კლოზემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

რომის “ლაციოს” ვეტერანმა ფეხბურთელმა მიროსლავ კლოზემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 36 წლის თავდამსხმელმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა.

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მიროსლავ კლოზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2014 წლის მუნდიალზე მან მე-16 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს რეკორდი დაამხო.

“ბრაზილიაში მუნდიალის მოგებით ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მიხარია, რომ გერმანიის ნაკრების გაჩემპიონებაში ჩემი წვლილი შევიტანე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ სანაკრებო კარიერას 2015 წელს დავასრულებდი, მაგრამ ეს გადავიფიქრე”, – ამბობს კლოზე.

შეგახსენებთ, რომ კლოზემ გერმანიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 137 მატჩში 71 გოლი გაიტანა.

კლოზემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

იტალიური “ლაციოს” ფორვარდმა და 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ კარიერას 2015 წელს დაასრულებს. .

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში 36 წლის თავდამსხმელმა მუნდიალებზე მე-16 გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ლაციოს” ღირსებას კლოზე 2011 წლიდან იცავს.

მიროსლავ კლოზეს 16

2014 წლის მსოლფიო ჩემპიონატზე მიროსლავ კლოზემ მუნდიალებზე მე-16 გოლი გაიტანა და ახალი რეკორდი დაამყარა.

გთავაზობთ კლოზეს მიერ გატანილი ყველა გოლს.

რონალდომ კლოზეს მიულოცა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი მე-15 გოლი მიულოცა. ახლა ეს ფეხბურთელები მუნდიალის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 15-15 გატანილი გოლით იყოფენ.

„წარმომიდგენია, რაოდენ ბედნიერი ხარ, კლოზე. შესანიშნავი ჩემპიონატია“, – აღნიშნა რონალდომ.

კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

კლოზემ რონალდოს შედეგი გაიმეორა

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე განის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, ორ წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ეს გერმანელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი მე-15 გოლი გახლავთ. ამრიგად, კლოზე მუნდიალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი ხუთი გოლი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, შემდეგი ხუთი – 2006 წლის მუნდიალზე, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოთხი ბურთი შეაგდო. კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მიროსლავ კლოზეს გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 133 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.

 

მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

კლოზეს გერმანიის ნაკრების მაისურით გატანილი ყველა გოლი (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ სომხეთის ნაკრებთან ანგარიშით 6:1 მოგებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა, რითაც მისი გერმანიის ნაკრეის მრიგებშ გატანილი გოლების რაოდენობა 69-ს გაუტოლდა. აღნიშნული შედეგით კი მან გერდ მიულერს გაუსწრო და „ბუნდესტიმის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გთავაზობთ კლოზეს საერთაშორისო მატჩებში ყველა გატანილი გოლის ამსახველ ვიდეოს.

კლოზემ რეკორდი დაამხო

მიროსლავ კლოზემ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გერმანიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი კლოზეს ანგარიშზეა. მისთვის ეს გერმანიის ნაკრების ფორმით გატანილი რიგით 69-ე გოლი გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ რეკორდის დასამხობად გერმანელ თავდამსხმელს 132 მატჩი დასჭირდა, როცა ლეგენდარულმა მიულერმა 68 გოლის გატანა მხოლოდ 62 შეხვედრაში მოახერხა.

კლოზე კიდევ ერთი რეკორდის დამხობას წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ბრაზილიელი რონალდო ითვლება, რომლის ანგარიშზეც 15 გოლი გახლავთ. კლოზეს მხოლოდ ერთი ბურთი სჭირდება იმისთვის, რომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს გაუთანაბრდეს.

ბექა დოგრაშვილი

კლოზე კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

რომის “ლაციოს” და გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებაზე იფიქრებს.

35 წლის ბომბარდირმა, რომელიც ახლა მუნდიალისთვის ემზადება, ცოტა ხნის წინ “ლაციოსთან” გაახანგრძლივა კონტრაქტი.

“ჩემს ახალ კონტრაქტს ვადა 2015-ში გასდის. ვითამაშებ იქამდე, სანამ ამის საშუალება მექნება, მერე კი ვნახოთ. ახალი კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე.

კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კურსების გავლა და მიუნხენში დაბრუნება მსურს” – განაცხადა კლოზემ.

 

კლოზე: „იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის“

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სასურველ ფიზიკურ ფორმას დაიბრუნებს.

„საუკეთესო კონდიციებში არ ვარ, თუმცა ნერვიულობას აზრს არ აქვს, რადგან წინ გველის ვარჯიშები და საკონტროლო მატჩები. ამ პერიოდში ფორმის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია. ბრაზილიის მუნდიალზე კლიმატური პირობები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ამიტომ ტურნირს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა შევხვდეთ“, – კლოზეს სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და აშშ-ის ნაკრებები ჰყავს. იოაჰიმ ლიოვის გუნდი პირველ მატჩს 16 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

„ლაციოს“ კლოზეს შენარჩუნება სურს

რომის „ლაციოს“ გერმანელ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ იუწყება, რომ „ლაციოს“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი აქვს. წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენელი მომდევნო კვირაში კლოზეს აგენტს შეხვდება და ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს გაუმართავს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს გერმანული და ამერიკული კლუბები იჩენენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კლოზემ 20 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

კლოზე: “მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლებ”

რომის “ლაციოს” გერმანელი თავდამსხმელი, მიროსლავ კლოზე აცხადებს, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ბრაზილიელი რონალდუს რეკორდამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს.

“ჩემი აზრით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გუნდში ტყუილად არავის აიყვანს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო. გერმანიის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა”, – ამბობს კლოზე.