გატუზომ ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ჯენარო გატუზომ ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიელს ჯერ კიდევ ოქტომბერში სურდა გუნდიდან აბარგება, თუმცა მაშინ გულშემატკივრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 36 წლის გატუზომ ოფი-ს დატოვების მიზეზად კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. გუნდს კრედიტორების მიმართ დავალიანება დაუგროვდა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდასაც ვერ ახერხებს.

“ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ კრეტის მოსახლეობას. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვიყავით. ოფი-სთვის ვიბრძოდი, მათ შორის ეკონომიკურადაც. არათუ არ ამიღია კუთვნილი ხელფასი სრული ოდენობით, არამედ კლუბის ხარჯების დასაფარად ჩემი ჯიბიდანაც ვიხდიდი თანხას. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას მეც უნდა დავნებდე. სიტუაციის მოგვარება ჩემს ძალებს აღემატება. კორპორატიული და სპორტული კატასტროფის თავიდან არიდების შანსი არ არის და ასეთ შემთხვევაში, ჩემი აქ დარჩენა კრეტის მოსახლეობისადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ოფი-ს ღირსებას გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.

 

გატუზომ, გიორგი ლორია „ლიონში“ ან „მარსელში“ თავისუფლად ითამაშებდაო

ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს აზრით, მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანგში თავისუფლად ითამაშებდა.

„ჩემი აზრით, ლორიას „ლიონისა“ და „მარსელის“ დონის კლუბებში გამოსვლა შეუძლია. სამწუხაროდ, მსგავსი კლუბებისგან მას წინადადება არასდროს ჰქონდა“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

გატუზო: “ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ვგავარ”

“მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა და ირაკლიონის ოფი-ს მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ საკუთარი თავი “ბარსელონას” თავკაც ლუის ენრიკეს შეადარა.

“ჩემი ყოფილი მწვრთნელებიდან საუკეთესოებად კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი მიმაჩნია — თავანთი სტილით ორი განსხვავებული სპეციალისტია. საერთოდ კი, საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ვთვლი. ის გუნდის ინტერესებს საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს და პრესასთანაც ურთიერთობის განსხვავებული სტილი აქვს.

რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკეს ვგავარ. მას შინაგანი ცეცხლი აქვს, რასაც გარშემომყოფებსაც ანახებს. ის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. არ ერიდება იმ ფეხბურთელებთან სიმკაცრეს, რომლებიც გუნდის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Todomercado.

შეგახსენებთ, რომ გატუზოს მიერ დამოძღვრილ ოფი-ს ღირსებას გორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ.

 

დელ პიერო, შესაძლოა, ლორიას თანაგუნდელი გახდეს

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ, შესაძლოა, კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს.

ბერძნული პრესის ცნობით, ვეტერან იტალიელს კრეტას “ოფი” იწვევს, რომლის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა, ხოლო კარის დარაჯი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე – გიორგი ლორია.

შეგახსენებთ, რომ დელ პიერო ამჟამად თავისუფალი აგენტია. ბოლოს იტალიელი ავსტრალიური “სიდნეის” ღირსებას იცავდა.

გიორგი ლორიას მწვრთნელი ჯენარო გატუზო ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გააგიჟა

23 აგვისტოს საბერძნეთის სუპერ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი ლორიას “ოფიმ”, რომელსაც ჯენარო გატუზო თავკაცობს, საკუთარ მოედანზე “პანაითოლიკოსი” მიიღო და მეტოქე 92-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

ჯენარო გატუზო გოლმა ისე გაახარა, რომ ის მოედანზეც კი შეიჭრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ მატჩი სრულად ჩაატარა და კარიც მშრლად შეინახა.

გატუზო ბერძნულ ოფი-ს უთავკაცებს

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი ჯენარო გატუზო ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელი გახდა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

იტალიელი გუნდს 2014/15 წლების სეზონში უთავკაცებს.

აქამდე რინომ შვეიცარიული „სიონისა“ და „პალერმოს“ დამრიგებლად მუშაობა მოასწრრო. მოთამაშის კარიერა ჯენარომ 2012/13 წლების სეზონში სწორედ „სიონში“ დაასრულა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გატუზო: „გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი ჯენარო გატუზო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იგი თავის დროზე გარიგებულ მატჩებში იღებდა მონაწილეობას.

„ამ ინფორმაციამ გამაბრაზა. ასეა თუ ისე, ნერვიულობის მიზეზი არ მაქვს, რადგან ჩემს რეპუტაციას დავიბრუნებ. არ მსურს, რომ ჩემს კარიერაში შავი ლაქა იყოს. ცხოვრებაში გარიგებულ მატჩებში არადროს მითამაშია“, – განაცხადა რინომ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დღეს გატუზოს სახლი გაჩხრიკეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გატუზო და ბროკი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ?

იტალიურმა პოლიციამ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ახალი გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში კარაბინიერებმა საფეხბურთო ფუნქციონერები დააკავეს. ამ ქალაქებში მილანი, ბოლონია, რიმინი და მესინა შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, შესაძლოა, ქალაქ კრემონას პროკურორმა „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველები ჯენარო გატუზო და კრისტიან ბროკი დაადანაშაულოს. როგორც ცნობილია, „როსონერის“ ექს-ფეხბურთელების სახლები პოლიციამ უკვე გაჩხრიკა.

ყველაფერთან ერთად, ამ სკანდალთან კავშირი სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ. ორი მათგანი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, თუმცა მათი სახელების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

არალეგალურ ფსონებს იტალიის პოლიცია აქტიურად ებრძვის. აღნიშნული დანაშაულისთვის აქამდე კარაბინიერებმა 54 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, ისინი ერთდრულად 120 მსგავს საქმეს იძიებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

გატუზო: „ბარბარა ბერლუსკონი? ქალების ადგილი ფეხბურთში არ არის“

„მილანის“ ექს-მოთამაშემ და ამჟამად დამწყებმა მწვრთვნელმა ჯენარო გატუზომ „როსონერიში“ ბოლო დროს შქმნილი სიტუაცია შეაფასა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გადაწყდა, რომ კლუბის გენერალური პრეზიდენტის ფუნქციებს ადრიანო გალიანისთან ერთად, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი ბარბარაც შეასრულებს, რის გამოც გალიანი „მილანელოდან“ წასვლასაც კი აპირებდა.

„კლუბში შექმნილი ვითარება? ვფიქრობ, ადრიანო გალიანი მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში იგი არამხოლოდ მუშაობდა, არამედ შესანიშნავ შედეგს აღწევდა“, – განაცხადა რინომ.

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა, ჩემი აზრით, ქალის ადგილი ფეხბურთში არ არის“, – დაასრულა მილანური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი