ანჩელოტი მოიესს შეცვლის?

ბრიტანული „დეილი სთარის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შესაძლოა, მომავალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ვიხილოთ.

ამ დროისთვის „წითელ ეშმაკებს“ შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი თავკაცობს, თუმც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო (ინგლისის თასიდან და ლიგის თასიდან გამოვარდნა, მე-7 ადგილი პრემიერლიგაში) მისი სავარძელი მნიშვნელოვნად არის შერყეული.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტისთვის ინგლისის პრემიერლიგა უცხო არ არის. იტალიელი სპეციალისტი 2009-დან 2011 წლამდე ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც პრემიერლიგა, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

მოიესი: „ეს მხოლოდ დასაწყისია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ „წითელი ეშმაკების“ თავკაცის პოსტზე მისი კანდიდატურა უალტერნატივოა.

„გუნდის გულშემატკივართა მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ცოტა ხნის წინათ ჩემთან ქომაგები მოვიდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ შექმნილი მდგომარეობა სრულად ესმით, მხარდაჭერა გამომიცხადეს და მუშაობის გაგრძელება მთხოვეს. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა რაც არ უნდა თქვას, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც გუნდის შედეგს აქვს.

გავიგე, რომ გულშემატკივრებს თვითმფრინავის დაქირავება სურთ, რათა ჩემს წინააღმდეგ ბანერი ააფრიალონ. ამის მიუხედავად, კლუბთან ერთად გრძელი გზა მაქვს გასავლელი და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

დღეს პრემიერლიგის 32-ე ტური გაიხსნება: „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ასტონ ვილას“ მიიღებს. „იუნაიტედის“ ფანებს დღევანდელი შეხვედრის მიმდინარეობსას მოიესის საწინააღმდეგო აქცია აქვთ დაგეგმილი. ქომაგებმა 840 ფუნტი შეაგროვეს და თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერი მოაბეს – წარწერით „Wrong One – Moyes out“. თვითმფრინავი დღეს „ოლდ ტრაფორდს“ გადაუფრენს.

მატჩი თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგები მოიესის გათავისუფლების მიზნით თანხას აგროვებენ

მანჩესტერულ დერბიში წუხელ განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის გათავისუფლების მოთხოვნით ინტერნეტკამპანია ააგორეს.

საგულისხმოა, რომ ჰეშთეგი #MoyesOut ბრიტანულ „ტვიტერზე“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. ამ ჰეშთეგით გამოქვეყნებულ შეტყობინებებში „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ახალი თავკაცის მოსაძებნად და კლუბში მოსაწვევად თანხის შეგროვების ინიციატივითაც გამოვიდნენ.

გარდა ამისა, ქომაგებმა კლუბის ხელმძღვანელობას წერილიც მისწერეს, რომელშიც დაწვრილებით არის აღნუსხული დევიდ მოიესის მიერ გაწეული სამუშაოს ყველა ხარვეზი. აღნიშნული წერილის მეშვეობით გულშემატკივრები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოსებს სთხოვენ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი დაუყოვნებლივ დაითხოვონ გუნდიდან.

ბექა დოგრაშვილი

რუნიმ მოიესს ბურთი ფეხებშუა გაუტარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე კლუბის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი არად ჩააგდო და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეოს.

 

დევიდ მოიესის შედეგის საოცარი დამთხვევა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა შარშანდელი მაჩვენებელი თითქმის ზუსტად გაიმეორა.

შარშან მოიესის ხელმძღვანელობით ლივერპულის „ევერტონს“ პრემიერლიგის 29-ე ტურის შემდეგ აქტივში 48 ქულა, 46 გატანილი და 35 მიღებული გოლი ჰქონდა.

წელს მოიესის თავკაცობით „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგის 29-ე ტურის შემდეგ აქტივში 48 ქულა, 46 გატანილი და 34 მიღებული გოლი აქვს.

ირონიად ნუ მიიღებთ, თუ ვიტყვით, რომ მოიესს პირადი პროგრესი აქვს — შარშანდელთან შედარებით მისმა გუნდმა ერთი ბურთით ნაკლები გაუშვა.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „ფავორიტი „ლივერპულია“

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ მიიღებს. „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ დამდეგ შეხვედრაში ფავორიტად მერსისაიდული გუნდი მიიჩნევა, თუმც მისი ფეხბურთელები სასურველი შედეგის მისაღწევად და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

„დამდეგ მატჩში ფავორიტის როლს „ლივერპული“ ირგებს. მერსისაიდული გუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ის პოზიცია არ გვიკავია, რასაც ჩვენგან მოელიან, თუმც წინ საინტერესო მატჩები გველის“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს „ბი ბი სი“.

ცნობისთვის, მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის კვირას, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „ეს ევროპაში ჩატარებული ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ ეწვია და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ევროსარბიელზე ეს მისი გუნდის ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო.

„ეს ევროპაში ჩვენი ყველაზე ცუდი გამოსვლა იყო. არაფერს არ ვიმსახურებთ. გაკვირვებული ვარ. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი თამაშის დონე იზრდებოდეს. მატჩს კარგ ფორმაში და კარგი განწყობით შევხვდით, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. უკეთ უნდა გვეთამაშა, ჩვენ ეს შეგვიძლია.

