ლუის სუარესი ვენესუელასთან მატჩში გაფიცხდა (ვიდეო)

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და ვენესუელის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესი მთავარი მწვრთნელის, ოსკარ ტაბარესის გადაწყვეტილებით აღშფოთებული დარჩა და საკუთარი უკმაყოფილება არც დაუმალავს. მარცხის შემთხვევაში, ურუგვაელებს მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი მოესპობოდათ. ვენესუელის ნაკრები ანგარიშით 1:0 იგებდა, ტაბარესმა კი სათადარიგოთა შორის გამწესებული სუარესი მოედანზე არ შეუშვა. მატჩის შემდეგ ურუგვაის ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ მინდორზე იმ ფეხბურთელის გაყვანას არ აპირებდა, რომელიც სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არ იყო.

მატჩი ვენესუელის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

ცნობისთვის, ლუის სუარესმა მექსიკის ნაკრებთან გამართული ტურნირის პირველი შეხვედრა (1:3) ტრავმის გამო გამოტოვა.

სუარესი სამი კვირით იუქმებს

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:0) ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ცნობილია, თუ როდის მომჯობინდება ურუგვაელი ფეხბურთელი.

ლუის სუარესს მოედანზე დაბრუნება სამი კვირის შემდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 4 ივნისს დაიწყება. ურუგვაის ნაკრები ტურნირის პირველ შეხვედრას 6 ივნისს მექსიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სუარესმა საუკუნის რეკორდი დაამყარა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში “დეპორტივოსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:8) კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა XXI საუკუნის რეკორდი დაამყარა.

ურუგვაელმა ფორვარდმა “გოლი+პასის” სისტემით 7 ქულა მოაგროვა. კერძოდ, 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამრიგად, ლუის სუარესი XXI საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ კონკრეტულ მატჩში გატანილ შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა.

 

სუარესი “ლივერპულის” ბაზას ეწვია (ფოტო)

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი თავისი ყოფილი კლუბის, “ლივერპულის” საწვრთნელ ბაზას ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელი მერსისაიდში საკუთარი შვილებით ჩავიდა.

“ლივერპულში” სუარესის ვიზიტის მიზანს ყოფილი თანაგუნდელების მონახულება წარმოადგენდა.

რამდენიმე დღის წინათ ურუგვაელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ინგლისში მისთვის მხოლოდ “ლივერპული” არსებობს და შემოთავაზებების შემთხვევაში, არცერთ სხვა ინგლისურ გუნდში თამაშს არ აპირებს.

Suarez

მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ერთად 100 გოლი გაიტანეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონამ” “ეიბარი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

კატალონიური გუნდის თავდამსხმელებმა ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ერთობლივად გატანილ გოლთა როადენობა 100-მდე გაზარდეს.

აქედან 35 გოლი მესის ანგარიშზეა, ნეიმარმა 23 ბურთი გაიტანა, სუარესმა კი 42-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.

გასულ სეზონში მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა ყველა ტურნირზე ერთად 122 გოლი გაიტანეს.

 

სუარესი: “ეჭვი მეპარებოდა, რომ “ბარსელონას” სტილს შევეწყობოდი”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლისას დარწმუნებული არ იყო, რომ გუნდს შეეწყობოდა.

“პირველ რიგში, ეჭვი მეპარებოდა, რომ “ბარსელონას” სათამაშო სტილს შევეწყობოდი. “ბარსა” “ტიკი-ტაკას” თამაშობს და ვიფიქრე, რომ ჩემს შესაძლებლობებს სრულყოფილად ვერ გამოვავლენდი, რადგან საკმარისი სივრცე არ იქნებოდა მანევრირებისთვის, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარნენ, ლუის ენრიკემ კი მე-9 ნომრის პოზიციაზე დამაყენა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
მესისთან და ნეიმართან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ისინი გუნდის ძრავას წარმოადგენენ. იგივეს თქმა შემიძლია ინიესტაზე.
თუ თანაგუნდელებთან მოედნის მიღმა კარგი ურთიერთობა გაქვს, დარწმუნებული იყავით, რომ მოედანზეც ასე იქნება. მათ ჩემი მისვლა მიიღეს, როგორც გუნდის დახმარება და არა კონკურენტის დამატება”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Football Espana.

 

სუარესი: “თუ ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ “ენფილდის” ატმოსფერო ენატრება, სადაც იგი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

“არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. თუ ერთ დღესაც ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ.
ფანები მენატრება. “ენფილდ როუდზე” უბრალოდ წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევს ხოლმე.
ყველამ, ვისაც “ლივერპულში” უთამაშია, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. “ლივერპულის” ფანები ჩემს გულში დარჩებიან”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “სანი”.

ლუის სუარესმა “ლივერპულის” რიგებში 107 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა.

 

სუარესი: “მსოფლიოში მესის შემდეგ ნეიმარია”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელების — ლიონელ მესისა და ნეიმარის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. რასაც იგი მოედანზე აკეთებს, აღფრთოვანებას იწვევს, თუმც, ამავე დროს, იგი საოცრად მორცხვი და მოკრძალებულია.

მესის შემდეგ ნეიმარი მოდის. იგი ლეოსგან სწავლობს. ბრაზილიელი ყოველ მატჩში აკეთებს რაღაც საოცრებას. ოდესღაც ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Four four two.

 

“ბარსელონამ” “ვალენსიას” ვერ მოუგო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შორის “მესტალიაზე” გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის 59-ე წუთზე კატალონიელთა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გახსნა. 86-ე წუთზე სანტი მინამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს “ღამურების” ახალი მთავარი მწვრთნელი გარი ნევილი, რომელიც მუშაობას დღეიდან შეუდგება.

“ბარსელონამ” პრიმერადივიზიონში 3 ოქტომბრის შემდეგ ქულები პირველად დაკარგა.

პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს “ბარსა” 34 ქულით ლიდერობს, რაც ორი ქულით მეტია მეორეადგილოსან მადრიდის “ატლეტიკოს” მონაგარზე. “ვალენსიას” 20 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIV ტური
“ვალენსია” — “ბარსელონა” 1:1 (0:0)

გოლები: სანტი მინა 86′ — სუარესი 59′.
გაფრთხილებები: პარეხო 70′, დანილო 77′, ხოსე გაია 87′ — მასკერანო 16′.

 

 

სუარესი: “ბარსელონას” ფულში არ გავცვლი”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ დიდძალი თანხის შემოთავაზების შემთხვევაშიც კი, კატალონიური გუნდის დატოვებას არ აპირებს.

“აქ გადმოსვლამდე ბევრი რამის გადატანა მომიხდა. ყოველთვის მინდოდა “ბარსელონაში” თამაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე კლუბი სამმაგ თანხას შემომთავაზებს, აქაურობას არ დავტოვებ. ჩემი ოჯახი ბედნიერი. აქ თამაშს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვაპირებ”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისათვის, 28 წლის ურუგვაელ თავდამსხმელს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

გოდინი: “სუარესი საუკეთესო “ცხრა ნომერია”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი დიეგო გოდინი მსოფლიოს საუკეთესო დამრტყმელ თავდამსხმელად მისივე თანამემამულეს, ლუის სუარესს თვლის. გოდინის თქმით, “ბარსელონას” ფორვარდმა ეს ჯერ კიდევ ინგლისში თამაშის პერიოდში დაამტკიცა.

“ჩემი აზრით, სუარესი მსოფლიოში საუკეთესო “ცხრა ნომერია”. მას ბომბარდირის ყველა თვისება აქვს. სუარესმა ჯერ კიდევ “ბარსელონაში” გადმოსვლამდე დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია ეფექტიანად თამაში”, – გოდინის სიტყვებს A Bola ციტირებს.

 

“ეიბართან” გამართული მატჩის შემდეგ სუარესმა მესისთან და ნეიმართან ერთად ფოტო გადაიღო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ბარსელონასა” და “ეიბარს” შორის “ნოუ კამპზე” გამართული მატჩი კატალონიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მასპინძელთაგან სამივე გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბურთი სამახსოვროდ დაიტოვა, შემდეგ კი ნეიმართან და ტრავმირებულ ლეო მესისთან ერთად ფოტოც გადაიღო.

Messi - Suarez - Neymar