ბუბა დაუშვილი: “პენალტის დარტყმა თანაგუნდელებს მე ვთხოვე” (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ლვოვის “კარპატიმ” ოდესის “ჩერნომორეცი” მიიღო და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ბოლო გოლი 92-ე წუთზე მურთაზ დაუშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაამთავრა 22 წლის მცველმა დავით ხოჭოლავამ.

აღსანიშნავია, რომ პენალტის დანიშვნის ეპიზოდში “ჩერნომორეცის” მეკარე მოედნიდან გააძევეს, ვინაიდან მან ერთი ერთზე გამოსული მეტოქე საჯარიმო მოედანზე წააქცია. ოდესელებს შეცვლის ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და კარში მინდვრის მოთამაშე ჩადგა, დაუშვილმა კი აუღებელი დაარტყა. მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა.

“ძალიან გახარებული ვარ. გატანილ გოლს ჩემს ახალშობილ ქალიშვილს მივუძღვნი, რომელსაც მარიამი დავარქვით. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. კმაყოფილები ვართ არამხოლოდ ანგარიშით, არამედ თამაშითაც.
პენალტის დარტყმის უფლება ბიჭებისგან მივიღე. თანაგუნდელებისა და მწვრთნელების მადლიერი ვარ. მე არ ვარ პენალტების დარტყმელი, თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მქონდა. დარტყმის მომენტში ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი.
როდესაც კარში მეკარე დგას, უფრო მეტად მოტივირებული ხარ, თუმცა დღეს მოტივაცია ისედაც არ მაკლდა.
შესაძლოა, ჩემს გოლს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რამდენადაც გუნდის დამაჯერებელ თამაშს. მჯერა, რომ არ გავჩერდებით და ასეთივე თავდაჯერებით გავაგრძელებთ ასპარეზობას”, – განაცხადა ბუბა დაუშვილმა.

“კარპატი” 9 ქულით დონეცკის “შახტართან” და კიევის “დინამოსთან” ერთად 1-3 ადგილებს იყოფს.

 

ხოჭოლავას დასანანი მარცხი კიევის „დინამოსთან“

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში ოდესის „ჩერნომორეცმა“, რომლის რიგებში სეზონის დაწყების წინ ქართველი მცველი დავით ხოჭლავა ჩაირიცხა, კიევის „დინამო“ მიიღო.

ხსენებულ მატჩში ხოჭოლავამ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. 39-ე წუთზე დავითმა ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ის „დინამოს“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სათქმელია, რომ ორივე გოლი კიეველმა ფეხბურთელებმა მატჩის ბოლოს გაიტანეს. 89-ე წუთზე ანგარიში ჟუნიორ მორაესმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებული დროის მესამე წუთზე კი იმავე ჟუნიორის პასით წერტილი იარმოლენკომ დასვა.

სამი ტურის შემდეგ „ჩერნომორეცი“ ერთი ქულით ჩემპიონატის ბოლო ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ოდესელები ლვოვის „კარპატს“ ეწვევიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის რიგებში ბუბა დაუშვილი გამოდის.

ხოჭოლავამ „ჩერნომორეცში“ პირველი გოლი კანკავას „დნიპროს“ გაუტანა (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურში ჯაბა კანკავას „დნიპრომ“ საკუთარ მოედანზე ოდესის „ჩერნომორეცი“ მიიღო, რომლის რიგებში სეზონის დაწყების წინ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ჩაირიცხა. შეხვედრა „დნიპროს“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

ოდესელთა მხრიდან მეორე გოლი სწორედ ქართველმა ახალწვეულმა გაიტანა, რომელმაც თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ჯარიმის შემდეგ მეორე სართულზე ყველას დაასწრო.

ხოჭოლავამ სადებიუტო შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა

ოდესის „ჩერნომორეცმა“ უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი სტუმრად დონეცკის „ოლიმპიკთან“ ჩაატარა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ოდესელთა შემადგენლობაში პირველი წუთიდან მატჩის ბოლომდე ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ითამაშა, რომელიც უკრიანულ კლუბში გასულ კვირას ჩაირიცხა.

ცნობისთვის, მეორე ტურში „ჩერნომორეცი“ ჯაბა კანკავას „დნიპოროს“ ესტუმრება, რომელმაც ეროვნული პირველობა ასევე ერთი ქულით დაიწყო.

ხოჭოლავა „ჩერნომორეცში“ გადავიდა

ქობულეთის „შუქურას“ მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას უკრაინაში, კერძოდ კი ოდესის „ჩერნომორეცის“ შემადგენლობაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

23 წლის მოთამაშე „ჩერნომორეცში“ თავიდან სინჯებზე იყო და ამ პერიოდში სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

„შუქურას“ გარდა, დავითი სხვადასხვა პერიოდში თბილისის „სასკოს“, რუსთავის „მეტალურგის“, ბოლნისის „სიონისა“ და თბილისის „დინამოს“ რიგებში თამაშობდა.

ახალ კლუბში ხოჭოლავა ხუთი ნომრით ითამაშებს.

„ჩერნომორეცის ოფიციალური საიტის სურათი:

ხოჭოლავა
ხოჭოლავა2

სააკაშვილი: “ჩერნომორეცი” ოდესას უბრუნდება, სუპერთასის მატჩიც აქ ჩატარდება”

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩერნომორეცს” ნება მიეცა, საშინაო მატჩები ოდესაში გამართოს. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის სუპერთასის შეხვედრასაც ოდესა უმასპინძლებს.

“სტაბილურობის განცდა უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვესაუბრე. ნება მოგვცეს, “ჩერნომორეცმა” საშინაო მატჩები კვლავ ოდესაში გამართოს.

უფრო მეტიც, “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გასამართი სუპერთასის მატჩიც ოდესაში ჩატარდება და აქ გავმართავთ სხვა საერთაშორისო შეხვედრებსაც.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე რამის მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვითარების გამო გასული სეზონის მეორე ნახევარში “ჩერნომორეცი” საშინაო მატჩებს კიევსა და დნეპროპეტროვსკში მართავდა.

 

ქართველები უკრაინელთათვის ფეხბურთის მოედანზეც

გუშინ ოდესის “ჩერნომორეცი” მარტვილის “მერანს” დაუპირისპირდა და უკრაინელებმა ქართველები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს.

აღნიშნული სპარინგ-მატჩი სხვა დანარჩენებისგან განსხვავდებოდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, “მეზღვაურებმა” და უკრაინელებმა “სამადლობელი” ფოტოსურათი გადაიღეს.

“უკრაინელებს მხარს ვუჭერთ და გვინდა, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ,”-დიახ, ასეთი სათაურით გავრცელდა ფოტო “მერანის” ოფიციალურ ვერ-გვერდზე.

ფოტოსურათი გადაღებულია ფეხბურთის მოედანზე და “ჩერნომორეცის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი აუცილებლად შევა კლუბის ისტორიულ მუზეუმში.

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცს” “დნიპროსთან” მოაგებინა

20 აპრილს, უკრაინის პრემიერ ლიგაში თორნიკე ოქრიაშვილის “ჩერნომორეცმა” საკუთარ მოედანზე ჯაბა კანკავას “დნიპრო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე, მასპინძელთა გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

კანკავა და ოქრიაშვილი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში იყვნენ. ოქრიაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კანკავა 34-ე წუთზე.

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცში” სადებიუტო გოლი გაიტანა

30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “ილიჩევეცმა” საკუთარ მოედანზე “ჩერნომორეცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 22 წლის შემტევმა ყოფილი გუნდი 87-ე წუთზე დაამწუხრა, ეს გოლი კი მისთვის “ჩერნომორეცის” რიგებში სადებიუტო იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა “ჩერნომორეცის” მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკს ოქრიაშვილის შესახებ ჰკითხეს, მან კი თქვა: “ოქრიაშვილმა გოლის გატანა მოახერხა. როცა თავდამსხმელს გოლი გააქვს, ეს ნამდვილად კარგია.”

“ზესტაფონი” “ჩერნომორეცს” შეხვდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ქართული გუნდის მოწინააღმდეგე უკაინული “ჩერნომორეცი” გახლდათ. შეგახსენებთ, “ჩერნომორეცს” თბილისის “დინამოც” შეხვდა, თუმცა ის შეხვედრა სკანდალის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ჰქონდათ საბანაძეს, ტატანაშვილს და გეწაძემ, მაგრამ ოდესელთა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა. გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.

მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა გოლი უკრაინელებმა გაიტანეს. 55-ე წუთზე თავი ლორენცო რიერამ გამოიჩინა.
ამის შემდეგ “ზესტაფონის” ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ უკრაინელთა მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა (თედ. გრიგალაშვილი, 75), გურული, შარიქაძე (აჯურუ, 75), კუხიანიძე, გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), დოლიძე (ფანცულაია, 56), საბანაძე, ტატანაშვილი (ჭანტურიშვილი, 61).

ოქრიაშვილი „დინამო თბილისის“ საქციელმა გაანაწყენა

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში შეკრებაზე მყოფ „დინამო თბილისს“ მორიგი საკონტროლო მატჩი ოდესის „ჩერნომორეცთან“ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მომხდარი ცვლილების გამო, ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. მატჩის 62-ე წუთზე უკრაინულმა გუნდმა ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე სათამაშოდ მწვრთნელი სტეპან მატვიივი შეუშვა, რაც „დინამომ“ უპატივცემულობად მიიღო და შეხვედრა ჩაშალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა „ჩერნომორეცის“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

„ისე გამოვიდა, რომ ტრავმა მივიღე და ცვლილება აღარ გვქონდა, რადგან იმ დღეს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ვთამაშობდით. მოედანზე გამოვიდა ჩვენი გუნდის მესამე მწვრთნელი, რამაც „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები ძალიან გააღიზიანა და თამაში აღარ მოინდომეს. მითხრეს, რომ ეს უპატივცემულობაა.

თავადაც განაწყენებული გახლდით იმით, რომ ქართველები ასე მოიქცნენ. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ასე მიპასუხეს: „ოქრი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გაფასებთ, მაგრამ თამაშს აღარ ვაპირებთ, რადგან ეს უპატივცემულობაა“. აი, ასე დასრულდა ეს ამბავი“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი

მატჩის ორგანიზატორები ჩაშლილ შეხვედრაზე

დინამო თბილისის რიგით მეოთხე ანთალიური სპარინგი ჩაიშალა. ოდესის ჩერნომორეცთან მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 გახლდათ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ / 54-ე წუთზე ძარია/ მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მოედანზე მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად ერთ-ერთი მწვრთნელი სტეფან მატვიივი შევიდა. დინამოს მიმართ გამოჩენილი უპავტიცემულობის გამო, ჩვენი  გუნდის და მისი მთავარი მწვრთნელის მიერ მოედნის დატოვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეხვედრის ორგანიზატორმა, წარსულში ვეტერანმა ფეხბურთელმა, წლების მანძილზე ანთალიასპორის კაპიტანმა, ამჟამად კი ფანატიკ ტურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ქადირ არიქანმა:

მატჩი ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 20-25 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო დინამოს სასარგებლოდ, ჩერნომორეცის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შემდეგ, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მოულოდნელად მოედანზე  სათამაშოდ ერთ-ერთი მწვრთნელი გამოვიდა. ეს გარემოება დინამოს მწვრთნელის მხრიდან სამართლიანად იქნა აღქმული დინამოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად. დინამო, გუნდი რომელსაც ასეთი ტრადიცია, სახელი და ისტორია აქვს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. ოდესის ჩერნომორეცს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში გამოდის და ევროპის ლიგაშიც,  ასეთი საქციელი არ ეკადრება. ჩერნომორეცის მხრიდან მომიზეზება იმისა, რომ სხვა ფეხბურთელი არ ჰყავდათ არასერიოზულია , ხოლო წინადადება დინამოს ფეხბურთელი დაემატებინათ და შემდეგ ასეთი წინადადებაც იყო, საერთოდ ცინიზმად შეიძლება შეფასდეს. მატჩს ფეხბურთის ადგილობრივი და უცხოელი ნეიტრალური სპეციალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც დინამოს გადაწყვეტილება სავსებით გასაგები და მისაღები გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როგორც მითხრეს ჩერნომორეცის პრეზიდენტი, რომელიც თვალს ადევნებდა თამაშის რეპორტაჟს, შეწუხებულია მომხდარით და ბოდიშს უხდის დინამოელებს.

FCDinamo.GE