რა ნომრით ითამაშებს რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში”?

“მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუ “წითელი ეშმაკების” ღირსებას, სავარაუდოდ, კვლავინდებურად 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს. დღესდღეობით მე-7 ნომრით ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი თამაშობს, თუმცა კლუბს ნომრის ცვლილების თაობაზე პრემიერლიგისგან ნებართვის აღება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შესახებ პარასკევს გამოაცხადა. პორტუგალიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდს” 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ის “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც მადრიდის “რეალს” მიაშურა.

რონალდუ “სიტისთან” კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ სიტისთან” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს, წელიწადში კი ხელფასის სახით ოც მილიონ ევროს მიიღებს.

თავის მხრივ, “იუვენტუსი” ტრანსფერში 29 მილიონ ევროს მიიღებს.

36 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის პირველობის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

რონალდუ “სიტისკენ” იყურება

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) რონალდუმ თავად ითხოვა სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ის მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გავიდა.

36 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის პირველობის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

რონალდუ “იუვენტუსს” მომავალ წელს დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ გამოიცვლის.

“სკაი იტალიას” ჟურნალისტი პაოლო აგემო წერს, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი “ბებერი სინიორასთან” მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ბოლომდე ამოწურავს ანუ გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე გაჩერდება.

პრესაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამ სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსს” დატოვებდა. ამის მთავარ მიზეზად მასსა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულ მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტი სახელდებოდა. აღნიშნული უთანხმოება 2019 წელს დაიწყო, როდესაც ალეგრიმ გუნდიდან გათავისუფლებამდე კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის “იუვენტუსიდან” კრიშტიანუ რონალდუს გაშვებას ურჩია. მისი თქმით, პორტუგალიელი გუნდის პროგრესს ხელს უშლიდა.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“იუვენტუსი” რონალდუს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ტურინის “იუვენტუსი” ელოდება, თუ რას გადაწყვეტს კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იტყობინება, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ტურინულ კლუბში, ვინაიდან მისი წასვლა-არწასვლის საკითხზე დიდწილად არის დამოკიდებული “ბებერი სინიორას” სატრანსფერო მოქმედებები. თუ რონალდუ “იუვენტუსიდან” წავა, ტურინელებს რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდებათ. პორტუგალიელი საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. გასულ სეზონში 36 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი 29 გატანილი გოლით იტალიის სერია A-ს დაუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” რიგებში ორ-ორჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი, ერთხელ კი ქვეყნის თასს დაუეფლა.

რონალდუს განცხადება ევრო-2020-იდან გამოვარდნის შემდეგ

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ამ წარუმატებლობის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გამოაქვეყნა.

“სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ტურნირი უფრო ადრე დავტოვეთ, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ ჩვენი გამოსვლით ვამაყობთ. ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ყველაფერი გავაკეთეთ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ პორტუგალიელებისთვის ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია.

ჩვენი ქომაგები თავდაუზოგავად გვიჭერდნენ მხარს ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის დაწყებიდან დასრულებამდე. ჩვენ მათთვის ვიბრძოდით, რათა ეს ნდობა გაგვემართლებინა. სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გულშემატკივრებს გულწრფელ მადლობას ვუხდი.

ვულოცავ ბელგიის ნაკრებს და წარმატებას ვუსურვებ დანარჩენ გუნდებსაც. რაც შეგვეხება ჩვენ, დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ, პორრუგალია!” – დაწერა საკუთარ გვერდზე რონალდუმ.

რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს

Cadena SER-ის ინფორმაციით, შესაძლოა, დამდეგ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი გამოიცვალოს.

36 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს ახლობლებს უთხრა, რომ თუ “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებდა, გუნდს დატოვებდა.

“იუვენტუსმა” იტალიის სერია A-ს გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალა. ეს უკანასკნელი კი რონალდუზე გათვლებს არ აკეთებს.

თავად ფეხბურთელი პრიორიტეტულ ვარიანტად “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას მოიაზრებს. შეგახსენებთ, რომ ის “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2003-დან 2009 წლამდე იცავდა. გარდა ამისა, განიხილება მადრიდის “რეალის” ვარიანტიც.

აღნიშნული კლუბებისთვის დამაბროკელებლ ფაქტორად რონალდუს მაღალი ხელფასის დასახელება შეიძლება. პორტუგალიელი სეზონის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

რონალდუ “იუვენტუსს” ტოვებს

“სპორტ მედიასეტის” ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს დატოვებს.

წყაროს თანახმად, “ბიანკონერის” თავკაცის პოსტზე ანდრეა პირლოს მასიმილიანო ალეგრი შეცვლის. ამ უკანასკნელის სტრატეგიული განვითარების პროექტში პორტუგალიელი ფეხბურთელი არ განიხილება.

დღეს კლუბი დატოვა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმაც.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დარჩება თუ არა რონალდუ “იუვეში”?

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბურუსით არის მოცული. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში.

“სქაი სპორტსის” ცნობით, ზაფხულში რონალდუ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს. 36 წლის პორტუგალიელის გადაწყვეტილება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა თავიანთ პოსტებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი. თუ ისინი “იუვენტუსს” დატოვებენ, გუნდიდან რონალდუს აბარგების შანსი გაიზრდება.

ცნობისათვის, მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

2020-2021 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კრიშტიანუს ჰოლანსა და მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანსა და “პარი სენ-ჟერმენის” შემტევ კილიან მბაპეს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

“რთულია ერთის ამორჩევა და თქმა, რომ საუკეთესო მაინცდამაინც ის იქნება. ახალი თაობის ფეხბურთელთა ცქერა საინტერესოა. ახლა ასპარეზზე ჰოლანი და მბაპე გამოდიან.

ზოგიერთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთ-ორ კარგ სეზონს ატარებს, დიადი მოთამაშეები კი წლიდან წლამდე ინარჩუნებენ დონეს. ამის გაკეთება ადვილი საქმე არ არის. ამას ბევრი შრომა და თავდადება სჭირდება”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal-ი.

კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა.

“იუვენტუსმა” რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინა, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. “იუვე” სკუდეტოს მის გარეშეც მოიგებდა. მისი ტრანსფერი არასწორი პროექტია.

რონალდუს ანდრეა პირლოს იდეებთან საერთო არაფერი აქვს. ის გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან მას ეს მჯდომიარესაც კი შეუძლია. პირლოს საკუთარი გუნდისგან აქტიური პრესინგის ხილვა სურს. მართალია, რონალდუს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ პრესინგზე ნაკლებად თამაშობს”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” მადრიდის “რეალიდან” 2018 წელს 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. მასთან ერთად გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფდინალურ (2018-2019) და მერვედფინალურ (2019-2020) ეტაპებამდე გააღწია.

კრიშტიანუ და ჯარიმები: საშინელი სტატისტიკა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო პერიოდში საჯარიმო დარტყმები არ გამოსდის, თუმცა სტანდარტულების შესრულებას ჯიუტად აგრძელებს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ჯარიმის შესრულების მორიგი წარუმატებელი მცდელობა “კროტონეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) ჰქონდა. შეხვედრის 26-ე წუთზე რონალდუს დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა, 88-ე წუთზე კი ბურთი მეტოქის კარს გადაევლო.

SkyTG24-ის ჟურნალისტმა ჯუზეპე პასტორემ რონალდუს მიერ შესრულებული წარუმატებელი ჯარიმები დათვალა და გაარკვია, რომ იტალიის სერია A-ში გადმობარგების შემდეგ ანუ ორწელიწადნახევრის განმავლობაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 64 საჯარიმო დარტყმა შეასრულა, საიდანაც 42 ცოცხალ კედელს მოხვდა. რონალდუს მიერ შესრულებულ ჯარიმას გოლი მხოლოდ ერთხელ მოყვა და ეს გასული წლის ივლისში მოხდა, როდესაც “იუვენტუსმა” “ტორინო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

დავამატებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საერთო შედეგიანობა კვლავ უმაღლეს დონეზე რჩება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა”კროტონესთან” ჩატარებულ მატჩში დუბლი შეასრულა და სერია A-ს ბომბარდირთა დავას 18 გატანილი ბურთით ლიდერობს.