მიხაილოვიჩი: “ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”

ფეხბურთის სერბმა სპეციალისტმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება.

“ნუ ღელავთ, ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბი სპეციალისტი “როსონერისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე კი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგი უნდა გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, ინძაგის “მილანთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

 

ჯექსონ მარტინესი “მილანში” მიდის

“პორტუს” პრეზიდენტმა ჟორჟი ნუნუ პინტუ და კოშტამ განაცხადა, რომ კლუბის თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას “მილანში” გააგრძელებს. პორტუგალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებენ.

“ჯექსონმა გვაცნობა, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ჩვენ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ვითხოვთ და ეს თანხა სრულად უნდა დაიფაროს. სულ ახლახან გავიგე, რომ ჯექსონმა “მილანი” აირჩია. ეს მისი სურვილია, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს ადგილი მას არ შეეფერება. ამის მიუხედავად, ჩემთვის მთავარია, ჯექსონი ბედნიერი იყოს”, – ციტირებს და კოშტას სიტყვებს Porto Canal-ი.

 

“მილანს” მიხაილოვიჩი ჩაიბარებს

“სამპდორიას” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი “მილანს” ჩაუდგება სათავეში. ამ ინფორმაციას TMW ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სერბ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი აწარმოებდნენ და შეთანხმებაც შედგა. TMW იუწყება, რომ ხუთშაბათს მიხაილოვიჩი “მილანის” საწვრთნელ ბაზა მილანელოს ეწვევა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბი სპეციალისტის დანიშვნამდე ფილიპო ინძაგის გაათავისუფლებენ. წყაროს ცნობით, მიხაილოვიჩი “როსონერისთან” კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ინძაგის თავკაცობით “მილანმა” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

ანჩელოტი დღეს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დღეს საღამოს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბს” დატოვებს. დღევანდელ შეხვედრას “მილანის” მრჩეველი ერნესტო ბრონცეტიც უნდა დაესწროს, რომელიც “რეალთან” ანჩელოტის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდება, მადრიდულ კლუბს იტალიელი სპეციალისტის სასარგებლოდ 3,5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრება. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

“მილანი” კარლო ანჩელოტის ოთხწლიან შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი “როსონერის” 2001-დან 2009 წლამდე თავკაცობდა. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.

 

რობინიომ “მილანთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ბრაზილიური სატელევიზიო არხი “გლობო” იუწყება, რომ რობინიომ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრაზილიელი თავდამსხმელი “სანტოსში” 2014 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.

გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სანტოსი” მზად იყო, რობინიოს სანაცვლოდ “მილანისთვის” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რობინიოსთვის ხელფასის 40 პროცენტის გადახდა სწორედ “მილანს” უწევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა კლუბის ინტერესებში.

ახლა 31 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს “სანტოსთან” სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.

რობინიომ “სანტოსის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

 

ინძაგი “მილანს” ბაზაზე ჩაკეტავს

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში “უდინეზემ” “მილანი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი მატჩის შემდეგ საკმაოდ ცუდ გუნებაზე ყოფილა.

“მილანი” აქამდე იბრძოდა მაინც, დღეს კი ესეც ვერ ვიხილეთ. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში “ჯენოას” ვუმასპინძლებთ და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მოგვეცემა.

გუნდის თამაშზე, პირველ რიგში, მწვრთნელია პასუხისმგებელი. დიდი მუშაობა უნდა გავწიოთ იმისთვის, რომ ოთხშაბათს ჩვენი ნამდვილი ფეხბურთი ვაჩვენოთ და სეზონის დარჩენილი ნაწილი ნორმალურად ჩავატაროთ”, – განაცხადა ინძაგიმ.

“მილანის” თავკაცმა გადაწყვიტა, რომ “ჯენოას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გუნდს ჩაკეტილ ბაზაზე მოამზადებს.

მანჩინი: “მსაჯმა სუფთა პენალტი არ დანიშნა”

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც მილანურ გუნდებს შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ “მილანის” კარის მიმართულებით მსაჯებმა პენალტი არ დანიშნეს.

“სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მეტი რაღა უნდა გვექნა?! მსაჯმა სუფთა პენალტი არ დანიშნა. ასპროცენტიანი პენალტი იყო. გასულ კვირას არბიტრმა გუარინის მიერ ხელით თამაში დაინახა და დღეს რატომ ვერ შენიშნეს იგივე?

ოცი მატჩია, მსაჯობაზე უკმაყოფილება არ გამომიხატავს, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები ჩვენი მეტოქეების სასარგებლოდ გადაწყდა. პალასიოს მიერ გატანილი გოლის არჩათვლას არ ვგულისხმობ. იმ მომენტის განმეორება ვნახე და დავინახე, რომ როდრიგომ თამაშის წესი დაარღვია.

გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. “მილანი” თავს კარგად იცავდა და რამდენიმე ეპიზოდში გაუმართლა კიდეც. როდესაც არ ფორტუნა ზურგს გაქცევს, ვერაფერს იზამ. იმედია, მომავალ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ბერლუსკონი “მილანს” ყიდის

Football Italia იუწყება, რომ “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ტაილანდელ ინვესტორზე კლუბის აქციათა 70 პროცენტს 770 მილიონ ევროდ ყიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ აქციათა 30 პროცენტი გაიყიდება 330 მილიონ ევროდ, შემდეგ კი — 40 პროცენტი 440 მილიონად.

დარჩენილი 30 პროცენტი ბერლუსკონის დარჩება და წინასწარი ინფორმაციით, ის “მილანის” საპატიო პრეზიდენტი გახდება.

 

ტრაპატონი: “ინძაგი თალგამისგან კარგ ღვინოს ვერ დაწურავს”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი თვლის, რომ “მილანის” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის მიმდინარე სეზონში მიუღწეველი მიზნების გამო არ უნდა აკრიტიკებდნენ.

“ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ინძაგი “მილანში” გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, თუმცა კლუბი მას უნდა ენდოს. არ შეიძლება, ელოდო, რომ ადამიანი თალგამისგან კარგ ღვინოს დაწურავს. “მილანში” კარგ შედეგთან ერთად სანახაობაც სურთ, ეს კი რთული მისაღწევია”, – ტრაპატონის სიტყვები “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შემდეგ “მილანს” 42 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია უკავია.

 

გალიანი: “ზაფხულში ეტოო შესაძლოა, “მილანში” აღმოჩენილიყო”

“მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გასულ წელს სამუელ ეტოო შესაძლოა, “როსონერიში” აღმოჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ შარშან კამერუნელმა ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და დიდი ფიქრის შემდეგ ლივერპულის “ევერტონში” თამაში გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მაშინ ერთ-ერთი ვარიანტად ეტოოს “მილანიც” ჰქონდა.

“გასულ ზაფხულს ეტოოს “მილანთან” კონტრაქტის გაფორმებამდე სულ ცოტა დააკლდა”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტოო ამჯერად გენუის “სამპდორიას” ღირსებას იცავს.

 

დე იონგი: “მილანს” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება” (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის დასკვნითი მატჩი “სან სიროზე” შედგა, სადაც “მილანმა” გენუის “სამპდორია” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 58-ე წუთზე სტუმრები რობერტო სორიანომ დააწინაურა, ანგარიში 74-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გაათანაბრა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “როსონერის” ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

“ბოლო 15 წუთი დიდი სულისკვეთებით ვითამაშეთ, თუმცა უკვე გვიანი იყო. სეზონის დასრულებამდე რვა მატჩი დარჩა. ევროთასებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება.

მოახლოებულ დერბის რაც შეეხება, ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია. აღნიშნული მატჩი ჩვენთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ფანებისთვისაც”, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს TMW.

Calciomercato: იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კალჩო მერკატო” ექსკლუზიურად აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, “როსონერის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დახურულ კარს მიღმა კლუბის გაყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შემოსული თანხა შესაძლოა, შვედი ფეხბურთელის შეძენისთვის დაიხარჯოს.

“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი 19 მარტს იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლას შეხვდა.

არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს. “პარი სენ-ჟერმენი” იბრაჰიმოვიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა შვედ ფორვარდს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება, ერთი წლის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს ტიაგო სილვასთან ერთად გადავიდა.