ერთადერთი კარგი რამ არის ის, რომ განმეორებითი მატჩი იქნება. „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრას დიდი იმედით ველოდები“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „ოლიმპიაკოსთან“ რთული მატჩი გველის“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. პირეოსში ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ბერძნებთან მძიმე შეხვედრა ელის.

„ამ თამაშებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამიტომ, დამდეგ მატჩსაც მოუთმენლად ველოდები. ჯგუფში დაკავებულმა პირველმა ადგილმა უპირატესობა მოგვცა, თუმცა „ოლიმპიაკოსთან“ მძიმე შეხვედრა გველის. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი თამაში გვმართებს. ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ჯერ ამ დაპირისპირებაში უნდა გავიმარჯვოთ.

უეინ რუნი და რობინ ვან პერსი კარგ ფორმაში არიან. ისინი მნიშვნელოვან მატჩებშიც იტანენ გოლებს. როდესაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ, მთლიანი გუნდი უკეთ გამოიყურება. „ოლიმპიაკოსმა“ მშვენივრად ითამაშა „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ბენფიკასთან“. ბერძნები რთული ჯგუფიდან გავიდნენ. ასე რომ, რთული დაპირისპირება გველის“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

მატჩი „ოლიმპიაკოსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დღეს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერც ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში, „ფულემთან“ გამართულ საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მე-19 წუთზე ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა სტივ სიდუელმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 78-ე წუთზე მოახერხეს, გატანილი გოლით თავი რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა. ორ წუთში მაიკლ კერიკმა „წითელი ეშმაკები“ სულაც წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის კომპენსირებულ დროში დარენ ბენტმა მაინც მოახერხა ლონდონელებისთვის ქულის გადარჩენა. ამრიგად, „იუნაიტედმა“ შინ ვერც გათამაშების ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო.

მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

„უნდა გაგვემარჯვა, მაგრამ რამდენიმე შეცდომის გამო სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვითი ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ მოგვიწია. ასეთებიც ხდება ხოლმე.

ჩემმა გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბოლო მომენტში გადამწყვეტი დარტყმა გვაკლდა. ჩვენ დავიმსახურეთ მოგება, დავიმსახურეთ სამი ქულა“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 41 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული. „ფულემმა“ კი ჰაერივით საჭირო ქულა მოიპოვა, თუმცა 20 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა.

აქვე გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

 

ბექა დოგრაშვილი

მოიესი რიო ფერდინანდს ნდობას უცხადებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდის კანდიდატურას მოიაზრებს.

„რიომ ვარჯიში განაახლა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ფერდინანდი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, განსაკუთრებით კი – სეზონის პირველ ნახევარში. მან სასტარტო თითქმის 10-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. როდესაც აქაურ გარემოს ჯერ კიდევ ვსწავლობდი, რიო ფერდინანდი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

დაცვის ცენტრში სერიოზული კონკურენცია გვაქვს, მაგრამ ის ჩვენთვის კვლავ ღირებული და პატივსაცემი ფეხბურთელია“, – მოიესის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურობას აპირებს. ბრიტანული „სანის“ ცნობით, დევიდ მოიესს სატრანსფეროდ 90 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

„კლუბს თანხა აქვს და რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებთ. მთავარი სატრანსფერო მიზნების განხორციელებასთან ზაფხულში ძალზედ ახლოს ვიყავით. ახლა ადვილია თქმა, რომ კლუბმა ამ მიმართულებით ვერაფერს მიაღწია, თუმცა სინამდვილეში თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში დარჩენა ან სხვა გუნდში გადასვლა. საქმე ფულში ნამდვილად არ ყოფილა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევისას ექვსთვიან პერიოდს კი არ განვიხილავ, არამედ შორეულ პერსპექტივაში ვიყურები. ის მოთამაშეები გვინდა, რომლებიც ექვსი-შვიდი წლის შემდეგაც ჩვენთან იქნებიან“, – აღნიშნა მოიესმა.

ბექა დოგრაშვილი

შინჯი კაგავა იმდენად ბევრს ჭამს, რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს

შინჯი კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში არ შეიყვანეს. გაინტერესებთ მიზეზი? მან ზედმეტად ბევრი ჭამა, მუცელი გაებერა და ცუდად გახდა. დიახ, ასე ბრძანა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

„შინჯი „ევერტონთან“ (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ცუდად გახდა, პარასკევს ცოტა ივარჯიშა, თუმცა არ გავრისკეთ და ტრავმა რომ არ მიეღო, ის არ ვათამაშეთ.
შინჯი ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც გაებერა მუცელი. ვფიქრობ, ის უკვე კარგად არის“, – აღნიშნა მოიესმა.

გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას, კაგავას ავტოგრაფი სთხოვეს. იაპონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს ხელმოწერილი ფურცელი ისე დაუბრუნა, რომ მისკენ თავიც არ მიატრიალა. საინტერესოა, ამაშიც გაბერილმა მუცელმა შეუშალა მას ხელი?!

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002 წლის შემდეგ, მიჯრით პირველად დამარცხდა სახლში. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რობინ ვან პერსიმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ახლა კი, შინჯკი კაგავა ზედმეტად ბევრს ჭამსო. საინტერესოა, რა ხდება მოიესის თავს.

ბექა დოგრაშვილი