ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. იმერლები აგებდნენ, თუმცა ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, დავით იონანიძემ გაათანაბრა. 19 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზამთარში ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა საჩხერულ გუნდს, მოედანზე გამოსვლიდან შვიდ წუთში მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა (საბოლოოდ, 2-2). ეს ამ სეზონში მისთვის მეორე გოლია (ექვს მატჩში ნათამაშებ 84 წუთი). სხვათა შორის, ახალგაზრდა ტალანტმა პირველი გოლი “რუსთავს” 90+1 წუთზე გაუტანა და ერთადერთი ბურთით გუნდს გამარჯვება მოუტანა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა იონანიძეს, მას “კოლხეთთან” გამართული შეხვედრის შეფასება სთხოვა და ადაპტაციის პერიოდზეც ჰკითხა.
“დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. მიზნად, რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული. მართალია, ფოთელები ათი კაცით იყვნენ მოედანზე, თუმცა არ შემიძლია, არ აღვნიშნო მათი მონდომება, რამაც, საბოლოოდ, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც. სამწუხაროა, რომ ბოლოს გოლი მაინც გავუშვით.”
“გოლი სასიხარულოა, თუმცა, ცუდია, რომ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ბიჭებს შევეჩვიე. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. გუნდში კარგი ატმოსფეროა: ყველანი, სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ჩვენით დამთავრებული, ერთი ოჯახივით ვართ, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატებისკენ მიმავალი გუნდისთვის,” – ამბობს იონანიძე.