სკოლარიმ ემისარი ევროპაში სპეციალური დავალებით წარგზავნა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ევროპაში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების გამართვა დაევალა.

ასეთი ნაბიჯებით აპირებენ ბრაზილიელები, დიეგო კოსტას მსგავსი ისტორიის გამეორება თავიდან აიცილონ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ნაკრებში თამაში აირჩია.

სკოლარის მიერ წარგზავნილი ემისრის პირველი საქმე „პორტუს“ ტალანტ კელვინთან მოლაპარაკებების გამართვა იქნება. კელვინი „დრაკონთა“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. გარდა ამისა, შეხვედრები დაგეგმილია კარლოს როჩასთან („რეალი“), ლუკას ვეგასთან („ბარსელონა“), ანდრეას პერეირასთან („მანჩესტერ იუნაიტედი“) და მარკოს ლოპესთან („მანჩესტერ სიტი“).

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი დიეგო კოსტას დათანხმებას ცდილობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა „სელესაოში“ თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს როგორც ესპანეთის, ასევე ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. მას ბრაზილიის ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, „სელესაოს“ რიგებში მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ფიფამ დიეგო კოსტას არჩევანის საშუალება მისცა. ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„იმისთვის, რომ სამუნდიალო განაცხადი დავასახელო, დრო მაისამდე მაქვს. დიეგო კოსტას მამასთან ამ თემაზე უკვე ვისაუბრე“, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ფრანგული Le10Sport-ი.

ბექა დოგრაშვილი