გიორგი კორიფაძე გორის “დილაში” ითამაშებს

საჩხერის “ჩხიურას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი კორიფაძე კარიერას გორის დილაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

უცნობია, რამდენი ხნით ითამაშებს 28 წლის სპორტმსენი “დილას” შემადგენლობაში. ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ კორიფაძეს დასამახსოვრებელი კარიერია ჰქონდა “ვიტ ჯორჯიაში”, რომელშიდაც 2009-2014 წლებში გამოდიოდა. ამის შემდეგ კი იყო საჩხერის “ჩიხურა”. მან 2014 წლის ზაფხულიდან დღემდე ითამაშა იმერელთა რიგებში და საქართველოს თასიც მოიგო.

რატომ გაჩნდა “დილას” სტადიონის მინდორზე სოკო (ვიდეო)

როგორც გუშინ გამცნეთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონის მინდორზე სოკოები ამოვიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი “დილას” ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ფაქტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც მოედნის მომვლელი გიორგი მაისურაძე ამბობს, საგანგაშო არაფერია, პირიქით, სოკოების გაჩენა იმის მანიშნებელია, რომ მინდორი ჯანსაღი და სასუქებითაა გაჯერებული.

“გარდა ამისა, სტადიონი გადაიტვირთული იყო და რამდენიმე დღე დავასვენეთ. ვრწყავთ დღეში ორჯერ. სოკო, საერთოდ, ნოყიერ ნიადაგზე ჩნდება. სინესტემ, მზემ და მინდვრის დასვენებამ ბაქტერიების მყისიერად გაცოცხლება გამოიწვია და სოკოების სახით გამოჩნდა. დღეს უკვე მოვლილია ბალახი და ვემზადებით სავარჯიშოდ”, – ციტირებს გიორგი მაისურაძის სიტყვებს qartli.ge.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ალექსი შევჩენკო: „მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე“

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ალექსი შევჩენკო კიევის „დინამოდან“ არენდით აიყვანა და არც შემცდარა, რადგან უკრაინელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა მეკარე 1992 წლის 24 თებერვალს უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკში დაიბადა. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა გორის „დილაში“ უკვე მოახერხა ორი სერიოზული თამაშის სრულფასოვნად ჩატარება.

გორის „დილას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ალექსი შევჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

— გთხოვთ გვიამბეთ თქვენ შესახებ, სად და როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?
— საფეხბურთო კარიერა ქალაქ დნიპროპეტროვსკში ს.კ. „ინტერში“ დავიწყე. 15 წლის ასაკში ზაპოროჟიას „მეტალურგთან“ გავაფორმე კონტრაქტი, ჯერ მეორე გუნდში გამოვდიოდი შემდეგ კი პირველ გუნდშიც დავიწყე თამაში.
ამის შემდეგ უკვე კიევის „დინამოში“ მოვხვდი, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ გადავედი, ბოლოს კი თქვენთან გორის „დილაში“ წამოვედი სათამაშოდ.

— რატომ გადაწყვიტყეთ უკრაინის ჩემპიონატიდან საქართველოში გადმოსვლა?
— მე კვლავ კიევის „დინამოს“ ვეკუთვნი, მაგრამ იქ საკმაოდ მრავლად იყვნენ მეკარეები და სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად მქონდა. შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ შემომთავაზა კონტრაქტი და როგორც ამბობენ, იქ ცუდად არ მითამაშია. ალბათ, ამიტომაც გორის „დილა“ დაინტერესდა ჩემით და არენდით ამიყვანა.

— რას ფიქრობთ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებსა და სათამაშო სტილზე?
— გახსნილ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს არ კეტავენ და ტექნიკური სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. პოტენციალი არის მოთამაშეებში და მთავარია, სწორად განვითარდნენ.

— გვერდს ვერ ავუვლით ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებას. აქამდე თუ გქონიათ მსგავსი მასშტაბის მატჩში მონაწილეობის გამოცდილება?
— მე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ძალიან დიდი ემოციები მივიღე და ძალიან მომეწონა ეს შეგრძნება. სწორედ ამიტომ ღირს ფეხბურთის თამაში.
სამწუხაროდ, გორში ძალიან ცხელოდა და ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ამან შეგვიშალა ხელი თამაშის სწორად წარმართვაში.

— როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში“ და როგორ მიდის შენი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?
— შეკრების პირველივე დღეებში ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია სწრაფად გამევლო. ირაკლი მოდებაძესთან და დათო კვირკველიასთან ერთად „ზაპოროჟიაშიც“ ვთამაშობდი და ისინიც ძალიან დამეხმარნენ. საერთო ენა სწრაფად გამოვნახე და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე.

— გვიამბეთ „დილასთან“ მიმართებაში თქვენი გეგმების შესახებ.
— რა თქმა უნდა, მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვიასპარეზო.

— რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?
— ძალიან კარგი მწვრთნელია, ფეხბურთელებიც ძალიან აფასებენ. ახალგაზრდა იმედისმომცემი ტრენერია და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

— როგორ შეაფასებდით „დილა“-„პარტიზანს“ შორის გამართულ შეხვედრებს?
— პირველ რიგში, ასეთი დონის თამაშიდან ყველამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც „პარტიზანია“, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა. თუმცა, შედეგი რაც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, მისაღები არ იყო. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ და მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

— თქვენ უკვე იცნობთ საქართველოს ჩემპიონატს: რა პრობლემებს ხედავთ ჩემპიონატში და რის გამოსწორებას ისურვებდით?
— მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც ვუშვებ შეცდომებს და ეს პრობლემები ჩემი გამოსასწორებელია. მე ჩემ თავზე მაქვს სამუშაო და ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

— მომავალში გორის „დილასთან“ ერთად რას გეგმავთ?
— არ ვიცი, რა მოხდება, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ არის დაკავშირებული და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება.

— და ბოლოს, საქართველოს შესახებ რას გვეტყვით. როგორ მოგწონთ ქვეყანა და რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად.
— რა პერიოდიც აქ ვიმყოფები, უკვე ძალიან ბევრი რამით მოვიხიბლე, ამიტომ მიჭირს რამის გამორჩევა. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. საჭმელიც უბრალოდ ძალიან გემრიელია და როცა ქუთაისში ჩავედი, მაშინვე წონაში მოვიმატე, ისე მომეწონა თქვენი სამზარეულო. ალბათ, კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

“დილას” პრესსამსახური

 

“დილას” დირექტორის სპეციალური მიმართვა

გორის “დილას” დირექტორი გიორგი ტუღუში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გორის ,,დილა“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ და სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. ამავდროულად, ასეთი მასშტაბის ღონისძიებები, რომელიც საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს დარწმუნებული ვარ ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქ გორის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
გორის ,,დილას“ აქვს რეალური შანსი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპისკენ. ორი თვის წინ შეუძლებელი ჩანდა ,,დილას“ სტადიონზე ასეთი მნიშვნელობის მატჩის გამართვა, თუმცა დავისახეთი მიზანი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრა სწორედ გორში გაიმართებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი სრულ მზადყოფნაში ხვდება დღევანდელ შეხვედრას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა თანამშრომელს, სპორტულ და ორგანიზაციულ მხარეს, რადგან მათ უმოკლეს პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს, იმისათვის რომ ჩვენს არენას უეფას სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის გაეცა პასუხი.
მთავარი სათქმელი, რომელიც აგრეთვე სიურპრიზია ჩვენი გულშემატკივრისთვის, მინდა ბოლოსკენ გადმოგცეთ: იმ შემთხვევაში თუ დღეს ჩვენი გუნდი ,,პარტიზანის“ ბარიერს გადალახავს, რისი დიდი იმედიც გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, დღევანედლის მსგავსად, გორის ,,დილა“ კვლავ ჩვენს ქალაქში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქალაქი, ღმერთმა დალოცოს გორის ,,დილა“.

„დილას“ პრესსამსახური

“პარტიზანის” თავკაცი: “დილასგან” განსხვავებულ თამაშს მოველით”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. სერბები საქართველოს დედაქალაქში დღეს დილით ჩამოფრინდნენ, მატჩისთვგის თბილისშივე ემზადებიან.

“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხვალ “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს მოელის.

“გვინდა, რომ ორი მატჩის ჯამში “დილას” ვაჯობოთ. ბელგრადში დადებით შედეგს მივაღწიეთ, რაც მიზნის გასაიოლებლად მნიშვნელოვანი იყო. “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ბელგრადში მეტოქისგან ბევრი არაფერი გვინახავს და სიფრთხილე გვმართებს.

“პარტიზანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვს. იქამდე მისასვლელი გზა იოლი არ არის, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მომენტების გამოყენების მხრივ პრობლემები გვქონდა, ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაცილებით ეფექტიანად ვიმოქმედეთ (“პარტიზანმა” “მეტალაცი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა – ავტ).

ბელგრადიდან დღეს დილით ჩამოვედით. დიდი გზა გამოვიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავით. გორამდე ჩასვლა დამატებით დროს მოითხოვდა. ჩვენი მიზანი არ იყო, რომ მთელი დრო მოგზაურობაში დაგვეხარჯა. ვიცით, რომ გორი კარგ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა “პარტიზანის” თავკაცმა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სოსიაშვილი: “ამ მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ვატარებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

“რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონის გაივსება. ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის “დილა” მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა.

გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“დილა” — “პარტიზანის” მატჩს პოლონელები განსჯიან

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის გასამართ საპასუხო მატჩს პოლონელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 38 წლის დანიელ სტეფანსკი იქნება.

ხაზის მსაჯი: რაფალ როსტკოვსკი (პოლონეთი);
ხაზის მსაჯი: მარცინ ბონეკი (პოლონეთი);
მეოთხე მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი).

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა 21 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“დილასა” და “პარტიზანს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბელგრადის “პარტიზანსა” და საფეხბურთო კლუბ “დილას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 14 ივლისს ბელგრადში “დილას” საგულშემატკივროდ ჩასულ ქართულ დელეგაციას დედაქალაქ ბელგრადისა და საფეხბურთო კლუბ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და აღნიშნული შეთანხმებაც იქ გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ სერბული მხარის ინიციატივით გამართულ საქმიან ვახშამს გორის “დილას” დირექტორი გიორგი ტუღუში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “პარტიზანსა” და “დილას” შორის პერიოდულად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სპორტულ და ორგანიზაციულ საკითხებში.
აგრეთვე “დილას” და “პარტიზანის” ფეხბურთელებისთვის, ისევე როგორც საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე ფეხბურთელებისთვის, სერბეთსა და საქართველოში განხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენთა გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლებას.
ნავახშმევს საფეხბურთო კლუბ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას სტადიონის ინფრასტრუქტურა და მუზეუმი დაათვალიერებინა.

 

“დილას” პრესსამსახური

„პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გორის „დილასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სეზონის სტარტს მოუთმენლად ველით. საქართველოს ჩემპიონს პატივს ვცემთ. ამ გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია, თუმცა იგივე ამბიცია ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა ხნის წინ მეტოქემ სამი დახურული მატჩი ითამაშა, მაგრამ მასზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. სიტუაცია პირველი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. „პარტიზანს“ ხვალინდელი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის შანსების გაზრდა სურს, მაგრამ წინ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გველის. პირველი თამაშის შემდეგ უფრო გვეცოდინება, თუ როგორ ვითამაშოთ.

„დილას“ რუსული სტილი ეტყობა – მოთამაშეები ბევრს დარბიან, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია, რაზეც შედეგები მეტყველებენ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვარ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, „დილას“ თამაშის ყურება ვერ შევძელით.

ფაბრიციოს გარდა, ამ მატჩისთვის ყველა მზადაა. იმედია, ის შემდეგი კვირის მიმდინარეობისას დაგვეხმარება.

მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერა ვთხოვო. წინ საინტერესო სეზონი გველის, „პარტიზანს“ ის მიზნები აქვს, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება“, – განაცხადა მილინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

“დილამ” თურქული გუნდი გაანადგურა

„დილამ“ თურქეთში მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა პირველი ლიგის „ალანიასპორთან“.

ჩვენი მეტოქე შერეული შემადგენლობით წარსდგა გორელების წინაშე. მათ ძირითად ფეხბურთელებთან ერთად რამოდენიმე ახალწვეული და ასევე დუბლშემადგენლობის რამოდენიმე ფეხბურთელიც ყავდათ.
შეხვედრა მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. გორელებმა საწყის 5 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხეს. პირველ შემთხვევაში გიორგი პაპავამ მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის გადააწოდა, ნავალოვსკიმ კედელი ილურიძესთან გაითამაშა და დაბალი ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1.
ორ წუთში „დილა“ წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მოედნის ცენტრიდან ლუკა რაზმაძემ ბურთი მარცხენა ფრთაზე მყოფ ნავალოვსკის გადააწოდა, რომლის გადაცემის შემდეგ ანგარიში ირაკლი მოდებაძემ გაზარდა – 2:0.

პირველ ნახევარში „დილას“ კიდევ რამოდენიმეჯერ შეეძლო ანგარიშის გაზრდა, ხოლო „ალანიასპორის“ ფეხბურთელები შორეული დარტყმებით ცდილობდნენ „დილას“ კარის აღებას, მაგარმ შევჩენკო საიმედოდ გამოიყურებოდა. პირველ ნახევარში უჩა სოსიაშვილს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა, როდესაც გიორგი ილურიძის ნაცვლად 39’-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილი შევიდა.
მეორე ნახევარიც გორელთა უპირატესობით დაიწყო. „დილას“ ფეხბურთელები სწრაფად და კომბინირებულად მოქმედებდნენ. მეტოქეს მისსავე ნახევარზე ავიწროვებდნენ და ხშირად მათ ნახევარზე რიცხვობრივ უპირატესობაში რჩებოდნენ. 52’-ე წუთზე საკმაოდ ლამაზი სანახავი გამოდგა ამ მატჩში გორელთა მესამე და ირაკლი მოდებაძის მეორე გატანილი გოლი. მარცხენა ფრთიდან კვლავ ნავალოვსკიმ იაქტიურა, რომელმაც ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოში და ირაკლი მოდებაძემ ერთი შეხებით ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში – 3:0.

საკმაოდ აქტიური იყო „დილას“ მარჯვენა ფლანგი და დავით ხურცილავა, რომელმაც არაერთხელ დაჯაბნა საკუთარი მეურვე და როგორც თვითონ ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, ასევე რამოდენიმე მწვავე გადაცემაც გააკეთა. მატჩის მიწურულს „დილამ“ ტემპს კიდევ უფრო მოუმატა და 76’-ე წუთზე იხეირა კიდევაც. მიხეილ გორელიშვილის მოწოდებულ კუთხურზე ლუკა რაზმაძემ ითამაშა თავით, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია და ბურთი იქვე მდგომ ალექსანდრე კვახაძეს მიუვიდა. „დილას“ კაპიტანს უკვე აღარ გაჭირვებია გოლის გატანა – 4:0.
79’-ე წუთზე უკვე ოთარ მარცვალაძემ შეძლო ძალიან ლამაზი სოლორეიდის შემდეგ „ალანიასპორის“ კარის დალაშქვრა – 5:0.

80’-ე წუთზე „დილას“ შემადგენლობაში ირაკლი მოდებაძის ნაცვლად გიორგი ერისთავი შევიდა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ჩაერთო თამაშში. 83’-ე წუთზე სწორედ ერისთავის მოწოდებულ კუთხურს მოყვა თურქების კარში გატანილი მე-6 გოლი, როდესაც მოწოდებულ ბურთს კვახაძე დაუხვდა და ბურთი გორელიშვილს მიუვიდა. მანაც ეფექტური დარტყმით მეექვსე გოლი გაიტანა მეტოქის კარში – 6:0.
შეხვედრის დამატებულ წუთზე კი გიორგი ერისთავის ბრწყინვალე გოლი ვიხილეთ, რომელმაც ინდივიდუალური სოლო რეიდი გატანილი გოლით დაასრულა. საბოლოოდ „დილამ“ შთამბეჭდავი ანგარიშით 7:0 დაამარცხა მეტოქე.

გორის „დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, ნავალოვსკი, კვირკველია, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ილურიძე (გორელიშვილი), მარცვალაძე, მოდებაძე (ერისთავი).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

„დილას“ ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვეს

10 ოქტომბერს „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც დაანონსებული იყო, შეხვედრის მთავარი თემა კლუბში ბოლო დროს არსებული ფინანსური მდგომარეობა გახლდათ. შეხვედრის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი და გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელი ქალაქის მერს და მხარის გუბერნატორს შეხვდნენ, სადაც რეგიონის ხელმძღვანელებმა კლუბს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს, რაც მისასალმებელი ფაქტია.

რაც შეეხება თვითონ პრესკონფერენციას, მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს სწორედ იმ აღნიშნულ შეხვედრაზე და კმაყოფილება გამოთქვეს მერის და გამგებლის მხრიდან მხარდაჭერაზე.

უჩა სოსიაშვილი: „შედგა შეხვედრა ქალაქის გამგებელ ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან და გუბერნატორთან ბატონ ზურაბ რუსიშვილთან, სადაც საუბარი იყო იმ პრობლემებზე რაც დღეს კლუბს აწუხებს. რათქმაუნდა, ძირითადი თემა იყო გუნდის ფინანსური საკითხი.

გუბერნატორმა და გამგებელმა პირობა მოგვცეს, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად მოგვარდება და ერთი კვირის განმავლობაში ჩაირიცხება ორი თვის ხელფასი, ასევე თამაშების პრემიალური თანხა და შემდგომში რა დავალიანებებიც არსებობს ნელ-ნელა დაიფარება. ასევე დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც განსაზღვრული იქნება და იგივე სიტუაცია აღარ შეიქმნება.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ რუსიშვილსა და ზურაბ ჯირკველიშვილს დიდი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მათი გვეიმედება და მჯერა რომ ჩვენს კლუბში ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.“

 

„დილას“ პრესსამსახური

„დილას“ პროტესტი

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში სადაც უკვე რვა ტური მიილია გორის „დილა“ მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად გუნდის წარმატებული სტარტისა, კლუბში ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და დავალიანება ოთხ თვეს შეადგენს.

მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან იმედისა, კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა კლუბში. 9 ოქტომბერს გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, რაც აღნიშნული პრობლემებიდან არის გამოწვეული. 10 ოქტომბერს თ. ბურჯანაძის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთელები მედიის საშუალებებთან გააკეთებენ განცხადებას, შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.

მივმართავთ ყველა იმ გულშემატკივარს ვისთვისაც სულ ერთი არ არის „დილას“ მომავალი. გთხოვთ მობრძანდეთ და დავდგეთ ერთად.

ს.კ. „დილა“