40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.

„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.

მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ძანეტი შესაძლოა გუნდს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა მოთამაშემ შესაძლოა ვარჯიში მიმდინარე თვის ბოლოს, საშინელი ტრავმის შემდეგ კვლავ განაახლოს.

შეგახსენებთ, აპრილის თვეში არგენტინელმა უმძიმესი დაზიანება მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა მას “ინტერში” გატარებული 18 სეზონის შემდგომ საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ძანეტიმ, რომელსაც ათ აგვისტოს 40 წელი შეუსრულდა, მილანელებთან ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კლუბი იმედოვნებს, რომ იგი ოქტომბრის ბოლოს დაბრუნებას შეძლებს.

“გამოკვლევა ჩავიტარე. როგორც ივარაუდეს, შესაძლოა სამ კვირაში დავბრუნდე. თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, გუნდთან ერთად მომზადებას აუცილებლად გავაგრძელებ”, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

სანდრო საპანაძე

ხავიერ ძანეტი: „მაცარი კუპერს მაგონებს“

მილანის „ინტერის“ კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი საქმის მიმართ დამოკიდებულებით ექტორ რაულ კუპერს ჰგავს, რომელიც „ნერიაძურის“ 2001/03 წლებში თავკაცობდა.

„ჯერ ნაადრევია ჩვენი გამოსვლის შეფასება. ამას სეზონის ბოლოს გავაკეთებთ. საინტერესო სეზონი უნდა გამოვიდეს, რადგან ყველა წამყვანი კლუბი გაძლიერდა. სერიოზული კონკურენცია გაჩაღდება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები ჩვენ გავხდებით. რაც შეეხება მაცარის, მან ჩემზე შთაბეჭდილება ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეს მოახდინა. მას შესანიშნავად ესმის, რასაც აკეთებს. მე მომწონს მისი მსოფლმხედველობა. ის ბევრს ფიქრობს სამუშაოზე და ქმნის გუნდს, რომელსაც გამარჯვება შეეძლება. საქმის მიმართ დამოკიდებულებით ის ექტორ კუპერს მაგონებს“, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კუპერის თავკაცობით „ინტერმა“ ვერაფერი ვერ მოიგო.

ბექა დოგრაშვილი