“პარი სენ-ჟერმენმა” სეზონი ყაიმით დაიწყო

საფრანგეთის პირველი ლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშება “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე პარიზელებმა გახსნეს, თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა. მე-19 წუთზე შვედმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ანგარიში გათანაბრდა კიდეც. გოლი პრინს ონიანგემ გაიტანა. 34-ე წუთზე “რეიმსი” სულაც წინ გავიდა: ამჯერად გატანილი ბურთით თავი ანტუან დევომ გამოიჩინა, თუმცა პარიზელებმა მატჩის გადარჩენა შეძლეს: 63-ე წუთზე ზლატნმა დუბლი გაიფორმა.

“რეიმსი” — “პსჟ” 2:2 (2:1)
გოლები: ონიანგე 22′, დევო 63′ — იბრაჰიმოვიჩი 7′, 63′.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი მოიგო

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში “პარი სენ-ჟერმენსა” და “გენგამს” შორის საფრანგეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მე-20 წუთზე კი დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე “გენგამის” ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვის შანსი მიეცათ, თუმცა მუსტაფა იატაბარემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, პარიზელთა კიპერმა სალვატორე სირიგუმ მოიგერია.

ამრიგად, “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო (1995, 1998, 2013, 2014).



კრისტოფ ჟალე „ლიონში“ გადავიდა

ფრანგი მცველი კრისტოფ ჟალე „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ლიონში“ გადავიდა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

30 წლის მცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა.

კრისტოფ ჟალე „ლიონში“ 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

სერჟ ორიე „პსჟ“-ში გაანათხოვრეს

როგორც მოსალოდნელი იყო, „ტულუზას“ კოტ დივუარელი მცველი სერჟ ორიე იჯარის წესით „პარი სენ-ჟერმენში“ გაანათხოვრეს.

ფრანგული პრესის ცნობით, მომავალში პარიზელებს 10 მილიონ ევროდ 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ზაფხულს ორიე „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სერჟ ორიე მარჯვენა ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს. 2013/14 წლების სეზონში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კოტ დივუარელი მცველი „პარი სენ-ჟერმენში“ 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

სამშობლოში დაბრუნებულ საფრანგეთის ნაკრებს აეროპორტში ქომაგები დახვდნენ

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლებმა“ ანგარიშით 0:1 დათმეს და ტურნირს გამოეთიშნენ. დიდიე დეშამის გუნდი სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა და მუნდიალზე განცდილი წარუმატებელი შედეგის მიუხედავად, აეროპორტში საკმაოდ ბევრი ქომაგი დახვდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

საფრანგეთი — გერმანია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა მცველი მათს ჰუმელსი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

დორტმუნდის „ბორუსიაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 44 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

დეშამი: „ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა გერმანიის სიძლიერის გამო“

დღეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიხსნება. თბილისის დროით 20:00 საათზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი აიღებს სტარტს.

„მამლების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ მისი გუნდი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მის ბანაკში ყველა ღელავს, თუმცა არა მეტოქის სიძლიერის გამო.

— არანაიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ. თქმა არ უნდა იმას, რომ ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპია. აქ გერმანიის ნაკრები არაფერ შუაშია.

— ესე იგი, მატჩს ლაღი განწყობილებით ხვდებით?
— რაც უფრო შორეულ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, თუმც გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის შედეგს.

— შეგიძლიათ, რომ ახლავე გააკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლის წინასწარი შეფასება?
— ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი სტატუსის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთ გუნდად შეკვრა. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. ყველამ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ საკუთარ შეცდომაზე, არამედ თანაგუნდების არასწორ მოქმედებაზეც.

 

საფრანგეთი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა ახალგაზრდა ნახევარმცველი პოლ პოგბა დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

„იუვენტუსში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 60 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ეკვადორი — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ეკვადორისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სამხრეთამერიკელთა მეკარე ალექსანდრ დომინგესი დაასახელეს.

დომინგესმა მატჩი სრულად ჩაამათვრა და ორი სეივი ჩაიწერა.

 

შვეიცარია — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 32-ე წუთზე თერთმეტმერიანის გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული შვეიცარიელთა კიპერმა დიეგო ბენალიომ მოიგერია. სათქმელია ისიც, რომ ბენზემამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ბიორნ კეიპერსმა ზუსტად იმ დროს დაასრულა შეხვედრა და გოლი არ ჩათვალა.

ბენზემამ მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 8-ჯერ დაარტყა. ფრანგ თავდამსხმელს ტურნირზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.

 

საფრანგეთი — ჰონდურასი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დასახელდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 37 გადაცემა და კარში დაარტყა 7-ჯერ.

 

ჟირუ: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ „მამლები“ 2010 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის რეაბილიტაციას წლევანდელ მუნდიალზე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ.

„ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება. ამიტომ, მათ კვლავ დიდი მოლოდინი აქვთ. კი ბატონო, ჩვენი გუნდი მეტწილად შეიცვალა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში განცდილი იმედგაცრუების შეცვლა წელს შეგვიძლია. ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ“, – ჟირუს სიტყვებს „ტუტომერკატო“ აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს მეტოქეებად ეკვადორის, ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებები ჰყავს. ფრანგები სასტარტო შეხვედრას 15 ივნისს ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი