მიროსლავ კლოზე “ბაიერნის” ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს

“ბილდის” ცნობით, მიროსლავ კლოზე გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს და მომდევნო სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნის” 17 წლამდე გუნდს უხელმძღვანელებს.

39 წლის გერმანელი “ბუნდესგუნდის” სამწვრთნელო შტაბში 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზემ მოთამაშის კარიერა 2016 წელს დაამთავრა. ბოლოს ის რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა. კლოზე “ბაიერნის” რიგებში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა. მან ბავარიული გუნდის შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, გახდა სუპერთასისა და ლიგის თასის გამარჯვებული.

როგორც მოგეხსენებათ, მიროსლავ კლოზე 71 გატანილი ბურთით გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. გარდა ამისა, მას ეროვნულ გუნდში ლოთარ მათეუსის შემდეგ (150) ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (137).

მიროსლავ კლოზემ კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ პროფესიული კარიერა დაასრულა.

გერმანელს სამწვრთნელო კარიერის დაწყება და ეროვნულ გუნდში მუშაობა სურს. კლოზემ სამწვრთნელო კურსი უკვე გაიარა და გერმანიის ნაკრებს პრაქტიკანტად შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2001-2014 წლებში გამოდიოდა და ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ჩემპიონიც გახდა. იგი 16 გატანილი გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 38 წლის ფეხბურთელი საკლუბო დონეზე უკანასკნელად რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 2013 წელს იტალიის თასი დაისაკუთრა. კლოზემ მიუნხენის “ბაიერნში” ასპარეზობისას ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა.

კლოზემ იტალიის ჩემპიონატში მე-100 მატჩი ჩაატარა

დღეს რომის “ლაციოს” გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იტალიის სერია А-ში მე-100 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კლოზე რომაულ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. 36 წლის ფეხბურთელს იტალიის უმაღლეს დივიზიონში 40 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით, რომ “ლაციო” შინ “ჯენოასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კლოზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად კროოსი დასახელდა

2014 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს.

კროოსმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გამოკითხვაში ხმათა 40,6 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა რომის “ლაციოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ხმათა 38,7 პროცენტი ერგო.

მესამე ადგილი მიუნხენის “ბაიერნის” კიპერ მანუელ ნოიერს მიაკუთვნეს. მან ხმათა მხოლოდ 6,6 პროცენტი მიიღო.

 

GQ: მიროსლავ კლოზე წლის სპორტსმენია

მამაკაცების ჟურნალ GQ-ის ვერსიით, წლის სპორტსმენი რომის “ლაციოს” თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე გახდა.

დაჯილდოების ცერემონია პარასკევს, ბერლინში შედგა.

შეგახსენებთ, რომ კლოზემ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე რიგით მე-16 გოლი გაიტანა და მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

რონალდომ კლოზეს მიულოცა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი მე-15 გოლი მიულოცა. ახლა ეს ფეხბურთელები მუნდიალის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 15-15 გატანილი გოლით იყოფენ.

„წარმომიდგენია, რაოდენ ბედნიერი ხარ, კლოზე. შესანიშნავი ჩემპიონატია“, – აღნიშნა რონალდომ.

კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

კლოზემ რონალდოს შედეგი გაიმეორა

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე განის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, ორ წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ეს გერმანელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი მე-15 გოლი გახლავთ. ამრიგად, კლოზე მუნდიალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი ხუთი გოლი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, შემდეგი ხუთი – 2006 წლის მუნდიალზე, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოთხი ბურთი შეაგდო. კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მიროსლავ კლოზეს გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 133 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.

 

მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

კლოზემ რეკორდი დაამხო

მიროსლავ კლოზემ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გერმანიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი კლოზეს ანგარიშზეა. მისთვის ეს გერმანიის ნაკრების ფორმით გატანილი რიგით 69-ე გოლი გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ რეკორდის დასამხობად გერმანელ თავდამსხმელს 132 მატჩი დასჭირდა, როცა ლეგენდარულმა მიულერმა 68 გოლის გატანა მხოლოდ 62 შეხვედრაში მოახერხა.

კლოზე კიდევ ერთი რეკორდის დამხობას წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ბრაზილიელი რონალდო ითვლება, რომლის ანგარიშზეც 15 გოლი გახლავთ. კლოზეს მხოლოდ ერთი ბურთი სჭირდება იმისთვის, რომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს გაუთანაბრდეს.

ბექა დოგრაშვილი

კლოზე: „იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის“

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სასურველ ფიზიკურ ფორმას დაიბრუნებს.

„საუკეთესო კონდიციებში არ ვარ, თუმცა ნერვიულობას აზრს არ აქვს, რადგან წინ გველის ვარჯიშები და საკონტროლო მატჩები. ამ პერიოდში ფორმის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია. ბრაზილიის მუნდიალზე კლიმატური პირობები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ამიტომ ტურნირს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა შევხვდეთ“, – კლოზეს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და აშშ-ის ნაკრებები ჰყავს. იოაჰიმ ლიოვის გუნდი პირველ მატჩს 16 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

„ლაციოს“ კლოზეს შენარჩუნება სურს

რომის „ლაციოს“ გერმანელ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ იუწყება, რომ „ლაციოს“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი აქვს. წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენელი მომდევნო კვირაში კლოზეს აგენტს შეხვდება და ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს გაუმართავს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს გერმანული და ამერიკული კლუბები იჩენენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კლოზემ 20 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.

„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.

„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი