ზაგრების “დინამო” — “დინამო თბილისი” (სტატისტიკური შედარება)

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსა” და “დინამო თბილისს” შორის პირველი მატჩში ჩატარდება. შეხვედრა ზაგრების “მაქსიმირის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ გუნდების სტატისტიკურ შედარებას.

ზაგრების “დინამო”  სტატისტიკური შედარება  “დინამო თბილისი” 
61,05 მლნ ევრო საერთო საბაზრო ღირებულება 7,70 მლნ ევრო
25,1 გუნდის საშუალო ასაკი 26,2
15 ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 11
11 ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 6
16 უცხოელი ფეხბურთელი 6
ანტე ჩორიჩი (7 მლნ ევრო) ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია (600 000 ევრო)

“დინამო” — “ალაშკერტი”: (“დინამოს” სასტარტო შემადგენლობა)

ზუსტად ერთი საათი დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისსა” და ერევნის “ალაშკერტს” შორის გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია “დინამოს” სასტარტო განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (კაპ.), რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოთა შორის არიან: ლომაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, კურიე, მიკელ ალვარო, ჭელიძე.

შეხვედრა “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება და მას სებასტიან კოლცესკუს ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული “ალკმაარი” გახდა (ვიდეო)

დღეს დინამო არენაზე ფინალური შეხვედრით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის- ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. გათამაშების გამარჯვებული ჰოლანდიური აზ ალკმაარი გახდა, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლის წყალობით დინამო თბილისი დაამარცხა. მანამდე კი თანმიმდევრობით მივყვეთ…

მე- 7 ადგილისთვის შეხვედრა ბეშიქთაშის უარის გამო არ შედგა. მიზეზი ტრავმირებული და სიცხიანი ფეხბურთელების ყოლა გახდა, რის გამოც თურქული კლუბი ვერ ახერხებდა 11 კაციანი განაცხადის შევსებას. ასე, რომ ტირასპოლის შერიფს 3:0 მოგება ჩაეთვალა და მე- 7 ადგილზე გავიდა.

მეხუთე ადგილისთვის მატჩი ლეხიასა და დინამო 2- ს შორის უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და 5:4 აჯობეს პოლონელებს. პოლონელთა მხრიდან გოლები კასპერ ზარებამ, მარსელ სტეფანიაკმა, მატეუშ კაჩინსკიმ და ბართლომეი მერხელმა გაიტანეს. თბილისელებმა კი ხუთივე დარტყმა გამოიყენეს: გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ცერცვაძე, თორნიკე ძოწენიძე, ირაკლი აზაროვი და გიორგი გულდედავა გატანილი თერთმეტმეტრიანების ავტორები. გიორგი მამარდაშვილმა კი კონრად ვირას არ დაანება გატანა. საბოლოოდ მეხუთე ადგილი დინამო 2- ს ერგო.

ბრინჯაოს მედლებისთვის ერთამენთის პირისპირ თბილისის ლოკომოტივი და ტრაბზონსფორი წარდგნენ. თბილისელ ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ გუშინდელი დაძაბული ნახევარფინალის გავლენა და სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს სტუმრებს. ტრაბზონსფორმა ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა ლოკომოტივი. დუბლი ტაიპ ჯუმურმა შეასრულა, თითო გოლი კი სეფა აკგიუნმა და აჰმეტ სევინჩმა გაიტანეს.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას, რომელშიც დინამო და ალკმაარი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დინამო არენამ უმასპინძლა. ფინალმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე საკამო რაოდენობის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. შეხვედრა კი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თავიდანვე ღირს იმის აღნიშვნა, რომ ფინალმა თბილისელთა სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, მეტოქე კი ძირითადად კონტრშეტევაზე ეთამაშებოდა მასპინძელს. პაექრობის დებიუტში დინამოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ჯერ გიორგი კუციას შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი იასპერ შენდელაარმა მოიგერია, რაშიც მას ხარიხაც დაეხმარა, ხოლო შემდეგ თამაზ ბაბუნაძე ურტყავდა ახლო მანზილიდან, ბურთი კი ოდნავ აცდა სამიზნეს. ალკმაარის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ სახიფათო შეტევა განახორციელეს და იმ მომენტში უკვე დინამოს კარი გადაარჩინა ძელმა. მეორე ნახევარში დინამოელები ბევრს ეცადნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ, ბოლო მომენტში ხან ალკმაარის კიპერი თამაშობდა მაღალ დონეზე, ხანაც შემტევთა დარტყმას აკლდა სიზუსტე. შეხვედრის ბოლო წუთებზე, თბილისელთა კართან კუთხური დაინიშნა, ჩამოწოდებულ ბურთს ჯასტინ დე ჰაასმა თავი შეაგება და ანგარიშიც გახსნა. დინამო ვა ბანკზე წავიდა, მთელი გუნდით შეუტია, კონტრშეტევაზე ჩავარდა და ჯონ დე ბურმა მეორე გოლი გაიტანა. ამასთან ერთად შეხვედრაც დასრულდა. გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, სადაც თბილისელები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვნენ, ხოლო მირონ ბადუმ გამარჯვებულის კუთვნილი თასი აღმართა. მანამდე ფეხბურთელებმა პერსონალური პრიზებიც მიიღეს: საუკეთესო მოთამაშედ ჯოუი იაკობსი (აზ ალკმაარი) დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი- თამაზ ბაბუნაძე გახდა. საუკეთესო მეკარის პრიზი ალკმაარის კიპერმა- იასპერ შენდელაარმა მიიღო, ხოლო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის პრიზი ტრაბზონსფორის კაპიტანმა აჰმეთ ჰაკან სევინჩმა ჩაიბარა.

შერიფი 3:0 (ტექნიკური მოგება) ბეშიქთაში
ლეხია 0:0 (4:5) დინამო 2
ლოკომოტივი 0:4 ტრაბზონსფორი
დინამო 0:2 აზ ალკმაარი

“დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი

“დინამო თბილისი” საქართველოს ჩემპიონია! (ვიდეო)

დღეს, ფოთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “კოლხეთმა” “დინამო თბილისი” მიიღო. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ამ გამარჯვებით “დინამო” მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მადევრებისთვის მიუწვდომელი გახდა. სატურნირო ცხრილის ლიდერი უახლოეს მდევარ “სამტრედიას” 13 ქულით უსწრებს. ამრიგად, “დინამო თბილისმა” საქართველოს ჩემპიონის ტიტული რიგით მე-16-ედ მოიგო.

უმაღლესი ლიგა
XXVI ტური
“კოლხეთი” — “დინამო თბილისი” 1:3 (0:2)

კოლხეთი“: სეფიაშვილი, ზ. თევზაძე, თუხარელი (კვარაცხელია 67’), ლ. კაკულია (კილასონია 56’), სიჭინავა (ქებურია 60’), პოლიულიახი, ჟიშკარიანი, კორობკა, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია.

დინამო“: ბეგაშვილი, კაკაბაძე, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, პარუნაშვილი, ჯიღაური (არაბული 76’), ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ალვარო 46’), იაშვილი, ქვილითაია (გელაშვილი 63’).

გოლები: გოგონაია 75’ (პენ) — ქვილითაია 13’ (პენ), ჯიღაური 24’, რენე 71’
გაფრთხილებები: გოგონაია 12’ ლემონჯავა 15’ — ჯიღაური 41’ ჟიშკარიანი 73’.
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია.

“დილა” — “დინამო”: პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურში გორის “დილასა” და “დინამო თბილისს” შორის მიმდინარე მატჩში არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის პირველ ნახევრში ირაკლი მოდებაძის საჯარიმო მოედანზე წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. როგორც გორიდან ჩვენი კორესპონდენტი გადმოგვცემს, პენალტის შესრულებამდე მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები გაისმა, რასაც “დინამოს” ქომაგებთან შელაპარაკება მოჰყვა. სიტუაციის განსამუხტავად საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.

პენალტი მოდებაძემ ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში იმავე მოდებაძემ დუბლი გაიფორმა. “დილა” ანგარიშით 2:0 იგებს, მატჩის დასრულებამდე კი დაახლოებით 20 წუთი დარჩა.

 

ზუსტად 39 წლის წინათ ესპანეთში გამართულ ტურნირზე “დინამომ” მე-3 ადგილი დაიკავა

ზუსტად 39 წლის წინათ თბილისის “დინამომ” ესპანეთში გამართულ ამხანაგურ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

ლა ლინეას თასი საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გახლდათ, რომელიც 1970 წლიდან სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში ტარდებოდა. 1976 წელს ტურნირში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ “ამსტერდამთან”, “ვალენსიასთან” და “მალაგასთან” ერთად თბილისის “დინამომაც” მიიღო. 7 აგვისტოს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში “მალაგასთან” უგოლოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ “დინამო” პენალტების სერიაში დამარცხდა. ნისლის გამო ეს შეხვედრა მხოლოდ 60 წუთს გაგრძელდა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვალენსიამ” საფეხბურთო კლუბი “ამსტერდამი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელიც ნახევარფინალიდან მეორე დღესვე გაიმართა, “დინამომ” “ამსტერდამი” ანგარიშით 6:1 დაამარცხა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულა ვიტალი დარასელიამ, თითო-თითო გოლი რევაზ ჩელებაძემ, მანუჩარ მაჩაიძემ, დავით ყიფიანმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.

“ვალენსიასა” და “მალაგას” შორის გამართული ფინალური მატჩიც უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ანდალუსიელებმა იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

1991 წლიდან ტურნირზე მონაწილეობას მხოლოდ ორი გუნდი იღებდა და მათ შორის პირდაპირ ფინალური მატჩი იმართებოდა. ეს ტურნირი უკანასკნელად 2004 წელს ჩატარდა, როდესაც მადრიდის “ატლეტიკომ” “სარაგოსა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გაზეთ “მარკას” საარქივო მასალა ნახევარფინალის შესახებ

Marca sample

უეფამ “დინამო თბილისი” დააჯარიმა (ფოტო)

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” წინააღმდეგ შინ გამართულ მატჩში (2:1) მომხდარი ინციდენტების გამო “დინამო თბილისი” დასაჯა.

უეფას გადაწყვეტილებაში ქართულ გუნდს შემდეგი ბრალდებები აქვს წაყენებული: რასისტული ქცევა, მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა, არალეგიტიმური ბანერი.

აღსანიშნავია ის, რომ ფანები მოედანზე არ შეჭრილან. თბილისელთა მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ ტრიბუნის მოაჯირმა ქომაგების დაწოლას ვერ გაუძლო და რამდენიმე მათგანი სარბენ ბილიკზე გადავარდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი მსუბუქადაც დაშავდა.

“დინამოს” შემდეგი სახის სანქციები დაეკისრა: ევროთასების მომდევნო შეხვედრაზე “დინამო არენას” ჩრდილოეთ ნაწილის მეორე იარუსზე არსებული მე-16 სექტორი დახურული იქნება. გარდა ამისა კლუბი 20 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.

Banner

„დინამოსთან“ მატჩის გამო „გაბალა“ უეფა-სგან დისკვალიფიკაციას მიიღებს

უეფა აზერბაიჯანულ „გაბალას“ თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში განვითარებული მოვლენების გამო დასჯის. როგორც აზერბაიჯანული პორტალი azerisport.com-ი წერს, უეფა „გაბალას“ სტადიონს დისკვალიფიკაციას დაუწესებს.

აქედან გამომდინარე, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის ჩატარება კლუბს სხვა ქალაქში მოუწევს. ამის გამო „გაბალა“ უკვე ბაქოს „ნეფტჩის“ დაუკავშირდა და „ბაქსელ არენას“ გამოყოფა სთხოვა, რომელზეც აზერბაიჯანული კლუბი 23 ივლისს სერბულ „ჩუკარიჩკისთან“ თამაშს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსთან“ მატჩში ადგილობრივმა გულშემატკივრებმა რამდენიმე ბანერი გაშალეს, რომელზეც რამდენიმე ქართული ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიეს. გარდა ამისა, „გაბალას“ ქომაგებმა საქართველოს დროშაც დაწვეს.

“გაბალას” ფეხბურთელებმა “დინამოს” დამარცხებისთვის პრემიები მიიღეს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” ბარიერის დაძლევისთვის “გაბალას” ფეხბურთელებზე პრემიები გაიცა.

Azerifootball.com-ის თანახმად, აზერბაიჯანული გუნდის ძირითადი შემადგენლობის თითოეულმა ფეხბურთელმა პრემიის სახით 12 ათასი აშშ დოლარი მიიღო. “გაბალას” პრეზიდენტი ტალე ჰეიდაროვი საპასუხო მატჩს დაესწრო და საკუთარი გუნდის თავდადებით კმაყოფილი დარჩა.

წყაროს თანახმად, მომდევნო ეტაპების დაძლევის შემთხვევაში, პრემიის ოდენობა გაიზრდება. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში კი, “გაბალას” მოთამაშეები აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ოდენობის ბონუსებს მიიღებენ.

 

აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს “გაბალა” სპეციალური განცხადებით ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. კლუბმა განცხადება ორ ენაზე – აზერბაიჯანულად და ქართულად გამოაქვეყნა.

“გაბალას” განაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უეფას ევროპის ლიგის გათამაშების ფარგლებში 09.07.2015 წელს ჩატარებული მატჩის “გაბალა” – “დინამო თბილისი” დროს მომხდარი შემთხვევის გამო დიდი სინანულის და მწუხარების გრძნობა განვიცადეთ. მატჩის დაწყებამდე უმაღლეს დონეზე იქნა განხორციელებული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მოწინააღმდეგე ძალებმა, როგორც თბილისში ასევე გაბალას ქალაქის სტადიონზე, თავიანთი საქმე გააკეთეს. ერთი პროვოკატორი ჯგუფის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტების შეურაცხყოფა და პოლიტიკური ლოზუნგების წამოყენება ამ პროვოკაციის ერთ ერთ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ადრე, ასევე ეხლაც ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო თანამშრომლობას, და ჩვენი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე ზეგავლენას ეს დასაგმობი ფაქტი ვერ მოახდენენ.
გუშინდელი მატჩის წინ და შემდეგ ორივე კლუბების წარმომადგენლებს შორის მიუხედავად მატჩის შედეგისა არ ყოფილა დაძაბული ურთიერთობები, ეს მოედანზეც ჩანდა ფეხბურთელებს შორის.

ჩვენ გვინდა რომ, ასეთი ქმედებების ჩამდენები ორივე ქვეყანაში დადგინდება და შესაბამის სასჯელს მიიღებენ.

კიდევ ერთხელ ვგმობთ მომხდარს და უდიდეს სინანულს გამოვხატავთ”.

 

აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს აზერბაიჯანული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი გამოეხმაურა.

“გუშინ სტადიონზე ასეთი ბანერების გამოფენის ფაქტით შეშფოთებულნი ვართ. მე შევხვდი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებს და დამნაშავეების გამოვლენა ვთხოვე. ასეთი პროვოკაციის დაშვება არ შეიძლება. “დინამოს” სურს, რომ უეფას მიმართოს, ჩვენ ქართული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ყველაფერში ჩვენი კლუბი დამნაშავე არ არის. ეს ბანერები ჩვენი ფანკლუბის ტრიბუნაზე არ გამოუფენიათ. დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს ადამიანები გამოავლინონ და დასაჯონ. პატივი უნდა ვცეთ სხვა ქვეყნების ატრიბუტიკასა და დროშებს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ სხვებისგან. რაც არ უნდა მომხდარიყო, სხვა ქვეყნის ატრიბუტიკას პატივი უნდა ვცეთ. პირველ მატჩი ქართველი გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი პროვოკაციული ქმედება არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ჩვენ უფრო ტოლერანტული უნდა ვიყოთ”, – ციტირებს “გაბალას” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს სპორტული პორტალი azerisport.com

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

“დინამო თბილისი” აპირებს, რომ მომხდართან დაკავშირებით უეფას მიმართოს.

 

 

“დინამო თბილისი” გაბალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასა” და “დინამო თბილისს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს თბილისური კლუბის მმართველი დირექტორი ნიკა ჯღარკავა გამოეხმაურა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მატჩზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ფაქტი 100 პროცენტით არ შეგვიმჩნევია. მომხდარი საჭიროებს გაანალიზებას. კლუბის მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი განცხადება გაკეთდება. მომხდართან დაკავშირებით უეფასაც მივმართავთ”, – განაცხადა ნიკა ჯღარკავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერები, რომლებზედაც საქართველოს ქალაქები აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, მასპინძლებმა საქართველოს დროშა სტადიონზევე დაწვეს. მთელი მატჩის განმავლობაში მათი მხრიდან ქართველი ქომაგების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.