მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ჩვენი ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი გამოცხადდა.
ჯეიკობ პულენი:
– ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა.
იგორ კოკოშკოვი:
– გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას.
თამაშის მერე კომენტარები გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა:
თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.
მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.
დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.
ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.
GBF.GE