივნდა თუ არა ფინალში „ბაიერნი“ მეტოქედ? არა. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან“ გასამართ დამდეგ მატჩზე ვფიქრობ“, – სიმეონეს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტა: „ჩვენ ტორესის გოლსაც მშვიდად შევხვდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გაესპანელებულმა გოლეადორმა დიეგო კოსტამ შეაფასა.

„ფინალში გასასვლელად ძალისხმევა არ დავიშურეთ. მაშინაც კი, როდესაც ფერნანდო ტორესმა გოლი გაგვიტანა, ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ერთი გატანილი ბურთის შემთხვევაში, ფინალში ჩვენ გავიდოდით“, – დიეგო კოსტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „მატჩის ბედი მცირე დეტალმა გადაწყვიტა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.

„მატჩში გადამწყვეტი მომენტი იყო. თავდაპირველად მეტოქე გუნდის მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, შემდეგ პენალტი დაინიშნა, რამაც ინტრიგა მოკლა. ნახევარფინალები მცირე დეტალებისგან შედგება და ეს ის პატარა მომენტი იყო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ვულოცავ „ატლეტიკოს“. ძლიერი გუნდია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ფანტასტიურად ასპარეზობს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსი“ – „ატლეტიკო“ (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტარტს აიღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის გასამართი განმეორებითი მატჩი. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

„ჩელსი“: შვარცერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული, დავიდ ლუისი, რამირესი, ასპილიკუეტა, ვილიანი, ტორესი, აზარი.

„ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი, მარიო სუარესი, ტიაგო, ადრიანი, კოკე, არდა თურანი, დიეგო კოსტა.

მატჩს ნიკოლა რიცოლის თავკაცობით იტალიელმსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

კვირის კარიკატურები

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ბავარიული გუნდის ფეხბურთელები თამაშის სტილის გამო გააკრიტიკეს, მათ ტემპი დაუწუნეს და ერთფეროვნებაში დასდეს ბრალი. „ბაიერნის“ შეტევითი ხაზის განეიტრალება სერხიო რამოსმა და პეპემ შესანიშნავად მოახერხეს, იკერ კასილასმა კი კვლავ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. ჟოზე მოურინიომ თამაში ჩაკეტა და თუ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებულ ტერმინს გამოვიყენებთ, საკუთარი კარის წინ „ავტობუსი დააყენა“. ფაქტი ერთია: „ჩელსიმ“ კარი მშრალად შეინახა და „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.

რაიან გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 13 წლის ასაკიდან არის. ამ ხნის განმავლობაში მან უმარავი ტიტული მოიგო. კლუბის თავკაცის პოსტიდან დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ 40 წლის გიგზი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. უელსელმა პირველ გამოცდას წარმატებით გაართვა თავი და „ნორვიჩ სიტი“ შინ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ინტერესები უარყო. კლოპმა განაცხადა: „1000 მიზეზი მაქვს იმისა, თუ რატომ ვარ ბედნიერი „ბორუსიაში“ მუშაობით“. როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი „წითელი ეშმაკების“ მაცდურ წინადადებას არ წამოეგო.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია რამირესს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი რამირესი ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვეღარ ითამაშებს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პრემიერლიგის 35-ე ტურში „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სებასტიან ლარსონს სახეში ხელი გაარტყა, თუმცა მსაჯებმა ეს ეპიზოდი ვერ შენიშნეს. სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი შეისწავლა და რამირესს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

დისკვალიფიკაციას სამი მატჩი უნდა მოეცვა, თუმცა „ასტონ ვილასთან“ გამართულ მატჩში რამირესის გაძევებამ მისი ერთი შეხვედრით გაზრდა გამოიწვია.

ბექა დოგრაშვილი

ჩეხი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე პეტრ ჩეხი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ჩეხმა კიპერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. მის ნაცვლად მოედანზე 41 წლის ავსტრალიელი მეკარე მარკ შვარცერი გამოვიდა. მიღებული ტრავმის შემდეგ, ჩეხი მადრიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „პენსიონერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჩეხ კიპერს მხარი ამოუვარდა და მას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ანგარიშით 5:0 გამარჯვება მინდოდა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი მატჩი საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უგოლო ფრე მისი გუნდისთვის საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა.

„მე, რა თქმა უნდა, ანგარიშით 5:0 გამარჯვება და ფინალში გასვლა მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე არწაგებაც რთული საქმეა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის უგოლო ფრე დიდებული შედეგია, თუმცა განმეორებითი შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

გარი კეჰილმა დიდი სამუშაო გასწია. დავიდ ლუისმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო და მისთვის ადვილი არ ყოფილა ცენტრალურ დაცვაში გადანაცვლება. ეშლი კოულმა რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ საოცრად ითამაშა. ნანდო ტორესიც შესანიშნავი იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაზოგა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

გოლი გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წყვილის ბედს „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

სიმეონე: „ჩელსიმ“ უპირატესობა მიიღო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ საყაიმო შედეგით ინგლისელებმა უპირატესობა მიიღეს.

„რთული მატჩი იყო, გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თამაში მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. საყაიმო შედეგით მეტოქემ უპირატესობა მიიღო, თუმცა ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მატჩს მოიგებს“, – სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ეტოო და მოურინიო „ინტერში“ ბრუნდებიან?

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი სამუელ ეტოო ზაფხულში, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. ბრიტანული „დეილი მირორის“ ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი „პენსიონერებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. გამოცემის თანახმად, კამერუნელი ფორვარდის თავისთან ხილვა მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ეტოო „ნერაძურის“ ღირსებას 2009-დან 2011 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 101 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ეტოომ „ინტერში“ ექვსი ტიტული მოიგო, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასებიც გახლავთ.

ამავე დროს, Football Italia იუწყება, რომ მილანური კლუბის ინდონეზიელი მფლობელი ერიკ თოჰირი „ინტერში“ ჟოზე მოურინიოს დაბრუნებასაც აპირებს. სხვათა შორის, პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და ოდესმე „სან სიროზე“ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მოურინო „ინტერს“ 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა. ამ დროის განმავლობაში პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო.

ბექა დოგრაშვილი