მარადონას ვარაუდი, თუ ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა თვლის, რომ წელს „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. პორტუგალიელი ფეხბურთელის გარდა, ჯილდოს პრეტენდენტთა შორის „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი არიან.

„მესის მიმდინარე წელს ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა. მას კრიშტიანო რონალდუმ უნდა აჯობოს“, – მარადონას სიტყვები ჟურნალ Le Buteur-ში გამოაქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი: „მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა. 40 წლის მცველი არ დაკონკრეტებულა, თუ რომელია მისთვის უკეთესი ფეხბურთელი.

„მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. პირველ მათგანთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი, ფანტასტიური იყო. მას გასაოცარი სისწრაფე და ტექნიკა აქვს.

მარადონა ჩემი მწვრთნელი იყო და არგენტინის ნაკრებში თამაშის პერიოდში ვცდილობდი, გადმომეცა ის განცდები, რასაც მაშინ ვგრძნობდი“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „კალჩო მერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არგენტინელი მცველი ექვსთვიანი უქმობის შემდეგ „ინტერის“ განაცხადში დაბრუნდა. მართალია, მას „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში არ უთამაშია, თუმცა სათადარიგოთა შორის იყო. ძანეტი მოედანზე დაბრუნებას იანვრამდე გეგმავს.

ბექა დოგრაშვილი

 

მარადონამ აგუეროს უნებისყოფო უწოდა

დიეგო მარადონა თვლის, რომ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო უნებისყოფო ადამიანია.

აგუერო მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაშორდა მეუღლეს, მარადონას ქალიშვილ ჯანინას, რომელთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ჯანინა ვაჟიშვილ ბენჟამინთან ერთად მადრიდში ცხოვრობს.

„ის უნებისყოფოა. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა. ჩემი შვილის ადვოკატთან მომდევნო შეხვედრაზე დასწრება მეც მინდა. მაინტერესებს, რითი გაიმართლებს თავს ის (აგუერო)“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს „ინდეპენდენტი“.

30 ოქტომბერს დიეგოს 53 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა იუბილე დუბაიში აღნიშნა.

„ორი დღით ადრე ბენჟამინმა ასეთი რამ მითხრა: „ბაბუა, თუ ამ დღეს ვერ გნახავ, მაშინ წინასწარ მოგილოცავ იუბილეს“. ამ სიტყვებმა ამატირა“, – აღნიშნა მარადონამ.

ბექა დოგრაშვილი

მარადონა „ნაპოლის“ გაწვრთნაზე ალაპარაკდა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა სურს.

„მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესი გუნდს დატოვებს, მინდა, რომ „ნაპოლი“ მე ჩავიბარო. კლუბების ხელმძღვანელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მე მათ გუნდს ვერ შევეწყობი. სწორედ ამიტომ არ ვწვრთნი არც ერთ გუნდს ამჟამად. საქმე ფინანსურ ასპექტში არ მდგმარეობს, უბრალოდ მათ ჩემი ეშინიათ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

მარადონა მოთამაშის რანგში „ნაპოლის“ ღირსებას 1984-დან 1991 წლამდე იცავდა. 1987 და 1990 წლებში არგენტინელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

ბექა დოგრაშვილი

მარადონას ეკლესია

„ბარსელონას“ არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მალე მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნება.

ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული მუზეუმი როსარიოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახდება 1998 წლის 30 ოქტომბერს გახსნილ მარადონას ეკლესიასთან (Iglesia Maradoniana) ერთად. ტაძრის დამაარსებელი ადგილობრივი მკვიდრი ალეხანდრო ვერონი გახლავთ, რომელმაც პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხვა არგენტინელების მსგავსად, თავადაც გულმხურვალე კათოლიკეა, თუმც დიეგო მარადონა ღმერთთან ჰყავს გაიგივებული, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის კისერზე სხვადასხვა ცოდვებია – თავდასხმა ჟურნალისტებზე, ნარკოტიკების მოხმარება…

მეცნიერება ამ გამოვლინებას რელიგიურ სინკრეტიზმს უწოდებს, რაც სხვადასხვა კონფესიათა ნაერთს გულისხმობს, ამ შემთხვევაში კათოლიციზმისა და… ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის თაყვანისცემას.

მარადონას ეკლესიას მთელი მსოფლიოდან ჰყავს მნახველები და მათი რაოდენობა დღესდღეობით 150 ათას კაცს შეადგენს. ადგილობრივი მთავრობა და ოფიციალური ეკლესია ამ უცნაურობას ლოიალურად უყურებს, თავად დიეგომ კი თავის სულიერ საცხოვრისს ბუცები და არგენტინის ნაკრების ფორმა შესწირა.

გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ამ ეკლესიას ორი მთავარი დღესასწაული აქვს – 30 ოქტომბერი (მარადონას დაბადების დღე) და 22 ივნისი (1986 წლის 22 ივნისს, მექსიკის მუნდიალზე ლეგენდარულმა არგენტინელმა „ათიანმა“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, ერთი ხელით, რომელსაც შემდეგ „ღმერთის ხელი“ ეწოდა). აქ დიდი მოწიწებით მოიხსენიებენ აბრევიატურას D10S. ცნობისთვის, dios ესპანურ ენაზე ღმერთს ნიშნავს.

მარადონას ეკლესიას საკუთარი ათი მცნება აქვს, რომლის რამდენიმე პუნქტსაც აქვე გთავაზობთ:

• „გიყვარდეს ფეხბურთი ყველაფერზე მეტად“;
• „დაიცავი არგენტინის ფერები“;
• „იქადაგე სიტყვა “დიეგო მარადონა” მთელ მსოფლიოში“;
• „მიჰყევი მარადონას ეკლესიის სწავლებას“;
• „იყოს დიეგო შენი და შენი შვილების მეორე სახელი“.

ბექა დოგრაშვილი

 

მამები და შვილები – მარადონები

მამა – დიეგო არმანდო მარადონა          შვილი – დიეგო არმანდო მარადონა სინაგრა

დიეგო მარადონა არასდროს აღიარებდა არაკანონიერ შვილს, რომელიც 1986 წელს ნეაპოლელი კრისტინა სინაგრასგან შეეძინა. თავდაპირველად, არგენტინელი ფეხბურთელი მამობის დადგენის პროცესში დე ენ ემ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდა, რის შემდეგაც იტალიურმა სასამართლომ ბავშვს მამის გვარის ტარების უფლება მისცა. გარდა ამისა, მარადონას ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

2003 წლის მაისში, როცა მარადონა იტალიის ქალაქ ფიოჯიში გოლფს თამაშობდა, მასთან მარადონა-უმცროსი მივიდა. არგენტინელი მინი-ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობის დატოვება დააპირა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შვილთან ისაუბრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გამომშვიდობებისას მარადონა ბიჭს გადაეხვია და გადაკოცნა კიდეც, თუმცა ვერც ამ და ვერც მომდევნო შეხვედრებმა ფეხბურთის ღმერთზე გავლენა ვერ მოახდინა. 2005 წლის ოქტომბრის თვეში მარადონამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა:

“თანხმობა არ ნიშნავს მიღებას. ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც სიყვარულის ნაყოფია. მათ დალმა და ჯანინა ჰქვიათ. წარსულში დაშვებულ შეცდომებს თანხობრივად ვანაზღაურებ. სასამართლომ იძულებული გამხადა, მას ფული გადავუხადო (1998 წელს მარადონას სინაგრას მიმართ 221 ათასი დოლარის ვალი დაუგროვდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სასამართლოს მიმართა. – ავტ.), მაგრამ ის ვერ მაიძულებს, რომ ბავშვი შევიყვარო”.

დიეგო მარადონა სინაგრა მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, თუმცა პლაჟის ფეხბურთში. 2008 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც გახდა. მიუხედავად ამისა, 27 წლის მოთამაშე არ კარგავს იმედს, რომ მწვანე მოედანზეც შეძლებს თავის წარმოჩენას.

ბექა დოგრაშვილი

მარადონა: „ვიმედოვნებ, ნეიმარს ბოდიბილდერად არ აქცევენ“

დიეგო მარადონა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ნეიმარის თამაშით აღფრთოვანებულია. ფეხბურთის სპეციალისტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ნეიმარი ფიზიკურად აუცილებლად უნდა მოღონიერდეს, თუმცა  ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ კატალონიაში 21 წლის თავდამსხმელისგან ბოდიბილდერს არ დააყენებენ.

„ის ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ყურადღების არეალში უნდა გყავდეს. მან იცის, თუ როგორ უნდა აკონტროლოს საკუთარი სხეული და სულაც არ სჭირდება ბოდიბილდერად ქცევა. ვიმედოვნებ, რომ კატალონიაში მსგავს რამეს არ გააკეთებენ. ნეიმარისგან მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა მოითხოვონ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს Goal-ი.

ბექა დოგრაშვილი