ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კანავარო კარიერის გაგრძელებას ევროპაში აპირებს. მისი სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ აზიას მოიცავს. ის 2013 წლიდან მოყოლებული არაბულ და ჩინურ კლუბებს წვრთნიდა. ბოლოს კანავარო “გუანჩჟოუ ევერგრანდს” ედგა სათავეში, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა.
მან “ტიანცზინ ტიანჰაისთან” ერთად ჩინეთის პირველი ლიგა (რანგით მეორე დივიზიონი; 2016 წ.), “გუანჩჟოუსთან” ერთად კი ჩინეთის სუპერლიგა ( რანგით უმაღლესი დივიზიონი; 2019 წ.) და სუპერთასი (2018 წ.) მოიგო.
ახლა იტალიელი ევროპაში გეგმავს საკუთარი სამწვრთნელო უნარების მოსინჯვას. კანავაროს პირველი შემოთავაზებები ინგლისიდან უკვე ჰქონდა.
“ვფიქრობ, ევროპაში მწვრთნელად მუშაობისთვის მზად ვარ. აზიაში საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ საუკეთესო კლუბები და საუკეთესო მწვრთნელები ევროპაში არიან. თუ საუკეთესოთა შორის მოხვედრა მინდა, მათთან უნდა შევიდე კონკურენციაში.
საამაყო იყო ის, რომ ჩემი კანდიდატურით “ევერტონი” და “უოტფორდი” დაინტერესდნენ. ამას ვაფასებ.
ვიცი, რომ ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. ჩემთვის სწორი კლუბი უნდა შევარჩიო – ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში.
დღესდღეობით შედეგის ხილვა ყველას დროის მოკლე პერიოდში სურს. ასე რომ, კლუბში დარწმუნებული უნდა ვიყო. თანახმა ვარ პატარა კლუბის ჩაბარებაზეც, რადგან მწვრთნელად მუშაობა და ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა.
არც მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის გაწვრთნაზე მაქვს რაიმე პრობლემა. იქაც შეგიძლია, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი იყო. ჩემი ფილოსოფია მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება სწავლა და განვითარება. არ ვარ მწვრთნელი, რომელიც იტყვის: “ეს არის ჩემი სისტემა და დამთავრდა”.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუ არ იცი, როგორ ელაპარაკო შენს ფეხბურთელებს. ზოგჯერ მამის როლი უნდა მოირგო, ზოგჯერ – ძმის, ზოგჯერ კი – მეგობრის.
ბევრ მწვრთნელს არ ადარდებს, რას აკეთებს გუნდი მოედნის მიღმა, მაგრამ მე ყველაფერს ვაკვირდები. თუ გუნდი მინდორზე ბედნიერია, მაგრამ მოედანს მიღმა – დამწუხრებული, ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს დღეს, მაგრამ ხვალ უსათუოდ იქნება”, – კანავაროს კომენტარი “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.