ვის შეუძლია ნაკრებში სიტუაციის დალაგება ქეცბაიას შესაძლო წასვლის შემდეგ?

პოლონეთთან დღევანდელი მატჩის შემდეგ, სავარაუდოდ, თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს დატოვებს. თავად ბატონი თემურის ბოლო კომენტარები, გულშემატკივრების უკმაყოფილება, გუნდის შედეგები – ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ამის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

თუმცა, გუნდის შედეგი უკეთესობისკენ მხოლოდ მწვრთნელის წასვლით რომ იცვლებოდეს, თავის პოსტს, ალბათ, თავად თემურ ქეცბაია აქამდეც დატოვებდა. მსგავსი ცვლილება წარმატების გარანტი არასდროს არის, თუმცა, რასაკვირველია, მცირედით მაინც იმედის მომცემია. რამდენად იმედის მომცემია თემურ ქეცბაიას წასვლა, თუ შესაძლო კანდიდატებს შორის რეალურად არავინ დასახელებულა? ან საერთოდ, ვინ მოახერხებს ნაკრებში არსებული ამჟამინდელი სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას? გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არსებითად სიტუაცია უცხოელი სპეციალისტის მუშაობის დროსაც არ იცვლებოდა. ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმელერი და ექტორ რაულ კუპერი – ეს სამი სპეციალისტი „ჯვაროსნებს“ ხუთწლიან პერიოდში თავკაცობდა. ნაკრებისთვის ხუთ წელიწადში სამი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მუშაობა კი ნამეტანია. არადა, ერთი შეხედვით, სამივე ამ სპეციალისტს გუნდის პროგრესირებაში თავისი დიდი წვლილის შეტანა შეეძლო. სამივე მათგანს არც გამოცდილება აკლია, არც წარსულში მიღწეული კარგი შედეგები (განსაკუთრებით კუპერს, რომელიც „ვალენსიასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გასულა). რა თქმა უნდა, სამივე მწვრთნელის მუშაობის პერიოდში იყო ერთი მატჩი, რომელშიც გუნდი კარგად გამოიყურება და ძლიერ მეტოქესთან შედეგს აღწევდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს „ერთი წარმატებული მატჩი“ „ერთ წარმატებულ მატჩად დარჩა“ და სხვა მსგავსი შეხვედრები ნაკრებს კონკრეტულად ერთი მწვრთნელის პერიოდში არ ჩაუტარებია.

2009 წელს თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გულშემატკივარს მცირე იმედი გაუჩნდა. როგორც აღვნიშნე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელოვანი მწვრთნელის დანიშვნა ნაკრებისთვის საკმარისი არ იყო, შესაბამისად, საპასუხისმგებლო მისიის დაკისრება ადგილობრივი სპეციალისტვისთვის უფრო პრიორიტეტული გახდა, რომელიც როგორც ქვეყანას, ასევე მის მოთამაშეებს კარგად იცნობდა. ასეთ მწვრთნელად, პირველ რიგში, სწორედ თემურ ქეცბაია მოიაზრებოდა. გასაკვირი ამაში არაფერია – ქართველმა სპეციალისტმა საკლუბო დონეზე „ანორთოსისთან“ მართლაც შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია და კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ქეცბაიას მოსვლისთანავე გუნდის თამაშში პროგრესი შეინიშნა და რამდენიმემატჩიანი წაუგებელი სერიაც გვქონდა. შესაძლოა, საბედნიეროდ, შეიძლება, პირიქითაც, მაგრამ ხორვატიასთან თბილისური მატჩი გულშემატკივრებს ახლაც ახსოვთ. საბედნიეროდ, იმიტომ, რომ ქეცბაიას გუნდმა 2011 წლის 26 მარტს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები დაამარცხა, რითაც ქომაგებს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი აჩუქა. სამწუხაროდ კი, იმიტომ, რომ იმ მატჩის შემდეგ სიტუაცია რეგრესისკენ შეიცვალა. რამდენიმე დღეში ქართველები ისრაელში ჩავიდნენ, სადაც ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ციკლის ბოლოს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველო თბილისში ლატვიასთან, მოგვიანებით კი, საბერძნეთთან დამარცხდა. საბოლოოდ, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ეტაპი ქეცბაიას გუნდმა ათი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა…

უფრო უარესი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის შედეგი აღმოჩნდა. ხუთგუნდიან ჯგუფში ქართველებმა კვლავ ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს (ამჯერად თავის აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერეს). არადა, ის ეტაპი ასევე კარგად დავიწყეთ. თორნიკე ოქრიაშვილის ბელორუსის ნაკრების კარში გატანილი ჩინებული გოლის წყალობით, „ჯვაროსნებმა“ აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს. სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ჩვენთვის ხსენებულ ციკლში ერთადერთი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საფრანგეთის ნაკრებთან საშინაო უგოლო ფრე, თუმცა იმ მატჩის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩვენი ნაკრები ფინეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მანამდე ერთი წლით ადრე, ჰელსინკიში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ის შეხვედრა ფინელებმა ათი კაცით დაასრულეს, თანაც, როდესაც მათ ერთი მოთამაშე გამოაკლდათ, საქართველო იგებდა და, შესაბამისად, გოლი კაცნაკლული გუნდისგან გაუშვა. ყველაზე დიდი მარცხი ქეცბაიას მუშაობის პერიოდში 2013 წლის ორ ივნისს დაფიქსირდა, როცა გასვლაზე ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 0:4 დავმარცხდით. ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შეხვედრაში, მეოცე წუთიდან, გიორგი ლორიას გაძევების შემდეგ, საქართველო ათკაციანი შემადგენლობით თამაშობდა.

ასე რომ, თავისი პატარა პლიუსები ქეცბაიას მუშაობის პერიოდსაც ჰქონდა, თუმცა ამ პლიუსებზე გაცილებით მეტი მინუსიც შეინიშნება. დავით მინაშვილთან ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ქეცბაიამ აღიარა, რომ იყო მატჩი, რომელიც გუნდმა უშუალოდ მისი გადაწყვეტილებების გამო წააგო.

ანალოგიური სიტუაცია, როგორც უკვე ვახსენეთ, ბატონი თემურის წინამორბედების პერიოდშიც იყო. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, თუ როგორი სპეციალისტი მოუხდება საქართველოს ნაკრებს. ასეთ სიტუაციაში, ალბათ, პრიორიტეტული უფრო ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნა იქნება, რომელიც ნაკრების შიდა სამზარეულოში, ასე თუ ისე, ჩახედული იქნება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მსგავსი სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით, თანაც, ყველა მათგანი ამ ეტაპზე დასაქმებულია და რთულია იმის თქმა, დათანხმდება თუ არა ამჟამინდელი სამუშაო ადგილის დატოვებას ძნელად შესასწორებელი სიტუაციის სანაცვლოდ…

ამავდროულად, მომგებიანი არც უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა უნდა იყოს, რომელსაც ადაპტაციისთვის, ნაკრების შიდა სამზარეულოს გაცნობისა და შემადგენლობის როტაციისთვის საკმაო პერიოდი დასჭირდება.

საქმე ხომ არამხოლოდ მწვრთნელშია… ნაკრებს მცოდნე სპეციალისტის გარდა, კარგი პირობები, ინფრასტრუქტურა და შეთამაშება სჭირდება…

თემურ ქეცბაიას შესაძლო წასვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბევრი საფიქრალი ექნება. ვინ უთავკაცებს ნაკრებს მომავალში და როგორი იქნება მისი პერსპექტივა? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, დღევანდელი მატჩის შემდეგაც კი გავიგოთ…

სფფ-ის აკადემია რუსთავში აშენდება

17 ოქტომბერს სფფ-ის პრეზიდენტსა და რუსთავის მერს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სფფ-ის საფეხბურთო აკადემია ქალაქ რუსთავში აშენდება.

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ტერიტორია – 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სფფ-ის უკვე გადაეცა. დღეისათვის სფფ-ის აკადემია ტექნიკურ ცენტრ „ბასაზეა“ განთავსებული და აკადემიაში ჩარიცხული ბავშვები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადიან ყოველდღიურ მომზადებას.

სფფ-ის აკადემიის მშენებლობა 2015 წლის აგვისტოში დასრულდება და საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებს უკვე მომავალი წლიდან შეეძლებათ საკუთარი საწვრთნელი ბაზით სარგებლობა.

სფფ-ის პრესსამსახური

რევაზ არველაძე თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მზადების შესახებ

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარებას გარკვეული საფრთხე შეექმნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

“თბილისში გასამართ უეფას სუპერთასთან დაკავშირებით არავითარი შეფერხება არ არის. იყო რამდენიმე საკითხი, რამაც დრო მოითხოვა. ეს სიტყვიერად დათქმული დედლაინი იყო. მადლობას ვუხდი თბილისის მერ ბატონ დავით ნარმანიას და მის მოადგლეებს, რადგან ძალიან ოპერატიულად ვთანამშრომლობთ, ერთმანეთისთვის კონკრეტული დავალებები გვაქვს მიცემული. ჩემი აზრთ, ორ-სამ დღეში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, ხელშეკრულება გაფორმდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

უეფას სუპერთასი “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს შედგება.

 

სფფ-ის ოფიციალური განცხადება კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში, სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფადან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, შედგა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორ კვირიანი ვადა ითხოვეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვა-განვითარების პროექტს.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ღონისძიების ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოებას, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ადგილის დამკვიდრებას სპორტის სამყაროში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სფფ აცხადებს პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიღებას შემდეგი პროცედურით:
სააპლიკაციო ფორმის შევსება
გასაუბრება
სემინარი
ტესტ–მატჩი

დაინტერესებულ პირებს შევსებული აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge არაუგვიანეს 2014 წლის 9 ივლისისა.

სააპლიკაციო ფორმა

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველო – საუდის არაბეთის ამხანაგურ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დავით კვირკველია საქართველოს თასის ფინალში მიღებული მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, 23 მაისიდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ორ საწვრთნელ პროცესში კი, მონაწილეობა არ მიუღია. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ესპანეთი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. გუნდთან ერთად აღარ არის ნიკა გელაშვილი, რომელმაც ვარჯიშზე  მიკროტრავმა მიიღო. ამ ცვლილებების შემდეგ, საუდის არაბეთთან ნაკრები 22-კაციანი შემადგენლობით დარჩა.  მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილსაც, რომელმაც ვარჯიში გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ პოლონური “იაგელონიას” ქართველი მცველი – გიორგი ფოფხაძე ნაკრებს მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის შვეიცარიაში შეუერთდება. ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: „ყველა ქვეყანაში ახალი დამთავრებულია საფეხბურთო სეზონი და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ, თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოები და ვიცით, რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება, თუმცა ჩვენი მიზანი იქნება, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს.  მოულოდნელობებით სავსე გუნდია! უკვე ორი წელია წარმატებით და   სტაბილურად თამაშობენ. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველო – საუდის არაბეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ქალაქ ხერესში 29 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეარხი არ გეგმავს. მის ჩვენებას SAUDI TV უზრუნველყოფს. ონლაინ ყურებისთვის საჭირო ლინკს კი, მოგვიანებით შეგატყობინებთ.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის წინ, ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი” ცხინვალი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო” თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა”,საჩხერე);

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია” ვარშავა).

სფფ-ის პრესსამსახური
ესპანეთი

U19 – ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე, წინ გადამწყვეტი მატჩია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში კვიპროსელ თანატოლებთან გაილაღა. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს ხუთი ბურთი გაუტანეს და კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა. ამ მოგების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ისრაელს ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა და ჯგუფის პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი, თავის მხრივ, მასპინძელ შვეიცარიას მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო და 6-6 ქულა გვაქვს.

ლოზანაში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა, თუმცა, მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე წვიმა შეწყდა და ფეხბურთელებს საკმაოდ ნორმალურ პირობებში, კარგ მოედანზე მოუწიათ თამაში.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენი ფეხბურთელები ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს. ვასილ მაისურაძის გუნდი საჭიროებისამებრ უმატებდა და აგდებდა ტემპს; იყო მრავალფეროვანი შეტევები და საკმაოდ კარგი გოლებიც გავიდა.

ანგარიში მე-14 წუთზე მათე ცინცაძემ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა. ალბათ, გულშემატკივარს ეხსომება საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის კარში მათეს გატანილი ჯარიმა და ეს გოლიც ძალიან ჰგავდა წინანდელს.

ხუთ წუთში კი, ანგარიში უკვე ორამდე გაიზარდა. ლუკა ზარანდიამ კარგად უპასა ლუკა კიკაბიძეს და ნაკრების ნახევარმცველსაც გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ, უკვე თავად ლუკა ზარანდიას ჯერი დადგა. ლუკამ ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად გაისროლა. მეკარეს მცველი ეფარებოდა და დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა. ზარანდიას დარტყმულმა მეკარესაც და მცველსაც თავზე „გადაუფრინა“ – 3:0.

ტაიმის ბოლო დამატებულ წუთზე კი, ლუკა ზარანდიას შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, როცა ახალგაზრდა შემტევმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, არეულობაში კვიპროსელმა ლოიციდესმა საკუთარ კარში ჩაჭრა და მსაჯის სასტვენიც გაისმა – შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავედით.

მანამდე კი, არაერთი მომენტი გვქონდა. გოლის გატანამდე მცირედი დააკლდათ ცინცაძეს, ზარანდიას, აბურჯანიას, თევზაძეს….

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა კაკაბაძე-დარციმელიას კომბინაცია გოლით ლუკა კიკაბიძემ დაასრულა – 5:0. საჯარიმო დარტყმით მეორე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ცინცაძეს, მაგრამ მცირედით ააცილა. ქართველები იმდენ ხანს ფლობდნენ ბურთს და ერთმანეთში ათამაშებდნენ, რომ შორიდან მაყურებელს ვარჯიშიც კი შეიძლებოდა ჰგონებოდა.

და მაშინ, როცა ყველა საფინალო სასტვენის მოლოდინში იყო, ჩვენებს მეტოქის შეტევა გაეპარათ და მეკარე ქურდაძემ მეტოქის თავდამსხმელი საჯარიმოში მოცელა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად პანაიოტუმ შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 5:1.

ახლა, საქართველოს ნაკრები 2 დღე დაისვენებს და ისრაელთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა, ქართველი ფეხბურთელები ელიტრაუნდის ასპროცენტიანი შედეგით დამთავრებას გეგმავენ და ისრაელთან მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.

ასე რომ, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა – 30 მაისს, ისრაელთან დადებითი შედეგი. გუნდს დაუბრუნდება წინა მატჩში დისკვალიფიცირებული გიორგი პაპუნაშვილი და ვასილ მაისურაძის გუნდი სრული საბრძოლო შემადგენლობით იქნება.

აქვე, ერთი საინტერესო ფაქტიც: ბოლო მატჩის მთავარი მსაჯი რუმინელი მარიუშ ავრამი იქნება, რომელიც ვასილ მაისურაძეს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ ცუდად ახსოვს 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან, როცა ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან, რუმინელმა მოედნიდან ნიკა ჭანტურია გააძევა და კაცნაკლული დაგვტოვა. „95-იანებმა“ ჰოლანდიასთან რევანში უკვე აიღეს და ვიმედოვნებთ, 30 მაისის მატჩში, მარიუშ ავრამი მოედანზე ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა იქნება…

 

19-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-3 ჯგუფი

ლოზანა, შვეიცარია. სტადიონი „ხუან-ანტონიო სამარანჩი“

საქართველო vs კვიპროსი 5:1 (4:0)

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), თევზაძე, ცინცაძე, აბურჯანია (შენგელია 74), გოროზია, კიკაბიძე (ბერიძე 69), ზარანდია, დარციმელია (კერძევაძე 57)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი (ტ.კონსტანტინუ 46), კოსმასი, ფრაგკოუ (პაპაფოტისი 79), კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიციდესი, პანაიოტუ, მაკრისი (კატსიატი 90+3)

მთ.მწვრთნელი – იოანის კონსტანტინუ

გოლები: ცინცაძე (14), კიკაბიძე (19, 55), ზარანდია (30), ლოიციდესი (45+2 საკ. კარში), პანაიოტუ (90+3 პენ)

გაფრთხილება: კაკაბაძე

მსაჯი: დანილო გრუჟიჩი (სერბეთი)

სფფ-ის პრესსამსახური
ლოზანა, შვეიცარია

 

19-წლამდელები: ბოლო ვარჯიში თბილისში, შეკრება გერმანიაში

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი გამთენიას გერმანიაში მიემგზავრება, სადაც ელიტრაუნდისწინა დასკვნით შეკრებას გაივლის.

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“);

მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი გაფრინდაშვილი („დილა“, გორი);

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი (ყველა „დინამო“ თბილისი);

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა)

ნაკრების ახალწვეული – ალექსანდრე შერაზადაშვილი გუნდს გერმანიაში შეუერთდება. 22 მაისს, პირდაპირ შვეიცარიაში ჩავლენ ნაკრების ლიდერები – მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რადგან მათ 21 მაისს, „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალი უნდა ითამაშონ.

ვასილ მაისურაძის გუნდი გერმანიის საკურორტო ქალაქ გარმიშპატერკირხენში იცხოვრებს და იქ მოემზადება. 18 მაისს, ჩვენს გუნდს ამხანაგური შეხვედრა ექნება მიუნხენის „ბაიერნის“ 19-წლამდელთა გუნდთან. ელიტრაუნდამდე მეტი ამხანაგური მატჩი აღარ იქნება. ნაკრები შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრება.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა – ერთიანობაში

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე საუბარი კვლავ აქტუალურია. მთავრობასთან სამუშაო შეხვედრების შემდეგ, გაგაცნობთ, თუ რაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა.

საქართველოს მთავრობას მასშტაბური პროექტების ნუსხა წარედგინა, რომელიც პრემიერის მიერ იქნა მოწონებული. მისი ინიციატივითვე შეიქმნა ქვეკომისია, რომელმაც, პრემიერის უშუალო დავალებით ამ პროექტებზე უნდა იმუშაოს და კომისიას საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტები წარუდგინოს. საზოგადოება კი, შეცდომაშია შეყვანილი და მსჯელობის მთავარი თემა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობის გაზრდა ჰგონია.
ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტოთ, თუ  რაზე მუშაობს რეალურად სახელმწიფო კომისია და რა საკითხები დგას დღის წესრიგში.
მთავრობასთან შეხვედრაზე, სფფ-ის მიერ წარდგენილ მასშტაბური პროექტების ნუსხაში შემდეგი ჩამონათვალია:
სტადიონების რეაბილიტაცია
კლუბების ფინანსური მხარდაჭერა
უეფას სუპერთასი – 2015
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
უეფა-სფფ-ის საგანმანათლებლო პროექტები (ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები)
მასობრივი ფეხბურთის განვითარება (ხელმისაწვდომობის გაზრდა)
როგორც ხედავთ, კლუბების ფინანსური მხარდაჭერა ამ ჩამონათვალში ერთ-ერთია და არა ერთადერთი. წელში გამართული კლუბები ფეხბურთის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი რომაა, ამაზეც არავინ დაობს. თუმცა, იქ, სადაც  განვითარების მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, რომელიმეს წინ წამოწევა და მისით სპეკულირება მართებულად არ მიგვაჩნია. სამწუხაროდ, ამ საკითხის გარშემო ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, თითქოს, მთავრობასთან მსჯელობისა და განხილვის მთავარი თემა მხოლოდ კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატის ფორმატია. ამიტომ  საზოგადოების ნაწილს მცდარი წარმოდგენა ექმნება, რადგან სრულად არ არის ინფორმირებული… მასშტაბურობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა იმ პუნქტის არსებობა (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) და მასზე მუშაობაა მთავარი მიზანი და სწორედ, ამას ელოდება კომისიისგან ქვეყნის მთავრობის მეთაური.
სახელმწიფოს სფფ-სთან ერთად, აღებული აქვს ვალდებულება, მაღალ დონეზე, ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 2015 წლის სუპერთასს. სამუშაო კი, ძალიან ბევრია. საქმე მხოლოდ სტადიონს არ ეხება. მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლოთ.
უეფას 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვაზე, სტადიონების რეაბილიტაციაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფო კომისიამ.
ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების დაარსებისა და მათ განვითარების სრულყოფილი გეგმა უნდა წარადგინოს სახელმწიფო კომისიამ, რომელიც უეფას, სფფ-ისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი იქნება და ათასობით მოზარდი უფასოდ შეძლებს საფეხბურთო განათლების მიღებასა და ვარჯიშს.
აი, ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელთან პირველადი შეთანხმება და ყველა ამ საკითხის წარდგენას ელოდება ქვეყნის პრემიერი.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმატისა და რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება, ამას წყვეტს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან ეს უშუალოდ ფედერაციის შიდა საქმეა. ჩემპიონატი ფედერაციის ეგიდით ტარდება და ეს მისი პასუხისმგებლობაა.
საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები კლუბებთან. შესაბამისად, გადაწყვეტილებას სფფ თავის სუბიექტებთან ერთად მიიღებს. სახელმწიფოსთან ერთად კი, გაცილებით მასშტაბურ პროექტებსა და საკითხებზეა სამუშაო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, დღეს უეფაში გაემგზავრნენ, სადაც ინტენსიურ კონსულტაციებს გაივლიან არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ყველაფერში უეფასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს; ჩვენ კი – ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები.
19 მაისს, უეფადან დაბრუნებული ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და ყველა აქტუალურ თემაზე ვრცელ, დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ.
სფფ-ის პრესსამსახური

სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც  სპეციალური ოლიმპიადის ევროპული საფეხბურთო ტურნირის თბილისში გამართვას ეხებოდა. პრესკონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი – არჩილ არველაძე, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი – ჟანა გოცირელი და კომპანია „For Sport“ – ის წარმომადგენელი – ნუცა მალაშხია ესწრებოდნენ.

14-18 მაისს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში. მასში მონაწილეობას მიიღებს 230-ზე მეტი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი 14 ქვეყნიდან – ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი და საქართველო. აქედან, 6 ქალთა და 12 ვაჟთა გუნდია.

16 მაისს, ტურნირის გახსნის ცერემონია დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენით თავისუფლების მოედნიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონამდე. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ამით სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.

ეს ტურნირი ევროპის მასშტაბით და სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით 17-25 მაისს ტარდება და მისი მხარდამჭერი UEFA RESPECT-ია. ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საფეხბურთო თანამეგობრობაში გაერთიანების  ხელშეწყობა ხდება.

ტურნირის ორგანიზატორებთან და მხარდამჭერებთან ერთად მოგმართავთ, გამოხატოთ თქვენი დადებითი დამოკიდებულება ინტელექტუალური შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და დაესწროთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, უგულშემატკივროთ ქართველ სპეციალურ სპორტსმენებს და ერთად დავეხმაროთ მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. გელოდებით ყველას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური

მინდვრის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სფფ უსასყიდლოდ ატარებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, კერძოდ მინდვრის საფარის მოწესრიგებისა და მოვლის პროგრამა ხორციელდება.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ სრულადაა დაფინანსებული ტექნიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მდებარე  სტადიონებზე  მინდვრის საფარს სარეაბილიტაციო პროცედურებს უტარებს.

