იოზილი “არსენალიდან” წასვლას არ აპირებს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი გუნდის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამის შესახებ გერმანელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა.

“ჩემი კონტრაქტით კმაყოფილი ვარ. ამ სეზონის მეორე ნახევარს და მომდევნო წელსაც “არსენალში” გავატარებ. ვერ გეტყვით, რა იქნება შემდეგ”, – თქვა იოზილმა.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. თუ კონტრაქტი არ გაგრძელდება, წელიწადნახევრის შემდეგ გერმანელ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდის დატოვება შეეძლება. იმ დროს ის 32 წლის იქნება.

შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილი “არსენალის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ატლეტიკოს” მესუთ იოზილის დამატება სურს

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა კარიერა, შესაძლოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელოს. გერმანელი ფეხბურთელით მადრიდის “ატლეტიკო” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც “მეთოფეებს” 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შემოთავაზებების მისაღებად მზად არის, თუმცა გარიგებას ერთი ფაქტორი ართულებს: ფეხბურთელის მაღალი ხელფასი. იოზილს ლონდონურ კლუბში ჯამაგირის სახით კვირაში 350 ათასი გირვანქა სტერლინგი ეძლევა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “არსენლაის” თავკაც უნაი ემერის მესუთ იოზილის გაყიდვა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს. ფეხბურთელის დამატების სურვილი მილანის “ინტერმა” და ტურინის “იუვენტუსმაც” გამოხატეს.

იოზილი: “დღეს სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ”

ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლონდონელთა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, რომელმაც გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

“ვფიქრობ, ამ საღამოს სექსუალური ფეხბურთი ვითამაშეთ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ”, – დაწერა სოციალურ ქსელში იოზილმა.

“არსენალის” მხრიდან იოზილის გარდა თავი გამოიჩინა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის “არსენალმა” ყველა ტურნირზე ერთად მიჯრით მეათე მატჩი მოიგო, რაც 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

იოზილი “ბაიერნთან” გასამართ საპასუხო მატჩს გამოტოვებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გასამართ საპასუხო მატჩს “მეთოფეთა” ნახევარმცველი მესუთ იოზილი გამოტოვებს.

გერმანელი ფეხბურთელი სრულად ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, რის გამოც “ლივერპულთა” გასამართი მატჩიც (1:3) გამოტოვა, თუმც ვარჯიში უკვე განაახლა.

“იოზილი განაცხადში არ იქნება. მან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა და მატჩში სათამაშოდ ფიზიკურად მზად არ არის”, – ციტირებს “არსენალის” თავკაც არსენ ვენგერის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი ბავარიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ლონდონში, ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მესუთ იოზილი მეშაურმედ მოგვევლინა (ფოტო)

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გასამართი მატჩის გადადებით ისარგებლა მესუთ იოზილმა და მცირე ხნით პროფესია შეიცვალა. თურქული წარმომავლობის გერმანელი ფეხბურთელი ლონდონში შაურმის გამყიდველად მოგვევლინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იოზილმა მისთვის უჩვეულო ამპლუა კარგად მოირგო. ფეხბურთელი რამდენიმე საათის განმავლობაში ემსახურებოდა დაწესებულების სტუმრებს. მალევე გავრცელდა სამოყვარულო ფოტოები, რომელზეც მესუთ იოზილი მეშაურმის ამპლუაშია აღბეჭდილი.

იოზილი: “არსენალში” დავრჩები, თუ…”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენის სურვილი აქვს და იქვე დაამატა, მნიშვნელოვანია, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერი დარჩესო.

“ბედნიერი ვარ, რომ “არსენალში” ვთამაშობ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ კლუბში დარჩენის სურვილი მაქვს. ეს უკვე ვაცნობე ხელმძღვანელობას. ფანებსაც უნდათ, რომ “არსენალში” დავრჩე. ასე რომ, ახლა ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული.

“არსენალის” ხელმძღვანელობამ იცის, რომ მე აქ არსენ ვენგერის გამო ვარ. სწორედ მან მომიყვანა გუნდში. მე მას ვენდობი. კლუბში იციან, რომ გუნდის თავკაცის პოსტზე ვენგერის დარჩენა ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”, – ციტირებს იოზილის სიტყვებს “გარდიანი”.

ცნობისთვის, 28 წლის გერმანელ ფეხბურთელს “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

დი მარიასა და იოზილს “რეალში” დაბრუნება სურთ

“პარი სენ-ჟერმენის” გარემარბ ანხელ დი მარიასა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილს თავიანთ ყოფილ გუნდში სურთ დაბრუნება.

“მარკას” ცნობით, არგენტინელ და გერმანელ ფეხბურთელებს მადრიდის “რეალის” რიგებში თამაშის სურვილი კვლავ აქვთ.

ანხელ დი მარია და მესუთ იოზილი “სამეფო კლუბის” წარმომადგენლებთან კონტაქტზე უკვე გავიდნენ და გუნდში დაბრუნების მზადყოფნაც გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ იოზილი “რეალიდან” “არსენალში” 2013 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დი მარია კი “სანტიაგო ბერნაბეუდან” “მანჩესტერ იუნაიტედში 2014 წელს 75 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

რა უთხრა იოზილმა 1:7 მარცხის შემდეგ ატირებულ დავიდ ლუისს

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ტურნირის ნახევარფინალური ეტაპი გაიხსენა, როდესაც გერმანიის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილია ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

“მატჩის მიმდინარეობისას ყველანი გაოცებულნი ვიყავით. მხოლოდ 20 წუთი იყო გასული და ჩვენ უკვე ანგარიშით 4:0 ვიგებდით. საკუთარ თავს ვკითხე: “ეს რა ხდება?”

რა ვუთხარი დავიდ ლუისს მატჩის შემდეგ? ბრაზილიის ნაკრები ატირებული ქომაგების წინაშე ასე დამარცხდა. საკუთარი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე. ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ლუისთან მივედი და ვუთხარი, რომ ბრაზილია დიდებული ქვეყანაა, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტია”, – იოზილის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

იოზილი და ალექსის სანჩესი ხელფასის მატებას მოითხოვენ

ლონდონის “არსენალსა” და გუნდის ლიდერებს – მესუთ იოზილსა და ალექსის სანჩესს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გაჭიანურდა. მიზეზი ფინანსური დეტალებია.

“თაიმსის” ცნობით, ზაფხულში ორივე ფეხბურთელი კვირაში ჯამაგირის სახით 205 ათასი ფუნტის მიღებას დათანხმდა, თუმცა ახლა ორივე მათგანი ანაზღაურების 80 ათასი ფუნტით გაზრდას მოითხოვს.

თუ ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებები დაიდება, “არსენალს” 41 მილიონი ფუნტით მეტის გაღება მოუწევს, ვიდრე ამას კლუბში ვარაუდობდნენ.

“არსენალმა” გადაწყვეტილების მისაღებად პაუზა აიღო. როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, კლუბი ფეხბურთელების მოთხოვნას, სავარაუდოდ, დათანხმდება.

“რეალს” იოზილის შესაძლო ტრანსფერში ექსკლუზიური უფლება ენიჭება

მადრიდის “რეალს” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაში სხვა კლუბებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა “სამეფო კლუბსა” და “მეთოფეებს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმადაც, თუ ლონდონელები იოზილის გაყიდვას გადაწყვეტენ, მადრიდელებს 48-საათიანი ვადა მიეცემათ იმისთვის, რომ ტრანსფერი განახორციელონ. გარდა ამისა, თუ რომელიმე ესპანური კლუბი იოზილის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის, თანხის 33 პროცენტი “რეალის” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაირიცხება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ მესუთ იოზილი 2015 წლის გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

კარაგერი: “ლივერპულს” იოზილის დამატებას ჯერ კიდევ 2009 წელს ვურჩევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდს მესუთ იოზილის დამატებას ჯერ კიდევ 2009 წელს ურჩევდა. იმ დროს გერმანელი ფეხბურთელი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, იოზილი მადრიდის “რეალში” აღმოჩნდა, შემდეგ კი კარიერა ლონდონის “არსენალში” გააგრძელა.

“ვნახე, 2009 წელს როგორც ბრწყინავდა იოზილი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში, როდესაც გერმენელებმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. სტივენ ჯერარდს ვუთხარი, რომ იოზილი უნდა მოგვეწვია. მაშინ იგი “ვერდერის” ღირსებას იცავდა და ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო გადმობირება. იოზილმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოახდინა შთაბეჭდილება, რის შემდეგაც მას ყურადღება “რეალმა” მიაქცია”, – კარაგერის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

იოზილი “ტოტენჰემს” დაემუქრა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურშზე თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დანიშნულების ადგილი: “უაით ჰართ ლეინი”. სამოქმედო გეგმა: სამი ქულის მოპარვა” – დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.

მატჩი “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

Ozil Tweet