მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

უეფას მოქმედი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ფრანგმა ფუნქციონერმა თავადვე განაცხადა.

“შეგნებული, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მივიღე. დგება მომენტი, როდესაც სადავეები ხელში უნდა აიღო. სწორედ ეს გარდამტეხი დრო დგას ჩემს ცხოვრებაში.

გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფიფას მხოლოდ ორი პრეზიდენტი ჰყავდა. ეს გასაოცარი და პარადოქსულიც კია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიო რადიკალურ ცვლილებებს განიცდის და სპორტშიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები მოხდა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიბიძგა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ და ფიფას მართვის პრინციპებს გადავხედოთ.

თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. იმედია, ერთად შევძლებთ, რომ ათობით მილიონ გულშემატკივარს ისეთი ფიფა ვაჩუქოთ, როგორიც სურს – სამაგალითო, ერთიანი, სოლიდარული ფიფა, რომელიც იქნება პატივსაცემი და ხალხისგან მოწონებული”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პლატინის გარდა ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის, სავარაუდოდ, იბრძოლებენ: ყოფილი ფეხბურთელები ზიკო და დიეგო მარადონა, ლიბერიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მუსა ბილიტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ფიფას საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ჩონ მონჯუნი.

ფიფას პრეზიდენტობის მსურველებმა განაცხადი 2015 წლის 26 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. ფიფას ახალ პრეზიდენტს 2016 წლის 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში აირჩევენ.

 

„პლატინი ფიფა-სთვის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“

საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტმა ფრედერიკ ტირიემ ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტიდან ზეპ ბლატერის გადადგომის შესახებ ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი ახლა ფიფა-სა და ფეხბურთის მომავალია.

პლატინი დიდებული ფეხბურთელი იყო, რის შემდეგაც ევროპული ფეხბურთის კოფნერედერაციის დიდებულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ფიფა-სთვის ის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა“, – განაცხადა ტირიემ.

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

პლატინიმ ბლატერის გადადგომა შეაფასა

უეფას ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან იოზეფ ბლატერის გადადგომაზე კომენტარი გააკეთა.

“ეს რთული, მაგრამ გაბედული და სწორი გადაწყვეტილება იყო”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს BBC.

ფიფას რიგგარეშე კონგრესი მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე არსებულ პერიოდში ჩატარდება და ახალ პრეზიდენტსაც დროის ამ მონაკვეთში აირჩევენ. მანამდე ფიფას კვლავ ბლატერი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან უდგას სათავეში. 29 მაისს ის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.

 

ბლატერი: “პლატინიმ ჯერ ვისკი შემომთავაზა, შემდეგ კი…”

ფიფას ახალარჩეული პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პლატინიმ გადადგომისკენ მოუწოდა.

“პლატინიმ ჯერ პირადი შეხვედრა მთხოვა, შემდეგ კი მეგობრულად ვისკი შემომთავაზა. როდესაც უარი ვუთხარი, მან სრული სერიოზულობით მითხრა, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დამეტოვებინა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა იმედები გამიცრუა. ვიცი, რომ არჩევნების წინა ღამეს პლატინიმ ყველა ფედერაციას მიწერა, ჩემ წინააღმდეგ ხმის მიცემა და პრინც ალის მხარდაჭერა სთხოვა”, – ბლატერის სიტყვები ინტერნეტპორტალ blick.ch-ზე გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღის წინათ თავად პლატინიმაც განაცხადა, რომ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის პოსტის დატოვება შესთავაზა.

 

პლატინი: “დღეს ბლატერს გადადგომა ვთხოვე, მან კი მიპასუხა…”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დღეს ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერს პირისპირ შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ფიფას გარშემო დიდი სკანდალია, ხვალ კი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებია.

მიშელ პლატინიმ ზეპ ბლატერთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

“მიყვარს ფიფა, პატივს ვცემ მის ისტორიას, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება.

ბლატერს ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ერთად გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს მე შენ გადადგომას გთხოვ”.

მან მიპასუხა: “მიშელ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ დღეს გადადგომა უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება, ვერ გადავდგები, კონგრესამდე ერთი დღე დარჩა”.

ზეპს გადადგომა ვთხოვე იმიტომ, რომ მან ფიფას იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა. რთულია, მეგობარს უთხრა, რომ ის უნდა წავიდეს, თუმცა რეალობა ასეთია. ძალიან სამწუხაროა. ფიფა უკვე ბევრმა სკანდალმა მოიცვა.

მე მას ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ”. მან კი მიპასუხა: “არც ისე ბევრს, როგორც – მე”, – პლატინის კომენტარს Get French Football News-ი აქვეყნებს.

მიშელ პლატინის თქმით, უეფას წევრ ქვეყანათა უმეტესობა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს მისცემს ხმას. როგორც ცნობილია, საქართველოც იორდანელს უჭერს მხარს.

“პრინცი ალი პრინცია და ის ფულით არ დაინტერესდება”, – აღნიშნა უეფას ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერის არჩევის შემთხვევაში, მიშელ პლატინი არ გამორიცხავს, რომ უეფა ფიფას გამოეყოს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს გაიმართება.

პლატინი: “ბლატერს ვუმეორებ ლენარტ იოჰანსონის მიმართ მის მიერვე თქმულ სიტყვებს”

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სანამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იოზეფ ბლატერი უხელმძღვანელებს, ფიფას ნდობის პრობლემა ექნება.

“ჩვენ არ მოვტყუვდებით. ბლატერს ფიფას ხელმძღვანელობა იმიტომ არ სურს, რომ მისია ჯერ არ დაუსრულებია. ის ამ ორგანიზაციაშია უკვე 40 წელია და ასეთი განცხადება ნამდვილად არ არის დამაჯერებელი. მას ხვალინდელი დღის ეშინია.

მან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა და მესმის, რომ სიცარიელის შიში აქვს. თუმცა, თუ მას მართლა უყვარს ფიფა, ორგანიზაციაზე მანამდე უნდა ეფიქრა.

სანამ ბლატერი სათავეშია, ფიფას მუდამ ექნება ნდობის პრობლემა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს კი ორგანიზაციის ავტორიტეტზე გავლენას ახდენს.

დარწმუნებული ვარ, ალი ბინ ალ ჰუსეინი, რომელსაც პირადად ვიცნობ, შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

Lennart Johansson - Joseph  Blatter

უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ფიფას ახალი ლიდერი, ახალი სისხლი და სუფთა ჰაერი სჭირდება. პირადულად ბლატერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას პატივს ვცემ, რადგან ბევრი კარგი რამ გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიუღია. უბრალოდ ვამბობ, რომ რაღაც მომენტში წასვლის დრო დგება, ტახტის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადო. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ზეპმა ლენარტ იოჰანსონს 2007 წელს, როდესაც უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა დავაყენე”, – პლატინის სიტყვები ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

Luis Figo - Michael van Praag

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიქაელ ვან პრააგმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ რამდენიმე დღის წინათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ფიგუმ მოგვინებით განმარტა, რომ წინასაარჩევნო მარათონი არადემოკრატიულ ხასიათს ატარებს.

ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ერთმანეთს დარჩენილი ორი კანდიდატი — იოზეფ ბლატერი და ალი ბინ ალ ჰუსეინი ეცილება ერთმანეთს.

არჩევნები 29 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

რატომ არ იღებს პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 29 მაისს ჩატარდება.

— გსურთ, რომ პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერი აირჩიონ?
— უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ფიფას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. წინა არჩევნებზე მხარი ბლატერს დავუჭირე, თუმცა ახლა ამას აღარ ვიზამ. ფიფას სუფთა ჰაერი სჭირდება.

— თუ ასეა, თავად თქვენ რატომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
— მე ფიფასა და უეფას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეფა ავირჩიე. ეს ევროპული ფეხბურთია, აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატები ტარდება. თავს ფეხბურთში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე პოლიტიკაში.

— ფიფაში მართლაც არის კორუფცია?
— სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაურია. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეც იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის დროს რაღაც ისე არ მოხდა, მაშინ ტურნირის მასპინძელი ხელახლა უნდა ავირჩიოთ.

 

ბლატერმა პლატინის მიულოცა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევა მიულოცა.

„მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას ვულოცავ. ევროპული საფეხბურთო კავშირის მხრიდან ეს დიდ ნდობაზე მეტყველებს“, – დაწერა ბლატერმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

პლატინი: „იმედია, სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ“

მიშეილ პლატინიმ უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს პირველი შთამეჭდილებები გაუზიარა.

„ვიცი, რომ თქვენი იმედი უნდა მქონდეს, თქვენ კი იცით, რომ დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვართ. ზუსტად ასეთი ურთიერთობა უფრო ძლიერ ორგანიზაციად გვხდის და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გვიწყობს. დემოკრატია ჩვენს საფირმო ნიშნად უნდა დიდი ხნის წინ იქცა. გარანტიას გაძლევთ, ასეთი გზით მუშაობას უახლოეს ოთხ წელიწადშიც გავაგრძელებთ.

როგორც იცით, ჩემი თავიდან არჩევა იმასაც ნიშნავს, რომ ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც დავრჩები. ჩვენ, ევროპელებს, ძლიერი ფიფას ნახვა გვსურს, რომელსაც პატივს სცემენ.

იმედია, ამ პერიოდში, როგორც თქვენთვის, ასევე ზოგადად ფეხბურთისთვის, სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ. მჯერა, რომ მუშაობის გაგრძელებით კვლავ იმ სიამოვნებას მივიღებ, რომელსაც ამ რვა წლის განმავლობაში ვიღებდი. ასეთი ორგანიზაციის პრეზიდენტობა ჩემთვის დიდ პატივზე მეტია. ეს ყოველდღიური სიამოვნებაა. ამისთვის, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით“, – განაცხადა პლატინიმ.

პლატინი უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

დღეს უეფას მოქმედი პრეზიდენტი მიშელ პლატინი აღნიშნულ პოსტზე მესამე ვადით ერთხმად აირჩიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის კონგრესზე გაცხადდა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების დარეგისტრირების ვადა გასული წლის 24 დეკემბერს დასრულდა. პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატურა გახლდათ.

მიშელ პლატინი უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, 2011 წლის მარტში ის მეორე ვადით აირჩიეს. ამრიგად, ფრანგი ფუნქციონერი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2019 წლამდე უთავკაცებს.

 

პლატინი: „რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა აუცილებელია“

უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„თამაშის გასაუმჯობესებლად გარკვეული წესები შევცვალეთ, ახლა კი რამდენიმე პრობლემის მოგვარებაა საჭირო, რომლებიც მოთამაშეთა და გულშემატკივრებს ეხებათ. ვფიქრობ, ბევრს არ მოსწონს, როდესაც ფეხბურთელები მსაჯებს ხშირად ეკამათებიან. ნაწილისთვის მათი ასეთი ქცევა სამაგალიათოა, სხვებისთვის კი – პირიქით…

ყურადღება ფანებსაც უნდა მივაქციოთ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებთან არსებული პრობლემების მოგვარება ბევრად ადვილია.

მთავარია, მოთმინება გვქონდეს. მთელი პლანეტის მასშტაბით დისკრიმინაციასა და რასიზმს უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა პლატინიმ.

პლატინის და ტევესის ტყუიპისცალი გოლები “რომას” კარში

მიშელ პლატინიმ და კარლოს ტევესმა სტადიო ოლიმპიკოზე “რომას” ტყუპისცალი გოლები 32 წლიანი სხვაობით გაუტანეს.

2015 წლის 3 მარტი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა 1-1 იუვენტუსი, კარლოს ტევესის გოლი (იხილეთ 1:30-დან)

1983 წლის 6 მარტი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა 1-2 იუვნეტუსი, მიშელ პლატინის გოლი