პროკურატურა ბლატერისთვისა და პლატინისთვის 18-თვიან პირობით პატიმრობას მოითხოვს

შვეიცარიის პროკურატურა ფიფას ყოფილ ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერისთვისა და უეფას ექსპრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის თაღლითობის საქმეზე 18-თვიან პირობით პატიმრობას მოითხოვს.

ბლატერსა და პლატინის თაღლითობაში ადანაშაულებენ. სასამართლო 2011 წელს მომხდარ ფაქტს განიხილავს, როდესაც ბლატერმა პლატინისთვის ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდის განკარგულება გასცა. გენერალურ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ თანხის გადაცემა უკანონოდ განხორციელდა, რამაც ფიფას აქტივებს ზარალი მიაყენა. ბლატერი და პლატინი ამტკიცებდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდა ფრანგი ფუნქციონერის მიერ 1998-დან 2002 წლამდე ფიფაში განხორციელებული საკონსულტაციო საქმიანობისთვის, ანაზღაურება კი სიტყვიერად იყო დათქმული.

ქალაქ ბელინცონას სასამართლო განაჩენს 8 ივლისს გამოიტანს. მაქსიმალური სასჯელი, რაც ფიფასა და უეფას ყოფილ ხელმძღვანელებს ემუქრებათ, ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთაა.

პლატინი: “ეს დისკვალიფიკაცია ნამდვილი მასკარადია”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ფრანგ ჩინოსანს რვა წლის ვადით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.

“ეს ნამდვილი მასაკარადი და ბინძურ გარემოში საეჭვო კანონიერებაა.
სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გარდა საჩივარს საქალაქო სასამართლოშიც შევიტან და ამ საქმისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოვითხოვ. მე ვიწყებ პროცესს”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ფრანგული პორტალი 20minutes.fr

 

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

პლატინი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დისკვალიფიკაციის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ზეპ ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ფრანგმა ჩინოვნიკმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დისკვალიფიკაციის ვადა 2016 წლის 5 იანვარს ამოიწურება.

შეგახსენებეთ იმასაც, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ასევე: ევრო-2016: როგორ იქნებიან გუნდები წილისყრის დროს კალათებში გადანაწილებული

 

 

პლატინი: „თუ ფიფას პრეზიდენტი გავხდები, ფეხბურთში პოლიტიკა არ იქნება“

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატია, განაცხადა, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ორგანიზაციის მუშაობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.

„ჩვენ ფეხბურთით უნდა დავკავდეთ და არა პოლიტიკით. თუ ფიფას პრეზიდენტად ამირჩევენ, მაშინ ფეხბურთში პოლიტიკის ადგილი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შედგება.

მარადონა: “ბლატერი ქურდია, პლატინი – მატყუარა”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. არგენტინელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.

“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი.

 

რუმენიგე პლატინის ემხრობა

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას შესანიშნავად გაუძღვება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ პლატინი გახლავთ.

“პლატინი ფიფასთვის კარგი პრეზიდენტი იქნება. უეფასთან და განსაკუთრებით მიშელთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ერთად შევქმენით ევროპულ კლუბთა ასოციაცია. მთელი კარიერის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთის მრჩევლები ვიყავით. ჩვენ ამ დრომდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა მის პროგრამას ჯერ არ გავცნობივარ”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AFP.

 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.

გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და უეფას შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უეფას პრეზიდენტს უმასპინძლა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის უმასპინძლა. მხარეებმა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოსა და უეფას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

“ჩვენთვის დიდი პატივია უეფას სუპერთასის მასპინძლობა თბილისში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უეფას პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

პლატინი სიჭინავას: “ამას არ დავივიწყებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები”

როგორც რამდენიმე დღის წინათ მოგახსენეთ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ფრანგი წერდა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პირველს სწორედ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს აცნობდა და მისი მხარდაჭერის იმედსაც აფიქსირებდა. ზვიად სიჭინავამ გადაჭრით თქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პლატინის დაუჭერს, რის შემდეგაც ფრანგმა ფუნქციონერმა სფფ-ში სამადლობელი წერილი გამოაგზავნა.

“ჩემო ძვირფასო მეგობარო, ზვიად!
გულითად მადლობას გიხდი შენი თბილი, მხარდამჭერი წერილისთვის, რომელიც ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემი გამოცხადების შემდეგ მივიღე.
ძალიან აღელვებული და კმაყოფილი ვარ ამ პატივისცემით. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ – თქვენი პირადი და თქვენი ასოციაციის ასეთი მხარდაჭერის გამო.
დარწმუნებული იყავით, მე დავაფასებ და არ დავივიწყებ თქვენს თანადგომას და გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო თქვენი იმედები.
ჩვენ ერთად – როგორც ერთი გუნდი, შევძლებთ აღვადგინოთ ფიფას პრესტიჟი და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება და ფოკუსი გადავიტანოთ ფეხბურთზე.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას თბილი და გამახნევებელი სიტყვებისთვის”, – წერს პლატინი.

 

პლატინის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდა სურს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, რომელიც ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდა სურს.

წყაროს თანახმად, ფრანგი ფუნქციონერი ამ პუნქტს თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანს, ოფიციალურად კი 27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გაახმოვანებს.

გარდა ამისა, პლატინიმ შესაძლოა, თეთრი ბარათი შემოიღოს, რაც მოედნიდან მოთამაშის ათი წუთით გაძევებას გულისხმობს. ფრანგის არჩევის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ტრანსფერები აიკრძალოს.

პლატინიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად სიჭინავას ამცნო

დღეს უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფიფას დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

TV Sport-ის ცნობით, ფრანგმა ფუნქციონერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირველად სწორედ სიჭინავას აცნობა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სწორედ მას დაუჭერს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პლატინის დაუდასტურა, რომ არჩევნებზე მხარს მხოლოდ პლატინის კანდიდატურას დაუჭერს.

სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პლატინი წერს, პირველები ხართ თქვენ, ვისაც მინდა, ვაცნობო, რომ მე გადავწყვიტე ფიფას პრეზიდენტობა. ეს ადამიანი აფასებს ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ქვეყანას, გვერდში გვიდგას და ჩვენგანაც უნდა გვერდში დგომა.

ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი ფეხბურთში, რომელიც უნდა იყოს ფიფას სათავეში.

სანამ მე ვარ პრეზიდენტი, სხვა კანდიდატურა არც განიხილება, ვინაიდან მიშელ პლატინიმ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის: სუპერთასი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2017 წელს, აკადემიის გახსნა და სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ TV Sport-ის ეთერში.

პლატინის საგანგებო წერილი