იგუაინი ტრავმას გადაურჩა

“ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნიკოლა ლომბარდომ განაცხადა. არგენტინელმა ფეხბურთელმა “სან ვიტო პოზიტანოს” წინააღმდეგ დღეს გამართულ ამხანაგურ მატჩში მხოლოდ ხუთი წუთი ითამაშა.

“გასახდელში ვიყავი, როდესაც ექიმმა იგუაინი გასინჯა. სერიოზული არაფერია, გონსალოს უბრალოდ მარჯვენა ფეხი აქვს ჩალურჯებული.
ხვალ იგი ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშებს.
იგუაინი მოედნიდან თავის დაზღვევის მიზნით გაიყვანეს”, – ციტირებს ლომბარდოს სიტყვებს Football Italia.

 

სარი: “იგუაინს ლევანდოვსკიშიც კი არ გავცვლი”

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში “ნაპოლიმ” გასვლაზე “სამპდორია” ანგარიშით 4:2 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა, რომლის შესახებაც შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ისაუბრა.

“იგუაინი ისეთი მოთამაშე ხდება, როგორიც მინდოდა, რომ გამხდარიყო. კერძოდ, იგი ევროპის, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდიცაა. მე მას რობერტ ლევანდოვსკიშიც კი არ გავცვლიდი.
მატჩამდე გადავწყვიტეთ, რომ პენალტების მთავარი შემსრულებელი იგუაინი იქნებოდა, შემცვლელი კი – ინსინიე, თუმცა მათ, როგორც ჩანს, ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ ლორენცო დაარტყამდა.
დღეს ვნახე გუნდი, რომელსაც ძალზედ უნდოდა გამარჯვება, თუმცა “სამპდორიას” საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა მივეცით და მეტოქემ ეს მომენტები გოლებში გარდასახა.
ახლა აზრი არ აქვს სატურნირო ცხრილის ყურებას. წინ გრძელი გზაა გასავლელი. გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები ვართ, თუმცა იტალიის თასზე დაშვებული შეცდომის გამო კვირის ბოლოს მაინც გულნაკლული ვარ”, – ციტირებს სარის სიტყვებს Football Italia.

 

რუმენიგე: “იგუაინი მოგვწონს, მაგრამ მეეჭვება, “ნაპოლიმ” იგი მოგვყიდოს”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიულ კლუბში ძალიან მოსწონთ “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, თუმცა იქვე ეჭვი გამოთქვა, ნეაპოლიტანელები არგენტინელ ფეხბურთელს არ დაგვითმობენო.

“იგუაინი ნამდვილად მოგვწონს, თუმცა ეჭვი მეპარება ჩემმა მეგობარმა აურელიო დე ლაურენტისმა (“ნაპოლის” პრეზიდენტი) იგი გაყიდოს”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Football Italia.

იტალიის ჩემპიონატის მიმდიანრე გათამაშებაში გონსალო იგუაინმა 19 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. რაც შეეხება “ნაპოლის”, გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია.

 

“ნაპოლი” იგუაინის მიერ რონალდუს გაკრიტიკებას უარყოფს

ცოტა ხნის წინათ მედიაში “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინის ასეთი ციტატა გავრცელდა:

“კრიშტიანუ რონალდუ ეგოისტია. თუ არ იტყვი, რომ კრიშტიანუ საუკეთესოა, ის შენთან მეგობრობაზე უარს ამბობს. იგი საკუთარ თავს საუკეთესოდ თვლის, სინამდვილეში კი გადაფასებულია. მე ლეო მესისთან ერთად ვთამაშობ და ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებულია”.

მოგვიანებით “ნაპოლიმ” სპეციალური განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ეს განცხადება იგუაინმა გააკეთა.

“ნაპოლი” და გონსალო იგუაინი კატეგორიულად უარვყოფთ იმას, რომ ფეხბურთელს გამოცემა “დონ ბალონისთვის” ოდესმე ინტერვიუ მიუცია.
ასე რომ, სიტყვები, რომელიც იგუაინს მიაწერეს, ყალბი და საფუძველს მოკლებულია”, – ნათქვამია “ნაპოლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “მინდა, რომ იგუაინი წავიდეს”

“ნაპოლის” პრეზიდენტი ანტონიო დე ლაურენტისი, რომელიც ექსცენტრიული ქცევებით არის ცნობილი, აცხადებს, რომ გონსალო იგუაინის გაყიდვა სურს.

“მინდა, რომ იგუაინი ვინმემ იყიდოს. 90 მილიონ ევროდ რვა ახალ ფეხბურთელს ვიყიდიდი.

რაც შეეხება ჩირო იმობილეს, ჩვენ არ ვაპირებთ მის შეძენას, რადგან იგი მხოლოდ ლორენცო ინსინიესთან და მარკო ვერატისთან ერთად თამაშობს კარგად (ეს სამი ფეხბურთელი ერთად “პესკარაში” 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა, როცა გუნდი სერია А-ში გადმოვიდა), ჩვენ კი აქედან მხოლოდ ერთი მოთამაშე გვყავს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.

 

იგუაინის აგენტს “არსენალმა” და “ატლეტიკომ” მიმართეს

“ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინით მადრიდის “ატლეტიკო” და ლონდონის “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.

არგენტინელი ფეხბურთელის აგენტს ორივე კლუბმა მიმართა. იგუაინის ძმა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, უკვე “ნაპოლის” ხელმძღვანელობასთან განიხილავს შესაძლო ტრანსფერს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 27 წლის არგენტინელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერი 60 მილიონ ევროდ ფასდება.

გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 57 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იგუაინი “ატლეტიკოში”?

“ნაპოლის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს.

TMW-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელით პირადად დიეგო სიმეონე არის დაინტერესებული. 27 წლის მოთამაშეს მარიო მანჯუკიჩის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩით “მონაკო” დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონში გონსალო იგუაინმა “ნაპოლის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 55 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დონადონი იგუაინის საქციელის შესახებ: “ეს არის უმსგავსობა”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “პარმასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს სტუმართა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მასპინძელთა კიპერ ანტონიო მირანტესთან იჩხუბა. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ეპიზოდში “პარმას” მეკარეს უთხრა:

“თქვენ უკვე სერია B-ში ხართ”.

როგორც მოგეხსენებათ, “პარმას” სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ აქვს.

ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. არ არის გამორიცხული, იგუაინის მიმართ დისციპლინური ზომები გატარდეს.

აღნიშნული ეპიზოდისა და იგუაინის საქციელის შესახებ “პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ისაუბრა.

“კარგია, რომ ასეთი რამე არ იმალება. გასაგებია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელები ღელავდნენ, რადგან ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ მივეცით. სერია A-ს პატივს ვცემთ და თითოეულ მატჩში ღირსეულად ვიბრძვით. თუ ფეხბურთელმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა, მის საქციელს მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებ — უმსგავსობა”, – დონადონის კომენტარი Tmw-მ გამოაქვეყნა.

 

“ლივერპული” იგუაინზე ფიქრობს

“ლივერპული” “ნაპოლის” ფორვარდ გონსალო იგუაინის კონტრაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ცდილობს, რომ კლუბი მოქმედი შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და იგუაინისთვის ჯამაგირის მომატებაზე დაიყოლიოს.

მხარეები შეთანხმების მიღწევას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რითაც შესაძლოა მერსისაიდულმა გუნდმა ისარგებლოს და “ნაპოლის” იგუაინის ტრანსფერის თაობაზე მიმართოს.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელს “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში იგუაინს 13 გოლი აქვს გატანილი.

 

იგუაინი: “ნაპოლიში” დავრჩები, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეთ”

იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ნაპოლიმ” სტუმრად რომის “ლაციო” გონსალო იგუაინის კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“საბედნიეროდ, რთულ შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. “ლაციო” ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე ადგილზე დაბრუნებისთვის მხოლოდ მოგება გვმართებდა.

“ნაპოლიში” ბედნიერი ვარ. გუნდში დავრჩები იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, თანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ნეაპოლიტანურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება

 

არგენტინა — ბელგია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

„ნაპოლიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

Marca: იგუაინი „ბარსელონას“ მიუახლოვდა

ესპანური გაზეთი „მარკა“ იუწყება, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი შესაძლოა უახლოეს პერიოდში „ბარსელონაში“ ვიხილოთ. წყაროს თანახმად, კატალონიურმა გუნდმა არგენტინელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე მიაღწია შეთანხმებას და ახლა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ცნობისათვის, იგუაინს ნეაპოლიტანურ კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ გათამაშებაში 32 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის ბომბარდირი გახდა. იგუაინმა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გონსალო იგუაინი „ნაპოლიში“ გადასვლამდე მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

ბექა დოგრაშვილი