„ზენიტმა“ ვილაშ-ბოაშს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო სოციალურ ქსელში წერს, რომ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრე ვილაშ-ბოაში დაინიშნება. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც უკანასკნელად „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობდა, ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

36 წლის ვილაშ-ბოაშმა ჩრდილოლონდონური კლუბის თავკაცის პოსტი 2013 წლის 16 დეკემბერს დატოვა. გარდა ამისა, ის თავის დროზე „აკადემიკაში“, „პორტუსა“ და „ჩელსიში“ მუშაობდა. „პორტუსთან“ ერთად ახალგაზრდა მწვრთნელმა პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ზენიტის“ თავკაცის პოსტიდან ლუჩანო სპალეტი გაათავისუფლეს. კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი სემაკი დაინიშნა, რომელიც იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „ახლანდელი იტალიის ნაკრები სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს“

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა იტალიის ნაკრებისა და სერია А-ს შესახებ ისაუბრა.

„ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრების კლასიკურ სტილში ცვლილება შეიტანა, რითაც დაამტკიცა, რომ იტალიელებს მხოლოდ „კატენაჩოს“ გამოყენებით თამაში არ შეუძლიათ. თანამედროვე იტალიის ნაკრები კარგ ფეხბურთს უჩვენებს, ღიად და თამამად უტევს. ვფიქრობ, ფეხბურთი სწორედ ასე უნდა ითამაშო. იმედი მაქვს, იტალიელები თავს კარგად წარმოაჩენენ.

90-იან წლებში სერია А მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ლიგა იყო, თუმცა მოგვიანებით სკანდალებმა და ფინანსურმა პრობლემებმა მისი დონე დაბლა დასწია. იტალიის ჩემპიონატი ძველ პოზიციებს იბრუნებს. ერთობ სასიამოვნო სანახავია „რომას“ და „ნაპოლის“ თამაშების ხილვა, ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ ასპარეზობა და „იუვენტუსის“ პროგრესი“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „ჩემი ოცნებაა „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მუშაობა“

ლონდონის „ჩელსისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ სხვადასხვა კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს და საზოგადოება მას მალე კვლავ იხილავს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში პორტუგალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ ვილაშ-ბოაში უმუშევარია, თუმცა თავად ანდრე მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და გრანდიოზულ გეგმებსაც სახავს.

„რეალი“ და „ბარსელონა“ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კლუბები არიან. პირველ მათგანს ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, მეორე კი თანამედროვე ფეხბურთის მოდის განმსაზღვრეალია. პეპ გვარდიოლამ კატალონიურ გუნდში დიდი მემკვიდრეობა დატოვა. ჩემნაირი ახალგაზრდა მწვრთნელისთვის ასეთ კლუბებში მუშაობა ოცნების ახდენის ტოლფასია.

მინდა, რომ საკუთარი თავი სხვა ლიგებში გამოვცადო, ყველაფერი თავიდან დავიწყო და უცხო ქვეყნებიც გავიცნო. რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა კიდეც. მუშაობას ივნისში დავუბრუნდები, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში „მილანს“ ჩაიბარებს?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პორტუს“, ლონდონის „ჩელსისა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, შესაძლოა, „მილანის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალოს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელები პორტუგალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ კიდეც და მასთან შესაძლო კონტრაქტის დეტალებიც განიხილეს.

ცნობისთვის, ამჟამად „მილანი“ 19 ქულით სერია ა-ს მე-10 ადგილზე იმყოფება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ამინდის პროგნოზი ვილაშ-ბოაშისგან

ერთ-ერთი შვედური ტელევიზიის მაყურებლები გაოცდნენ, როდესაც ამინდის პროგნოზის წამყვანად „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ აწ უკვე ყოფილი თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში დაინახეს.

ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ლონდონური კლუბიდან ორშაბათს დაითხოვეს, უკვე მოძებნა ახალი სამსახური. ამიერიდან ის შვედურ ტელევიზიაში ამინდის პროგნოზს წაიყვანს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა პორტუგალიელთან ფიზიკურ მსგავსებას არც თავად წამყვანი ნიცან კოენი უარყოფს.

„მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებთაც ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ, თუმცა ჩვენი შემთხვევა მართლაც წარმოუდგენელი და სასაცილოა“, – აღნიშნა დიქტორმა.

ვილაშ-ბოაშსა და კოენს შორის მსგავსება იმავე ტელევიზიის სპორტულმა რეპორტიორებმა შენიშნეს. თავად კოენი ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლავთ.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: „ტოტენჰემმა“ ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა

„ტოტნჰემ ჰოთსპურმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრე ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით იქნა მიღწეული. ჩვენ ანდრეს წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი „ლივერპულთან“ გუშინ გამართულ საშინაო მატჩში ანგარიშით 0:5 განადგურდა.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში: „იუვენტუსს“ შეუძლია, „ჩელსის“ 2012 წლის გზა გაიაროს“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2012 წლის ლონდონის „ჩელსის“ ჰგავს. კერძოდ, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, კარლოს ტევესს იმ დიდიე დროგბას ფუნქციების შეთავსება შეუძლია, რომელმაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

„იუვენტუსს“ შეუძლია „ჩელსის“ 2012 წლის გზის გავლა. იტალიის ჩემპიონი ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარლოს ტევესის ყიდვა კი მათთვის ამ ნამცხვრის მინანქრით დაფარვაა. მგონია, რომ ტევესს მიმდინარე სეზონში შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის „ჩელსის“ დიდიე დროგბა“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვებს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი