მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ფაბრეგასის ახალი კლუბი ცნობილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კერძოდ, ესპანელი ფეხბურთელი “მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი სესკ ფაბრეგასს “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა, რამაც 31 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადააწყვეტინა.

შაბათს ფაბრეგასმა “ლურჯების” რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლონდონელებმა “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს. ესპანელი ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, ქომაგებმა ის მქუხარე აპლოდისმენტის გააცილეს, ფაბრეგასმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

“სქაი სპორტსის” ცნობით, დღეს სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაემგზავრება და ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

კარიკატურა: რონალდუ “იუვენტუსში?!

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. ამაზე სხვადასხვა გამოცემამ დაწერა.

ომარ მომანი პორტუგალიელის ტრასნფერზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

“იუვენტუსის” რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. კატალონიური გუნდი გოლის გატანას ბევრს ეცადა, მაგრამ ტურინელებმა კარი მშრალად დაიცვეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

“ბარსელონა” ტურნირს გამოეთიშა, “იუვენტუსი” კი ნახევარფინალში ითამაშებს.

“ბებერი სინიორა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა, რაც იტალიურ კლუბთა შორის საუკეთესო შედეგია. “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ექვსჯერ ითამაშა.

გარდა ამისა, “იუვენტუსი” გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დაპირისპირებაში “ბარსელონასთან” კარი მშრალად შეინახა. მანამდე ეს “მანჩესტერ იუნაიტედმა” (0:0, 1:0) და მიუნხენის “ბაიერნმა” (4:0, 3:0) მოახერხეს.

“იუვენტუსის” ფანებს “ნაპოლისთან” სტუმრად გასამართ მატჩებზე დასწრება აეკრძალათ

ტურინის “იუვენტუსის” ფანები “ნაპოლისთან” სტუმრად გასამართ უახლოეს ორ მატჩს ვერ დაესწრებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს, რადგან “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ტიფოზებს შორის უკვე დიდი ხანია მტრობა და ზიზღი სუფევს. ფანებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გონსალო იგუაინი “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” გადაბარგდა. ახლა ნეაპოლიტანური გუნდის ტიფოზები არგენტინელი ფეხბურთელის დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან.

“ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 5 აპრილს კი ეს გუნდები იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (პირველი მატჩი “იუვენტუსმა” 3:1 მოიგო). ორივე შეხვედრა “სან პაოლოზე” შედგება და მატჩებზე დასწრება მხოლოდ კამპანიის რეგიონის (ადმინისტრაციული ცენტრი ნეაპოლი) მოსახლეობასა და აბონემენტის მქონე ფანებს შეეძლებათ.

“იუვენტუსმა” სტუმრად კაცნაკლული “პორტუ” დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პორტუსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მასპინძლები მოედანზე 27-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ვინაიდან მატჩის მთავარმა არბიტრმა ალექს ტელესს ორი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრდიდან გააძევა. აღსანიშნავია, რომ “ბებერმა სინიორამ” გოლები ასევე ორწუთიან მონაკვეთში გაიტანა და ორივე ბურთი შეცვლაზე შემოსული მოთამაშეების ანგარიშზეა: 72-ე წუთზე იტალიელები მარკო პიაცამ დააწინაურა, რომელმაც “ბიანკონერის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ზუსტად ორ წუთში ტურინელთა უპირატესობა დანიელ ალვესმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

წყვილის საპასუხო მატჩი 14 მარტს, ტურინში ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“პორტუ” — “იუვენტუსი” 0:2 (0:0)
გოლები: პიაცა 72′, დანი ალვესი 74′.

“იუვეს” ფანმა მატჩის ცოცხლად სანახავად საავადმყოფოს ჩივილებით მიაკითხა

ტურინის “იუვენტუსის” ქომაგმა “კროტონეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის საყურებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა.

როდესაც გულშემატკივარმა შეიტყო, რომ სტადიონის სალაროებში მატჩზე დასასწრები ბილეთების მარაგი სრულად ამოწურული იყო, არენის მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ჩივილებით მიმართა. სამედიცინო დაწესებულების ფანჯრებიდან კარგად ჩანს სტადიონის მოედანი და იქ მოხვედრილმა ტიფოზმა მატჩს ცოცხლად მიადევნა თვალყური, მეორე დღეს კი საავადმყოფოდან გამოწერეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი “იუვენტუსის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

“იუვე” “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტურინის “იუვენტუსსა” და რომის “ლაციოს” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ გადაღებული ფოტოს გამო “ბებერი სინიორა” სკანდალში გაეხვა.

“იუვენტუსის” ფეხბურთელებმა” გამარჯვების შემდეგ გასახდელში ფოტო გადაიღეს. სურათზე ჩანს, რომ მირალემ პიანიჩს ფეხი “ლაციოს” ფორმაზე აქვს დაბიჯებული. “რომას” ყოფილი ფეხბურთელის ამ ქმედებამ იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პიანიჩმა “რომას” ტიფოზებისგან მოწონება დაიმსახურა, თუმცა “ლაციოს” ფანებმა “იუვეს” ნახევარმცველი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ფრაზებით აიკლეს, რის შემდეგაც პიანიჩმა საკუთარ ფოტოზე მათ კომენტარების გაკეთების უფლება შეუზღუდა.

Juve players

რამდენი გადაიხადა “იუვენტუსმა” ახალი გერბის დამზადებაში?

როგორც გუშინ გამცნეთ, ტურინის “იუვენტუსს” ახალი გერბი აქვს, რომელსაც კლუბის გულშემატკივართა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ტიფოზთა შორის ბევრი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც ახალი ლოგო არ მოეწონა.

როგორც Goal.com-ის ჟურნალისტი ნიმა ტავალი წერს, “იუვენტუსს” ახალი გერბი 200 ათასი ევრო დაუჯდა.

ცნობისთვის, კლუბის ახალი ლოგოს შექმნაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“იტალიის დერბი” “ინტერის” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც “ინტერმა” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო. შეხვედრა მილანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. სამივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. “ბიანკონერი” 66-ე წუთზე შტეფან ლიხტშტაინერმა დააწინაურა, თუმცა სტუმრებს დიდხანს სიხარული არ დასცალდათ, ვინაიდან ზუსტად ორ წუთში მაურო იკარდიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ივან პერიშიჩმა “ინტერი” სულაც დააწინაურა. 90-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ. ექვსწუთიან მონაკვეთში ევერ ბანეგამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება ნაადრევად მოუწია. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, “ინტერის” ფეხბურთელებმა კომპენსირებულ დროში უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და “იუვენტუსს” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემეს.

“ინტერმა” აქტივში 7 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. “იუვენტუსი” 9 ქულით მეორე პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია A
IV ტური
“ინტერი” — “იუვენტუსი” 2:1 (2:1)

გოლები: იკარდი 68′, პერიშიჩი 78′ — ლიხტშტაინერი 66′.
გაძევება: ბანეგა 90′.

“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია!

იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” გახდა.

“ბებერმა სინიორას” მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე აქტივში 85 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “ნაპოლის” 12 ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები დღეს “რომასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და ჩემპიონობის თეორიული შანსი მოისპეს.

ამრიგად, “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატი მიჯრით მეხუთედ მოიგო. ცნობისთვის, “ბიანკონერი” ტურნირის ზედიზედ ხუთგზის გამარჯვებული პირველად შორეულ 1935 წელს გახდა.

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატი 32-ედ მოიგო.