დავიდ ლუისი: „დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“

ლონდონის „ჩელსის“ მცველი დავიდ ლუისი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ბაზელის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) დაშვებული შეცდომის გამო, „ფულემთან“ საპრემიერლიგო მატჩის (2:0) განაცხადში არ შეიყვანა.

„ეს ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი იყო. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, რადგან ყველამ იცის, ვინც ვარ. ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და მიხარია, როდესაც მოედანზე ვარ. ყველა შანსის გამოყენებას ვცდილობ, რასაც ვიღებ. მწვრთნელი ხან შეგიყვანს განაცხადში, ხანაც – არა, ამაში არაფერია უცნაური. „ჩელსი“ დიდი კლუბია, რომელშიც ბევრი კარგი ფეხბურთელი ირიცხება. თუ მუდმივად შეუცვლელი შემადგენლობით ვითამაშებთ, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ“, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Voetbal Krant-ი.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ჩემი ფეხბურთელები კვერცხები არიან“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები კვერცხებს შეადარა, რომელთაც ზრუნვა სჭირდებათ, რათა ევროპულ ფეხბურთში დომინანტებად დაბრუნდნენ. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტისგან ამგვარი შედარებები გასაკვირი სულაც არ არის. 2007 წელს, სანამ მოურინიო „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებდა, მან კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი საყიდლებზე მოსიარულე პიროვნებას შეადარა, რომელიც ფეხბურთელებს ისე ყიდულობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი – კვერცხებს.

„ჩემი ფეხბურთელები ახალგაზრდა კვერცხები არიან, რომელთაც დედა სჭირდებათ, ამ შემთხვევაში კი – მამა. მათ მიხედვა უნდათ, ზამთარში თბილად უნდა იყვნენ, პირსახოცებში უნდა გავახვიოთ. მათთან უნდა ვიმუშაოთ, რადგან როდესაც ამინდი შეიცვლება და მზე ამოვა, კვერცხებს გავტეხავთ. ამ დროს ისინი ცხოვრებისთვის უკვე უმაღლეს დონეზე უნდა იყვნენ მზად“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.

ბექა დოგრაშვილი

ტორესი: „ეტოო ჩემი მეგობარია და არა – მტერი“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კონკურენციის მიუხედავად, კლუბის დანარჩენ ფორვარდებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ ახალწვეული სამუელ ეტოო შეაქო.

„ჩელსის“ შეტევით ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დემბა ბა და სამუელ ეტოო ჩემი მეგობრები არიან და არა – მტრები. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ერთი მიზნისკენ მივიწევთ. ვფიქრობ, ეს კლუბისთვის კარგია. ეტოო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის წინააღმდეგ ესპანეთში ბევრჯერ ვითამაშე, როდესაც ის „მალიორკასა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის „ჩელსიში“ თამაშით დატკბება. ეტოო ყოველდღე მუყაითად ვარჯიშობს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ეტოოს ყველანაირად დავეხმარები, რისი საშუალებაც მექნება“, – ტორესის სიტყვები „ტელეგრაფმა“ გამოქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „იუვენტუსს“ შეუძლია, „ჩელსის“ 2012 წლის გზა გაიაროს“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2012 წლის ლონდონის „ჩელსის“ ჰგავს. კერძოდ, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, კარლოს ტევესს იმ დიდიე დროგბას ფუნქციების შეთავსება შეუძლია, რომელმაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

„იუვენტუსს“ შეუძლია „ჩელსის“ 2012 წლის გზის გავლა. იტალიის ჩემპიონი ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარლოს ტევესის ყიდვა კი მათთვის ამ ნამცხვრის მინანქრით დაფარვაა. მგონია, რომ ტევესს მიმდინარე სეზონში შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის „ჩელსის“ დიდიე დროგბა“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვებს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ლუკაკუ იჯარით ”ევერტონში” ითამაშებს

ლონდონის ”ჩელსის” ახალგაზრდა თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მიმდინარე სეზონში ”ევერტონის” ღირსებას დაიცავს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლუბებმა 20 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს კიდეც.

ცნობილია, რომ მერსესაიდელების შემადგენლობაში რომელუ ერთი წლის განმალობაში, იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ გასულ სეზონში ასევე იჯარის წესით ”ვესტ ბრომვიჩში” გამოდიოდა, რომლის მაისურითაც 35 ჩატარებულ მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ეშლი კოული — მინდორზე და მინდორს მიღმა

ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრები მცველი ეშლი კოული, როგორც წესი, მედიის წარმომადგენლებს თავს არიდებს ხოლმე, თუმცა Green Soccer Journal-ისთვის გამონაკლისი გააკეთა და აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტს სხვადასხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

კოული „სტემფორდ ბრიჯზე“ ბევრს უყვარს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის მთელი ინგლისის მასშტაბით არის ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი. ტრიბუნებიდან ხშირად მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს გაიგონებთ და ეს არა მარტო პრემიერლიგის მატჩების დროს ხდება.

2008 წელს კოულს ქომაგებმა თვით „უემბლის“ სტადიონიდან უსტვინეს, როცა მისი უხეში შეცდომა ყახაზმა მოთამაშეებმა გამოიყენეს და „სამი ლომის“ კარის ბადე შეარხიეს.

„ფეხბურთელისთვის, რა თქმა უნდა, ძალზედ რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. არ გინდა, რომ სტვენა გაიგონო. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და საქმე ნორმალურად უნდა შევასრულო.
თამაშის მიმდინარეობისას სტვენას ყურადღება არ უნდა მივაქციო. არავის მოსწონს, როცა ქომაგი ფეხბურთელებსა და გუნდს უსტვენს. უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი რთული თამაშია, ყველაფერს ვერ მოიგებ“, – ამბობს კოული.
ეშლი კოულმა ინგლისელ ქომაგთა გული 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო, როცა ის გულშემატკივართა წლის ფეხბურთელად დაასახელეს. მიუხედავად მორიგი სანაკრებო იმედგაცრუებისა, ინგლისელებმა კოული აღიარეს.

შემდეგ იყო მე-100 სანაკრებო მატჩი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას დაემთხვა.

„ინგლისის ნაკრების ფორმის ჩაცმა, შენი ქვეყნის წარდგენა უდიდესი პატივია. ეს გრძნობა არასდროს შეიცვლება. აი, მე-100 მატჩი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ.
შეხვედრამდე ცოტაოდენ ვნერვიულობდი და ალბათ, ისე ვერც ვითამაშე, როგორც უნდა მეთამაშა. გულახდილად რომ გითხრათ, ალბათ, ასე არცერთი მატჩის წინ არ მინერვიულია.
ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული შემთხვევაა, თანაც მატჩი ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 100 შეხვედრის ჩატარება მართლაც საოცარი მიღწევაა“, – აღნიშნავს ეშლი კოული.

ინგლისის ნაკრების მცველი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ურთიერთობა შეიცვალა.

„მას შემდეგ, რაც ფეხბურთში მოვედი, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი აზრით, ახლა ფეხბურთში უფრო მეტი შეხედულება არსებობს. ბევრს ისე შეუძლია შენზე ლაპარაკი, რომ შენს მიღწევებს ყურადღებასაც არ აქცევს, არც ის ანაღვლებს, რამდენად კარგი მოთამაშე ხარ.
ვინმესთან სახლში ან ოფისში რომ მივიდე, ჯერ მათ გაკეთებულ საქმეს შევხედავდი და მერეღა შემეძლებოდა იმის თქმა, რომ ისინი არასწორად მოქმედებენ.
როგორც ფეხბურთელს, მესმის, რომ გულშემატკივრები თანხას იხდიან და უფლებაც აქვთ, რომ საკუთარი გრძნობების შესახებ ისაუბრონ, თქვან ის, რასაც ხედავენ“, – ციტირებს გამოცემა კოულის სიტყვებს.

ყველაფერთან ერთად, ინგლისელმა მცველმა ისიც თქვა, რომ დარტსის დიდი მოყვარულია.

„24 საათის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით დაკავებული ვერ იქნები.
ხანდახან მატჩებს სახლში ვუყურებ, თუმცა თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ბილიარდის თამაში მირჩევნია. როდესაც საფეხბურთო მატჩი სათამაშო არ მაქვს, თავს დარტსის თამაშით ვიქცევ და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.  გოლფის თამაშიც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ გოლფს მაინცდამაინც კარგად ვერ ვთამაშობ, ამით კარგად ვისვენებ ხოლმე“, – აღნიშნავს ინგლისის ნაკრების მარცხენაფლანგელი.

კოულს მუსიკაც ჰყვარებია.

„როგორც წესი, ჩემს აიპოდს ჯოლეონ ლესკოტს ვაძლევ ხოლმე. მან იცის, როდის გამოდის ახალი სიმღერები. ჰიპ-ჰოპი მიყვარს, თუმცა ნებისმიერი ტიპის მუსიკას ვუსმენ.
გასახდელ ოთახში თანაგუნდელები თავიანთ მუსიკას რთავენ ხოლმე და მეც იძულებული ვარ, ყველა მუსიკალურ ტიპს შევეგუო.
არ ვცეკვავ. მხოლოდ მაშინ, როცა არდადეგებზე ვარ. ანუ, ინგლისში არ ვცეკვავ“, – დაასრულა ეშლი კოულმა.

ბექა დოგრაშვილი