ჯგუფის მიერ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე რეაბილიტირებულ იქნა 14 სტადიონი, რომელთა სია და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. ფოთის ცენტრალური სტადიონი „ფაზისი“ – მოედნის დაჩხვლეტა, გასწორება, მოედნის გასათიბი მოწყობილობის შეკეთება, სარწყავი სისტემის გამართვის შესახებ სტადიონის თანამშრომელთა კონსულტირება (27 მარტი, 2014).
  2. საჩხერის  „ივანწმინდას“ სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (20 თებერვალი, 2014).
  3. საჩხერის ხელოვნურ საფარიანი მოედანი – კაუჩუკის ფხვნილის შეტანა, მოედნის დავარცხნა (20 თებერვალი, 2014).
  4. საჩხერის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (20 თებერვალი, 2014).
  5. 5.    ჩოხატაურის ბ. პაიჭაძის სახ. ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
  6. ლანჩხუთის ე. შევარდნაძის სახ. სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, სილის შეტანა, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (26 მარტი, 2014).
  7. ოზურგეთის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (26 მარტი, 2014).
  8. თერჯოლის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (14 თებერვალი, 2014).
  9. ვანის ცენტრალური სტადიონი – ბუნებრივი საფარის აირაცია, მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება (15 თებერვალი, 2014).
  10. სამტრედიის ემანჯგალაძის სახ. სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი  – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (26 მარტი,  2014).
  11. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი,  2014).
  12. რუსთავის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სტანდარტული  მოედანი – მოედნის გასწორება, მოთიბვა, გასუფთავება, მკვებავი მინერალების შეტანა, დაჩხვლეტა (19 მარტი, 2014).
  13. რუსთავის ცენტრალური სტადიონი  „ფოლადი“ ხელოვნურსაფარიანი მოედანი – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (19 მარტი,  2014).
  14. „მცხეთა პარკის“ (ვიტ ჯორჯიას სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი მოედანი  – მოედნის დავარცხნა და გასუფთავება (20 მარტი,  2014).

სტადიონების სარეაბილიტაციო ტექნიკური ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის 2014 წლის 24 მარტის დადგენილება

ქობულეთის „შუქურას“ კლუბი, რომლის გულშემატკივრებმა, 2014 წლის 20 მარტს ჩატარებული მარტვილის „მერანი“ „შუქურას“ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ¼ ფინალური მატჩის მე-60 წუთიდან, გამოიყენეს პიროტექნიკური საშუალებები (მაშხალები) დაჯარიმდა 1000 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ.115 პ.1)
„შუქურას“ კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე, რომელმაც „მერანი“ „შუქურას“ მატჩის პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მსაჯებს, დაჯარიმებულია 1200 ლარით. (სადისწიპლინო კოდექსი მ.99 პ.1 ბ)

მარტვილის „მერანის“ კლუბი, რომლის გულშემატკივრები, 2014 წლის 20 მარტს ჩატარებული „მერანი“ „შუქურას“ მატჩის 94-ე წუთზე შეიჭრნენ საფეხბურთო მოედანზე და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს მსაჯებს, დაჯარიმებულია 10 000 ლარით. „მერანის“ კლუბს ჩაეთვალა დამარცხება 0-3, „შუქურას“ კლუბს მიენიჭა გამარჯვება 3-0. მარტვილის „მერანი“ ჩემპიონატის 5 კალენდარულ მატჩს ჩაატარებს მაყურებლების გარეშე. (სადისციპლინო კოდექსი მ.106 პ.2)
მარტვილის „მერანის“ კლუბი, რომლის გულშემატკივრებმა მატჩის 94-ე წუთიდან დაიწყეს მსაჯების მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა, რამაც მსაჯების დაზიანება გამოიწვია, დაჯარიმდა 1500 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ. 114 პ. 2)
მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი, ბაგრატ ხელაია, რომელმაც „მერანი“ „შუქურას“ მატჩის 94-ე წუთზე მკვეთრად გააპროტესტა „შუქურას“ კარში არ ჩათვლილი გოლი, დაჯარიმდა 500 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ. 97).

სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი