პელე: „ბრაზილიას მხოლოდ ფრედის იმედი ვერ ექნება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს აზრით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ქვეყნის გუნდს, შესაძლოა, შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები ჰქონდეს.

„ბრაზილიის ნაკრების შტევის ხაზი ოდნავ მაღელვებს. როდესაც მუნდიალებს ვიგებდით, ჩინებული თავდამსხმელები გვყავდა. დღევანდელ ნაკრებს კი უკეთესი დაცვა ჰყავს. ვფიქრობ, მხოლოდ ფრედის იმედი ვერ გვექნება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მაინც მჯერა. ბრაზილიამ კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ამავე დროს, მესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი – სულ სხვა ტურნირია“, – განაცხადა პელემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.

„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.

საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალის სტადიონზე ტრაგედია მოხდა

რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რამაც სამი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „კორინთიანსის“ არენის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი ამწეს მწყობრიდან გამოსვლა გახდა. სტადიონის ნაწილი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ლითონის კონსტრუქცია იდგმებოდა.

არენა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. არენაზე სამუშაოთა 94 პროცენტი უკვე დასრულებული იყო.

„კორინთიანსმა“ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა:

„სპორტულ კლუბ „კორინთიანსის“ საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბექა დოგრაშვილი

დელ ბოსკე: „მუნდიალზე ჯერ არ გავსულვართ“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ საქართველოსთან ჩასატარებელ მატჩს მისი ფეხბურთელები სერიოზულობით უნდა მიუდგნენ.

„მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ვგეგმავთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მიმდინარე ციკლისას, ორი არც ისე სასიამოვნო მატჩი გავმართეთ. ფინეთთან და საფრანგეთთან შემდგარ შეხვედრებს ვგულისხმობ. ყველაფრის მიხუედავად, საზოგადოება ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური უკვე ჯიბეში აქვს. მართალია, საქართველოს ინგლისისა და იტალიის დონის ნაკრები არ ჰყავს, თუმცა დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. დამშვიდებული ჯერ არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი სამშაბათს, 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22 საათსა და 50 წუთზე დაიწყება.

 ალექსანდრე მატევოსოვი