“შალკე” ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილეფილდის “არმინიამ” გელზენკირხენის “შალკე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “შალკემ” გერმანიის რანგით უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 13 ქულა აქვს და მის წინ მყოფ “კიოლნს” 13 პუნქტით ჩამორჩება.

“შალკემ” გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უკანასკნელად 1991 წელს ითამაშა.

ევრო-2016-ზე გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი აარჩიეს. გამოკითხის შედეგად, პირველ ადგილზე “ბუნდესგუნდის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი გავიდა, რომელმაც ხმათა 25,2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ჟერომ ბოატენგი აღმოჩნდა, მესამე პოზიცია კი ტონი კროოსმა დაიკავა.

მესუთ იოზილმა ევრო-2016-ზე ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ტურნირზე გერმანიის ნაკრები ნახევარფინალურ ეტაპამდე გავიდა, სადაც საფრანგეთთან დამარცხდა (0:2).

გერმანია 3:0 სლოვაკეთი — ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა სლოვაკეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გერმანელთა ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი დასახელდა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გერმანიის ნაკრებმა გულშემატკივრებს წმინდა ვალენტინის დღე მიულოცა (ფოტო)

გერმანიის ნაკრებმა გულშემატკივრებს წმინდა ვალენტინის დღე 2014 წლის მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის კადრებით მიულოცა.

“აკოცეთ, აკოცეთ ვალენტინობის დღეს”, – მიაწერეს გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟს.

A photo posted by Die Mannschaft (@dfb_team) on

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორისტული საფრთხის რეალობა დაადასტურა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართ ამხანაგურ მატჩზე აფეთქების საფრთხის რეალობა დაადასტურა.

“რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საფრთხის შესახებ, განსაკუთრებით კი პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. საფრთხე სწრაფად და ზუსტად უნდა გავაანალიზოთ.
მატჩამდე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ სრული ინფორმაცია მივიღეთ და იძულებულები გავხდით, შეხვედრა გაგვეუქმებინა.
ინფორმაცია საკმაოდ გვიან მივიღეთ, უფრო ადრე ეს ვერ მოვახერხეთ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, საიდან მივიღეთ ინფორმაცია, რადგან ამის გამჟღავნებამ შესაძლოა, საქმე გაგვირთულოს”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საფრთხე რომ რეალური იყო, ეს ჰანოვერის პოლიციის უფროსმაც დაადასტურა.

 

გერმანია — ჰოლანდია: დაგეგმილი იყო სტადიონის აფეთქება

როგორც მოგახსენეთ, გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართი ამხანაგური მატჩი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო ჩაიშალა. როგორც აღმოჩნდა, საშიშროება სავსებით რეალური იყო. ამის შესახებ კომენტარი ჰანოვერის პოლიციის უფროსმა გააკეთა:

“არსებობდა სტადიონის აფეთქების კონკრეტული გეგმა”.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცველებმა სტადიონის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც არენიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობაც.

“დოიჩე ველეს” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. სტადიონთან აღმოჩენილია ავტომობილი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.

მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უნდა დასწრებოდა.

 

გერმანია — ჰოლანდია ჩაიშალა

გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართი ამხანაგური მატჩი ჩაიშალა.

სტადიონიდან ხალხი ევაკუირებულია. არენის ტერიტორიაზე ნაპოვნია უცხო საგანი. სამართალდამცველები გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. არენის მიმდებარედ შეჩერებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე უნდა დაწყებულიყო.

“ბილდის” ცნობით, ასევე ევაკუირებულია ხალხი ჰანოვერში მდებარე სპორტულ კომპლექს “ტუი არენადან”.

შეგახსენებთ, რომ შესაძლო საფრთხის გამო ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დღეს ჩასატარებელი შეხვედრაც ჩაიშალა.

 

ჯაბა კანკავა: “გერმანიასთან ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ამ მატჩში ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

“ღირსეულად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ. ფრედ თამაში და მოგებაც შეგვეძლო. მანუელ ნოიერმა ძალიან კარგი ბურთები აგვიღო. ჩვენც გაგვიმართლა თავიდან. მე ვფიქრობ, ფრე კანონზომიერი შედეგი იქნებოდა”, – აღნიშნა კანკავამ.

 

კრუზე: “მნიშვნელოვანია, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის გამტანმა მაქს კრუზემ.

“ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაში საყურებლად კარგი არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ძალებით დავბრუნდებით”, – აღნიშნა კრუზემ.

 

იოახიმ ლიოვი: “უკმაყოფილო ვარ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საკუთარი გუნდის მიმართ პრეტენზიებს არ მალავდა.

“იგივე თამაში ვიხილეთ, რაც დუბლინში. ადრეული გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმედები გამიცრუა.

ჩვენ ის მოკრივე ვართ, რომელიც მეტოქეს ბევრ დარტყმას აყენებს, მაგრამ ადრეულ ნოკაუტში ვერ აგდებს.

ასე რომ, როგორც ირლანდიის ნაკრებთან, ისევე დღევანდელ შეხვედრაში უკმაყოფილო დავრჩი. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც ახლა გუნდთან ერთად არ იყვნენ.

ფლანგიდან შეტევის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ცენტრიდან ვუტევდით. ფლანგის მცველებს ვერ გამოვიყენებდი, რადგან საკლუბო დონეზე ისინი ასე არ თამაშობენ, ვარჯიშებზე კი ფლანგზე თამაში არ ისწავლება”, – განაცხადა ლიოვმა.

 

კახა ცხადაძე: “ეს ჩემი თავკაცობის პერიოდში საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მისი თავკაცობის პერიოდში ეს საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო.

“ვულოცავ გერმანიის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას. მე ვამაყობ ჩემი ნაკრებით.
არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონია გერმანიის ნაკრებთან ამდენი შანსი. მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც ნაკრებში ჩემი მუშაობის პირველი მატჩის შემდეგ იგრძნობა.
ვთვლი, რომ ჩემი თავკაცობის პერიოდში ეს საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ.

 

ეროვნული ნაკრები ლაიფციგშია

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან მოპოვებული მარტივი გამარჯვების შემდეგ, დღეს დილით ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც ევრო შესარჩევის ბოლო ტურში ჯგუფის ფავორიტსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, დაუპირსპირდება. გერმანია – საქართველოს მატჩი ლაიფციგში Redbull Arena-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

სფფ-ის პრესსამსახური