“მონაკომ” გასვლაზე “დორტმუნდი” დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორმუნდის “ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის გუშინ გერმანული კლუბის ავტობუსთან მომხდარი აფეთქების გამო გადადებული მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” დღეს გაიმართა. შეხვედრა “მონაკოს” გამარჯვებით, ანგარიშით 3: 2 დასრულდა.

სტუმრებს დაწინაურების შანსი მე-17 წუთზე მიეცათ, როდესაც “დორტმუნდის” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, მაგრამ ფაბინიომ ბურთი მიზანს ააცილა. ორ წუთში კილიან მბაპემ “მონაკო” მაინც დააწინაურა. 35-ე წუთზე სვენ ბენდერმა თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა. შეხვედრის პირველი ნახევარი “მონაკომ” ანგარიშით 2:0 მოიგო. მატჩის მეორე ტაიმში დორტმუნდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს: 57-ე წუთზე ოსმან დემბელემ ანგარიში 1:2 გახადა. სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობის დაბრუნება მაინც შეძლეს. დორტმუნდელი მცველების უხეში შეცდომით მბაპემ ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და რომან ბიურკი უშანსოდ დატოვა – 1:3. თუმცა, ამით შეხვედრა არ დასრულებულა. მალევე მასპინძლებმა მეორე ბურთი გაიტანეს და საპასუხო მატჩის წინ შანსები შეინარჩუნეს. გოლი სინძი კაგავამ გაიტანა.

წყვილის განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“დორტმუნდი” — “მონაკო” 2:3 (0:2)
გოლები: დემბელე 57′, კაგავა 84′ — მბაპე 19′, 79′, ბენდერი 35′ (ა.გ.).
გამოუყენებელი პენალტი: ფაბინიო 17′ (ააცილა).

“მონაკომ” “მანჩესტერ სიტის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მონაკომ” “მანჩესტერ სიტის” ბარიერის დაძლევა მოახერხა.

მონაკოელები მე-8 წუთზე კილიან მბაპემ დააწინაურა. 29-ე წუთზე ფაბინიომ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. 71-ე წუთზე “სიტის” ნახევარმცველმა ლეროი სანემ ერთი ბურთი გაქვითა და ორმატჩიან დაპირისპირებაში “ქალაქელებს” უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ 77-ე წუთზე ტიემუა ბაკაიოკომ ინგლისელთა კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:1.

ამრიგად, ეს დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 6:6 დასრულდა, მომდევნო ეტაპზე კი “მონაკო” გასვლაზე გატანილი გოლის წესის წყალობით გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“მონაკო” — “მანჩესტერ სიტი” 3:1 (2:0)
გოლები: მბაპე 8′, ფაბინიო 29′, ბაკაიოკო 78’— სანე 71′.

“მონაკო” ბელგიურ კლუბს ყიდულობს

“მონაკომ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელგიის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “სერკლ ბრიუგეს” შეძენას აპირებს.

გავრცველებული ინფორმაციით, მონაკოელებს სურთ, რომ “სერკლ ბრიუგე” ე.წ. ფარმ კლუბად აქციონ, რომელიც “მონაკოსთვის” პერსპექტიულ ფეხბურთელებს მოამზადებს.

მოლაპარაკება თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. “მონაკო” მზად არის, “სერკლ ბრიუგეს” უმაღლეს დივიზიონში გადაყვანაშიც შეუწყოს ხელი.

ევროპაში ყველაზე მეტს “მონაკო” იტანს

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებიდან ყველაზე შედეგიანი გუნდი “მონაკო” გახლავთ.

ლიგა 1-ის 14 ტურის თავზე ლეონარდუ ჟარდიმის გუნდს უკვე 43 გოლი აქვს გატანილი, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის 1969-1970 წლების გათამაშების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. აღნიშნულ სეზონში “სენტ-ეტიენს” საწყის 14 ტურში 49 გოლი ჰქონდა გატანილი.

“მონაკოს” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით პირველი ადგილი უკავია, თუმცა ამდენივე ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული მეორეადგილოსან “ნიცას”.

“მონაკომ” “ანჟესთან” სავარჯიშო ფორმით ითამაშა

უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ანჟეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.

შეხვედრის არბიტრმა არც ძირითადი, არც გასვლითი და არც სათადარიგო ფორმა არ დაუშვა იმ მიზეზით, რომ “ანჟეს” ეკიპირებას ძალიან წააგავდა. “მონაკომ” გამოსავალი მაინც მოძებნა: გუნდმა მოედანზე სათამაშოდ წითელი ფერის სავარჯიშო ფორმით გავიდა.

შეხვედრა “ანჟეს” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

Monaco training kit

 

“მონაკომ” ვაგნერ ლავი დაიმატა

“მონაკომ” ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მანამდე “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა.

ვაგნერ ლავმა “მონაკოსთან 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამრიგად, ბრაზილიელი ფორვარდი გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. იგი “მონაკოს” უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ვაგნერ ლავმა 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

 

ფალკაო მარტამდე ვერ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

კოლუმბიელმა ფორვარდმა ბარძაყის ძვალი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაიშავა. როგორც “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი ამბობს, 29 წლის ფეხბურთელი მარტამდე ვერ ითამაშებს.

“ფალკაო რვა კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით მის დაბრუნებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ ფალკაო ამ დრომდე “მონაკოს” ეკუთვნის, “ჩელსიში” კი იჯარის წესით თამაშობს. საიჯარო ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში გასდის.

 

მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა. იგი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ვადიმ ვასილიევს სპორტული მიმართულებით დაეხმარება.

“მოხარული ვარ იმ კლუბში მისვლით, რომელმაც როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპაში მოიკიდა ფეხი. ვადიმ ვასილიევმა დამარწმუნა, რომ ეს შემოთავაზება უნდა მიმეღო. ეს ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. ეს საქმე ნამდვილად შემესაბამება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო”, – აღნიშნა მაკელელემ.

 

ფალკაო საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს

“მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.

დასავლეთლონდონური კლუბი კოლუმბიელ ფეხბურთელთან საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროდ ფალკაოს გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ლეონარდუ ჟარდიმმა “მონაკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ჟარდიმი “მონაკოს” გასული წლის ზაფხულიდან თავკაცობს.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია.

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “მონაკოს” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია.

 

ნედვედი: “იუვეს” ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე “ბებერ სინიორას” მეტოქედ “მონაკო” ერგო.

“მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ნახევარფინალში გასვლის რეალურ პერსპექტივას ვხედავ. ჩვენ შანსი გვაქვს, თუმცა დაპირისპირება ანგარიშით 0:0 იწყება. საბედნიეროდ, შორს წასვლა არ მოგვიწევს. საპასუხო შეხვედრას საკუთარ სახლთან ახლოს ჩავატარებთ.

ვნახოთ, ვინ გააღწევს ნახევარფინალში. მე ყოველთვის ფრთხილი ვარ. “მონაკომ” ტურნირს “არსენალი” გამოთიშა. თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩს კონცენტრირებული არ შეხვდი, დიდი შანსია, რომ განზე დარჩე”, – ნედვედის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი მატჩი ტურინში, 14 აპრილს გაიმართება.

 

ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.