ლუჩანო მოჯი: „რომას“ წარმომადგენლები მსაჯებს აშინებენ“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი კვლავ საინტერესო განცხადებით გამოირჩა. ამჯერად მოჯიმ „ბებერი ქალბატონისა“ და „რომას“ წინა ტურის მატჩს შეეხო, რომელსაც ტურინელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტების გამო უამრავი საუბარი მოჰყვა.

„რომას“ წარმომადგენლების სიტყვები მაფიქრებენ, რომ ისინი იმ ტაქტიკას იყენებენ, რომელიც „კალჩოპოლის“ დროს პოპულარული იყო. მაგალითად, მათ მსაჯებისთვის შეეძლოთ ეთქვათ, რომ „იუვენტუსის“ სასარგებლოდ საკამათო გადაწყვეტილება მიეღოთ. ამ შემთხვევაში, ისინი ეჭვს აიცილებდნენ. ამით მსაჯების შეშინება შესაძლებელია.

ნებისმიერს სტატისტიკის გადახედვა შეუძლია. 1998 წლიდან 2006 წლამდე ყველაზე მეტი პენალტი (70) „მილანის“ სასარგებლოდ დაინიშნა. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით 57 პენალტით „რომა“ გავიდა, მესამეზე 55 პენალტით „ლაციო“ აღმოჩნდა, მეოთხეზე – „ნაპოლი“ (54). „იუვენტუსი“ და „ინტერი“ კი, მხოლოდ ამ კლუბების შემდეგ მოდიან – ორივემ 53 პენალტი შეასრულა.

თუ ამ გუნდების კარში დანიშნული პენალტების სტატისტიკას გადავხედავთ, იგი ასე გამოიყურება: „მილანი“ (25), „იუვენტუსი“ (26), „ლაციო“ (30), „ინტერი“, „რომა“ და „ნაპოლი“ – 39.

ორივე შემთხვევაში, ყველაზე საინტერესო, „მილანის“ სტატისტიკაა“, – განაცხადა მოჯიმ.

მოჯი: „ინტერი“ ჩვეულ დონეს დაუბრუნდა, ეს გუნდი ლიდერთა შორის აღარ უნდა იყოს“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ინტერი“ კვლავ იმ დონეს დაუბრუნდა, რომელზეც „კალჩოპოლის“ სკანდალის დაწყებამდე იყო.

„ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის მატჩებს „დერბი დელა იტალიას“ ვეღარ ვუწოდებთ. ეს, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია. იყო პერიოდი, როდესაც ეს ორი გუნდი იტალიაში საუკეთესო იყო. ამ მომენტისთვის კი,ასეთ კლუბად მხოლოდ „იუვენტუსი“ უნდა ითვლებოდეს.

„ინტერმა“ დაკარგა ის უპირატესობა, რომელიც „კალჩოპოლის“ შემდეგ მოიპოვა. ამჟამად „ნერაძური“ „იუვეს“ 26 ქულით ჩამორჩება, რაც ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში „იუვენტუსმა“ სწორედ „ინტერს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოჯი: „შესაძლებელი იყო, რონალდუს „იუვენტუსში“ ეთამაშა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ თავის დროზე შესაძლებელი იყო, კრიშტიანო რონალდუ „სპორტინგიდან“ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ ტურინულ კლუბში გადასულიყო.

„სპორტინგთან“ რონალდუს მარსელო სალასთან გაცვლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. სალასი პორტუგალიაში ჩავიდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნდა და „რივერ პლეიტში“ გადავიდა. ამ დროს გამოჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც „სპორტინგს“ ისეთი წინადადებით მიმართა, რომ ჩვენ სიტუაციას გამოვეთიშეთ და იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა“, – აღნიშნა მოჯიმ.

ბექა დოგრაშვილი