რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტურნირის ფავორიტები დაასახელა.

„იმედი მაქვს, ბრაზილიაში საოცარი მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. პორტუგალია წნეხს არ გრძნობს, რადგან ტურნირის ფავორიტებად ბრაზილიის, ესპანეთის, არგენტინისა და გერმანიის ნაკრებები ითვლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გერმანელთა წინააღმდეგ გასამართ პირველ შეხვედრას“, – რონალდუს სიტყვები ესპანურმა „ასმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას G ჯგუფში მეტოქეებად გერმანიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

პორტუგალიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა. პორტუგალიელები აღნიშნულ ფორმას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სარეზერვო ვარიანტად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა ბრაზილიაში 12 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

ფერგიუსონი: „მინდოდა, რონალდუ უფრო ძვირად გაგვეყიდა, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კლუბმა მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 96 მილიონ ევროდ დაუთმო.

„ერთადერთი რამ, რაც მე მამწუხრებს, ისაა, რომ დევიდ გილის („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) დარწმუნება ვერ შევძელი.

მე მას ვუთხარი, რომ რონალდუ 150 მილიონ ფუნტად (180 მილიონი ევრო) გაგვეყიდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ 150 მილიონს არასდროს არ გადაგვიხდიდნენ.

არადა, ვიცოდი, რომ ფლორენტინო პერესი მზად იყო, ჩვენთვის ეს თანხა გადაეხადა“, – ფერგიუსონის სიტყვებს AS ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

რომელ ფეხბურთელს ჰყავს ცხოვრების ყველაზე ლამაზი მეგზური?

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ფეხბურთელთა მიმართ ინტერესი ისეთი ადამიანების მხრიდანაც იზრდება, რომლებსაც ფეხბურთი სულ არ აღელვებთ, უფრო მეტად კი სპორტსმენთა პირადი ცხოვრება აინტერესებთ.  FreeBetNegotiator-მა ღია გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რომელი ფეხბურთელის ოჯახს მიიჩნევს ხალხი ყველაზე ლამაზად.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ – ირინა შეიკის წყვილი გავიდა. მეორე პოზიცია წილად ხვდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ოჯახს. პირველმა წყვილმა ხმათა 18 პროცენტი მიიღო, მეორემ კი – 14.  მესამე ადგილზე ლეო მესისა და ანტონელა როკუზოს ოჯახი გავიდა, მეოთხე პოზიცია სტივენ ჯერარდისა და ალექს კურანის წყვილს მიაკუთვნეს, მეხუთე ადგილი წილად ხვდა ჟერარ პიკე – შაკირას წყვილს.

რონალდო vs. CR7 – საუკეთესო ფინტები

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ რეკორდს რეკორდზე ამხობს, მათ შორის ბრაზილიელი რონალდოს მიღწევებსაც აუმჯობესებს. გთავაზობთ ამ ორი ფეხბურთელის საუკეთესო ფინტების ამსახველ ვიდეონაკრებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ: რონალდო თუ რონალდუ?

 

კრიშტიანუ რონალდუს უნიკალური რეკორდი

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს“ კარში მატჩის მე-7 წუთზე გოლის გატანით უნიკალური რეკორდი დაამაყარა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს საფეხბურთო მატჩის ყველა წუთზე აქვს გატანილი.

ერთადერთი წუთი, რომლის დროსაც რონალდუს გოლი არ ჰქონდა გატანილი სწორედ მე-7 წუთი გახლდათ და „ატლეტიკოსთან“ ესეც მოახერხა.

„რეალმა“ „ატლეტიკო“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „რეალმა“ მეორე მატჩშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის მე-7 წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წაიქცა და მთავარმა არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც გოლად თავად პორტუგალიელმა  აქცია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, ამჯერად მასპინძელთა საჯარიმოში გარეტ ბეილი წააქციეს. გოლი ამჯერადაც რონალდუმ გაიტანა. საბოლოო ჯამში, „სამეფო კლუბმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:0) და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. კატალონიურმა გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სოსიედადი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 13 თებერვლის 01:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ატლეტიკო“ — „რეალი“ 0:2 (0:2)

გოლები: რონალდუ 7′ (პენ), 16′ (პენ).
გაფრთხილებები: მირანდა 80′ — ილიარამენდი 36′, არბელოა 43′, რონალდუ 44′.

კრიშტიანუ რონალდუს თავში სანთებელა გაარტყეს

ესპანეთის თასის გათამაშებაზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის მიმდინარე მატჩში „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მასპინძელი გუნდის ქომაგებმა თავში სანთებელა გაარტყეს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

რონალდუმ იუბილე გუშინ აღნიშნა

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი 29-ე იუბილე გუშინ აღნიშნა. მართალია, პორტუგალიელ ფეხბურთელს დაბადების დღე 5 თებერვალს აქვს, თუმცა ამ თარიღს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართული ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩი დაემთხვა და რონალდუსაც დღესასწაულის 9 რიცხვში გადადება მოუწია.

„ზღაპრული დაბადების დღე მქონდა, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნე. ძალიან კარგი დრო გავატარე. მადლობა ყველას“, – რონალდუმ სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო საზოგადოებას.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ: „ვინ არის სერია A-ში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი?“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.

„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.

ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი

მსაჯი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ გააძევა, დასაჯეს

ესპანეთის სამსაჯო კომიტეტმა არბიტრ აისა გამესს, რომელიც ესპანეთის 22-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართულ მატჩს ემსახურებოდა, ერთი თვით მუშაობა აუკრძალა.

ამ ინფორმაციას ესპანურენოვანი რადიოსადგური Cadena COPE ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გამესი მიმდინარე სეზონში „რეალის“ მატჩებს აღარ მოემსახურება და შესაძლოა, მთელი ის სამსაჯო ბრიგადა დაბალ დივიზიონშიც დააქვეითონ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას გამესმა „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ბასკთა მცველ კარლოს გუპრეგის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, თუმცა მსაჯმა მატჩის პროტოკოლში აღნიშნა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი ნახევარმცველ ანდერ იტურასპესთან მომხდარი კონფლიქტის გამო უჩვენა.

ამის გამო, შესაძლოა, რონალდუს დისკვალიფიკაცია შეუმცირონ. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბის“ პორტუგალიელ ლიდერს ესპანეთის ჩემპიონატში  სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ შეხვედრაში მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი