დანი ალვეში: „რონალდუ სხვებზე ძლიერია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს „ოქროს ბურთი“.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანო რონალდუს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„კრიშტიანო რონალდუ, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის სხვებს აღემატება, თუმცა თუ მესის არ მისცემენ „ოქროს ბურთს“, ჯილდო ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. მე ასე მოვიქცეოდი, რადგან „ოქროს ბურთის“ მისაღებად გუნდთან ერთად რაიმე ტიტული უნდა გქონდეს მოგებული“, – ციტირებს დანიელ ალვეშის სიტყვებს Football Espana.

თავად რონალდუ ზეპ ბლატერთან მომხდარი ინციდენტის გამო დაჯილდოების ცერემონიალზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ და ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაბალი აქტივობის გამო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდი გაახანგრძლივა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

კასილასმა თქვა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხმა თავის თანაკლუბელ კრიშტიანო რონალდუს მისცა.

„ხმა მანამდე მივეცი, სანამ გამოკითხვის პერიოდს გაახანგრძლივებდნენ. პირველი პოზიცია რონალდუს მივაკუთვნე. მან შესანიშნავი წელიწადი ჩაატარა და ჯილდო დაიმსახურა. გამიკვირდება, თუ მას „ოქროს ბურთს“ არ მისცემენ“, – განაცხადა კასილასმა.

ჯილდოს მოპოვების მთავარ კონკურენტებად რონალდუს გარდა ლიონელ მესი და ფრანკ რიბერი ითვლებიან. 9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადება გახდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მისამართით არცთუ სასიამოვნო სიტყვები თქვა. შვეიცარიელმა ამის გამო სოციალური ქსელის მეშვეობით კი მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ფიფას პრეზიდენტის ბოდიში არ მიიღო.

რონალდუს ბლატერთან შეხვედრა არ სურს, ამიტომაც არ აპირებს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას. თუმცა, პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ფიფას პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამ უსიამოვნო ისტორიას წერტილი დაესვა.

გარდა ამისა, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხუმრობით ან სერიოზულად განაცხადა, თუ „ოქროს ბურთს“ რონალდუს არ გადასცემენ, საპროტესტო მუხტს ავაგორებო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად „ბარსელონას“ ათი ფეხბურთელი იბრძოლებს

ესპანური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონში „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად  „ბარსელონას“ ერთბაშად ათი ფეხბურთელი იბრძოლებს.

არსებული ინფორმაციით, კატალონიური გუნდიდან აღნიშნული ჯილდოს პრეტენდენტები არიან: ლიონელ მესი, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ხერარ პიკე, ჩესკ ფაბრეგასი, დანიელ ალვეში, ხავიერ მასკერანო, ჩავი და ჟორდი ალბა.

გარდა ამისა, სიაში იქნებიან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები – კრიშტიანო რონალდუ და სერხიო რამოსი, ასევე „სამეფო კლუბიდან“ ლონდონის „არსენალში“ წასული მესუთ იოზილი. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ითვლება. ბავარიული გუნდიდან სიაში ასევე იქნება ჰოლანდიელი არიენ რობენი.

სიაში მოხვდნენ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, კოტ დივუარელი დიდიე დროგბა, რომელიც თურქული „გალათასარაის“ ღირსებას იცავს და იაია ტურე.

საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძოლებენ ჟოზე მოურინიო, იუპ ჰაინკესი, ხოსეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი.

აღნიშნული სია ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

ბექა დოგრაშვილი