დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტური. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს.
სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 19 მაისი, 17:00
“ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “დინამოს” მიიღებს. მასპინძლებს ზედიზედ ათი ტურია არ მოუგიათ. მათ ჰაერივით ესაჭიროებათ გამარჯვება და ამის მიღწევას დედაქალაქურ გუნდთან შეეცდებიან. თავის მხრივ, წინა ტურში, “დინამო” მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან “ლოკომოტივთან” დამარცხდა და პირველადგილოსანმა “საბურთალომ” მას უკვე ოთხი ქულით გაუსწრო. შესაბამისად, კახა კაჭარავას ბიჭებსაც მოსაგები აქვთ მატჩი.
ფოთის “კოლხეთი” – ბოლნისის “სიონი”
დასაწყისი: 19 მაისი, 20:30
უკვე ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთი” “სიონთან” შეეცდება ქულების მოპოვებას. მეგრელები წინა ტურში განადგურდნენ: “საბურთალოსთან” ანგარიშით, 0:5 წააგეს. ახლა ისინი ცხრა ქულით მეშვიდე ადგილზე არიან. რაც შეეხება “სიონს”, ეს გუნდი უარეს სიტუაციაშია. ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, ბოლნისლებმა უკანასკნელ ტურში “სამტრედიასთან” ფრე გააგორეს. ახლა “სიონი” რვა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
თბილისის “ლოკომოტივი” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 20 მაისი, 16:30
ტურის მეორე დღე თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირებით დაიწყება. “რკინიგზელებზე” უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ლიდერს სძლიეს, თუმცა მაინც ბოლო პოზიციაზე (რვა ქულით) არიან. ხოლო, იმერლებმა უკანასკნელ ტურში “რუსთავს” მოუგეს და მათ 17 ქულა აქვთ. “ტორპედო” ცხრილში მეხუთეა.
რუსთავის “რუსთავი” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 20 მაისი, 19:00
“მიხეილ მესხზე” “რუსთავი” “ჩიხურას” შეერკინება. პირველ მათგანზე იმას დავამტებ, რომ 14 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურს იკავებს. რაც შეეხება “ჩიხურას”, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე წააგო “დილასთან”, 0-3. სამსონ ფრუიძის შეგირდები 19 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.
გორის “დილა” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 20 მაისი, 21:00
“დილას” ამჟამინდელი მეტოქე ლიდერი “საბურთალოა”. ეს ტურის ცენტრალური შეხვედრაა, რომელიც გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” შედგება. მასპინძლებზე უკვე ვთქვით. ისინი 20 ქულით მესამე ადგილზე გადავიდნენ. ხოლო, “საბურთალომ” “კოლხეთს” მოუგო, 27 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.