საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და დღევანდელ შეხვედრაში ლატვიის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ შეძლებს.
ვლადიმერ ვაისს ქვილითაიას შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს. განაცხადში ოფიციალურად 2 ნომინალური თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე იმყოფებიან. კაჭარავა ზაფხულში კვიპროსულ “ანორთოსისში” გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ, მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. საგულისხმოა, რომ კვიპროსში ჩემპიონატი გვიან დაიწყო.
“ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე 16 თვეზე მეტია, რაც ოფიციალურ მატჩში არ გამოსულა და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკაზე საუბარი არც ღირს. მჭედლოს გამოძახების ერთადერთი მიზეზი ნაკრებში მიღებული გამოცდილებაა, რითაც ვაისმა ის სხვა თავდამსხმელებს ამჯობინა.
თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია ვაისმა ცენტრფორვარდად ლატვიასთან ვაკო ყაზაიშვილი ათამაშოს და მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდეს. ხოლო, ფლანგებიდან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილი შეუტევენ.
ყაზახეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კაპიტანი ჯაბა კანკავა საუკეთესო ფორმაში არ არის და ვაკო გვილიას მოედანზე გამოსვლის შემდეგ, საყრდენ ზონაში სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა. შესაძლოა, მენტორმა ნახევარდაცვაშიც შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და თამაში კვეკვესკირმა და გვილიამ დაიწყონ.
დაცვასა და მეკარის პოზიციაზე კი ვაისი არანაირ ცვლილებას არ აპირებს და ის ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების მთავარ ძალას წარმოადგენენ.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგთავაზებთ.