პიანიჩის დუბლით „რომამ“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა (ვიდეო)

პირველი შვიდი მატჩის მოგების მიუხედავად, „რომა“ VIII ტურის წინ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა. შესაბამისად, დედაქალაქურ კლუბთან მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდა. თუმცა აღნიშნული შანსი „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. თანაბარი თამაშის ფონზე, „ჯალოროსის“ მოთამაშეებმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. არადა, ნეაპოლიტანელებს რომაელებზე ნაკლები მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათთან შედარებით, რუდი გარსიას შეგირდებმა თავისი შანსების გამოყენება შეძლეს, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოიტანა.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტის შექმნა. თავიდან, გოლის გატანის შესაძლებლობა ჟერვინიოს მიეცა, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით, საკმაოდ კარგი შანსი მეკარესთან პირისპირ გასულმა გორან პანდევმა გაუშვა. ინსინიემ მაკედონიელი შესანიშნავი პასით დე სანკტისთან პირისპირ გაიყვანა, რის მიუხედავად, გამარჯვებული აღნიშნულ სიტუაციაში გამოცდილი კიპერი დარჩა, რომელმაც რეაგირების მოხდენა შეძლო და ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგად ცარიელი კართან დანიელე დე როსიმ ივარგა, რომელმაც ბურთი დროულად მოიგერია.

ფრე – პირველი ნახევრის ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა დედაქალაქელები ბოლომდე იბრძოდნენ. პირველი ნახევრის კომპენსირებული დროის მესამე წუთზე მომხდარი ეპიზოდი მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმით დასრულდა, საჯარიმო დარტყმით, რომლის გამოყენებაც მირალემ პიანიჩმა შეძლო – 1:0.

სამი წუთი მთავარმა არბიტრმა დანიელე ორსატომ იქედან გამომდინარე დანიშნა, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო მას თამაშის შეჩერება არაერთხელ მოუწია. „რომას“ მხრიდან ტრავმა ფრანჩესკო ტოტიმ მიიღო, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა – მის ნაცვლად რუდი გარსიამ მოედანზე მარკო ბორიელო შეიყვანა. იძულებითი ცვლილების გაკეთება რაფაელ ბენიტესსაც მოუწია, რომელმაც მიგელ ბრიტოსის ნაცვლად თამაშში პაოლო კანავარო ჩართო.

როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი უმცროსმა კანავარომ უკვე დაკარგა, რადგან ჟერვინიოს წინაამღდეგ თამაშის წესები სწორედ მან დაარღვია (აღნიშნულ მომენტს საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომლის წყალობითაც, როგორც უკვე დავწერე, პიანიჩმა ანგარიში გახსნა). ყველაფერთან ერთად, იმ ეპიზოდში პაოლომ ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში კი კანავარომ მორიგი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფლორენცის ჩაწოდების დროს საკუთარ საჯარიმოში მარკო ბორიელო წააქცია, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა“. „რომამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ნიშნულთან მირალემ პიანიჩი მივიდა, რომელმაც ზუსტი და უძლიერესი დარტყმით თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.

პიანიჩის გოლების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დანიელე დე როსი უნდა იყოს აღიარებული, რადგან იგი მოედნის ყველა ადგილას დომინირებდა და ტოტის არყოფნაში თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებდა.

„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0
გოლები: პიანიჩი 45+3′, 71 (პენ)

„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი (მარკინიო 81′), ტოტი (ბორიელო 33′), ჟერვინიო (ლიაიჩი 58′)

„ნაპოლი“: რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 44′), მესტო, ინლერი (ჯემაილი 83′), ბერამი, ჰამშიკი, კალეხონი, პანდევი (იგუაინი 68′), ინსინიე

გაფრთხილებები: პანდევი, კანავარო, ინლერი – პიანიჩი
გაძევება: კანავარო 70′ (მეორე ყვითელი ბარათი)

 

მირალემ პიანიჩმა “ნაპოლის” ჯარიმიდან მშვენიერი გოლი გაუტანა

18 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში, “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში, რომაელთა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა მეტოქე გუნდის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

მარადონა „ნაპოლის“ გაწვრთნაზე ალაპარაკდა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა სურს.

„მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესი გუნდს დატოვებს, მინდა, რომ „ნაპოლი“ მე ჩავიბარო. კლუბების ხელმძღვანელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მე მათ გუნდს ვერ შევეწყობი. სწორედ ამიტომ არ ვწვრთნი არც ერთ გუნდს ამჟამად. საქმე ფინანსურ ასპექტში არ მდგმარეობს, უბრალოდ მათ ჩემი ეშინიათ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

მარადონა მოთამაშის რანგში „ნაპოლის“ ღირსებას 1984-დან 1991 წლამდე იცავდა. 1987 და 1990 წლებში არგენტინელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

ბექა დოგრაშვილი

ბენიტესი: „ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია“

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთის ასპექტებზე ისაუბრა.

„ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია. არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც საჯაროდ არ ვამბობ. მაგალითად, თუ ჩემი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ცუდად ითამაშებს, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით არასდროს ვსაუბრობ ამის შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩემი უფლება და მოვალეობაა, ფეხბურთელს მის მიერ დაშვებული შეცდომებისა და ამ შეცდომის გამოსწორების გზებზე პირადად ვესაუბრო. სხვა რა უნდა აკეთოს მწვრთნელმა?

ანჩელოტის რომ შევხვდე, ვიცი, რომ ის ყველაფერს არ მეტყვის, რაც მადრიდის „რეალში“ ხდება და არც მე ვეტყვი ყველაფერს „ნაპოლის“ შესახებ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სხვა გუნდების მიმართ გულწრფელნი ვიყოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი, მაიკონი და ბრედლი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან

გავრცელებული ინფორმაციით,უახლოეს მატჩში „რომას“ ერთდროულად სამი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება.

საუბარია ფრანჩესკო ტოტიზე, დუგლას მაიკონსა და მაიკლ ბრედლიზე.

აქედან გამომდინარე, ეს ფეხბურთელები „ჯალოროსის“ „ნაპოლისთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიმდინარე კვირის ბოლოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეინა: „იმედია, იგუაინი „ნაპოლისთვის“ ახალი მარადონა გახდება“

„ნაპოლის“ გოლკიპერმა პეპე რეინამ იმის იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გონსალო იგუაინი „ნაპოლის“ გულშემატკივართა გულს დიეგო არმანდო მარადონას მსგავსად მოიგებს.

„ნეაპოლი ფეხბურთით სუნთქავს. აქ სპორტის ეს სახეობა რელიგიად იქცა. ღმერთად ამ ქალაქში კიდევ უამრავი წლის განმალობაში რა თქმა უნდა დიეგო მარადონა დარჩება. მარადონას გამოსახულებით ნეაპოლში ნებისმიერ სუვენირის ან მაისურის შეძენა შეგიძლიათ. იმედი მაქვს, ოდესმე ასე იგუაინიც შეუყვარდებათ, რომელიც ამჟამად ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ“, – განაცხადა ესპანელმა მეკარემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

იგუაინი: “რომასთან” შეხვედრა ტიტულის ბედს არ გადაწყვეტს”

იტალიური “ნაპოლის” არგენტინელი ფეხბურთელი, გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ “რომასთან” გასამართი შეხვედრა სკუდეტოს ბედს არ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს, რომაელები საკუთარ მოედანზე ნეპოლელებს მიიღებენ. მატჩს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან “რომა” 21 ქულით სერია A-ს ცხრილის სათავეშია, ხოლო მას “ნაპოლი” ორი ქულით ჩამორჩება.

“ჯერ ტიტულის მოგებაზე საუბარი ადრეა, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი. ვფიქრობ, “რომასთან” შეხვედრა ჩემპიონატის გამარჯვებულს არ გამოავლენს”, – ამბობს იგუაინი.

რეინა: “ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს”

იტალიური “ნაპოლის” ესპანელი მეკარე, პეპე რეინა აცხადებს, რომ მას “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის მაისურთან ერთად ძინავს.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში, რეინამ ბალოტელის პენალტი არ გაატანინა.

“სიმართლე გითხრათ, ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს. მართალია, მოგერიებული პენალტის შემდეგ, მასთან მისვლა და მაისურის გაცვლა გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ამბობს რეინა.

ბუსკეტსი და ფაბრეგასი რეინას ყიდვას ითხოვენ

კატალონიის “ბარსელონას” ორი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი და სესკ ფაბრეგასი ხელმძღვანელობას ესპანელი კიპერის, პეპე რეინას გადმობირებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რეინა “ნაპოლიში” იჯარის წესით თამაშობს და თუ “ლივერპულში” მინოლეს თამაშს გავითვალისწინებთ, მისი “ენფილდზე” დაბრუნების შანსები მინიმალურია. გარდა ამისა, სხვადასხვა ინფორმაციით, ესპანელ კიპერს ლივერპულელთა დამრიგებელ ბრენდან როჯერსთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული.

“შესანიშნავი იქნება, თუ რეინა “ბარსელონაში” გადმოვა”, – ამბობს ბუსკეტსი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პეპე “ბარსელონაში” ყველას იცნობს. მას გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია”, – ეს უკვე სესკ ფაბრეგასის სიტყვებია, “რადიო კატალონიასთან” საუბრის დროს.

დღემდე, მას შემდეგ რაც სეზონის ბოლოს “ბარსადან” ვიქტორ ვალდესის წასვლის საკითხი გახდა აქტუალური, პრესის ფურცლებზე მის შესაძლო შემცვლელად ბელგიელი ახალგაზრდა კიპერი კურტუა სახელდებოდა, მაგრამ უკვე გაჩნდა აზრი იმის შესახებაც, რომ მიუხედავად კურტუას კლასისა, “ბარსელონას” უფრო გამოცდილი მეკარე სჭირდება, სწორედ აქ გაიჟღერა პირველად, რეინას გვარმაც.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს კატალონიელთა ხელმძღვანელობა.

აგენტი გონალონის „ნაპოლიში“ გადასვლას არ გამორიცხავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა 24 წლის ნახევარმცველის მაქსიმ გონალონის გადაბირებას ცდილობდა.

ასეა თუ ისე, მოთამაშის აგენტი ფრედერიკ გუერა მისი კლიენტის იტალიაში გადასვლას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ გამორიცხავს.

„ზაფხულის თვეებში „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს რიკარდო ბიგონს ორჯერ შევხვდი. შესაძლოა, კლუბს გონალონის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი კიდევ დასჭირდეს. გამორიცხული არაფერია, თუმცა პირველ რიგში, იტალიური კლუბი „ლიონს“ უნდა შეუთანხმდეს“, – განაცხადა გონალონის წარმომადგენელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“არსენალი” – “ნაპოლი” (სასტარტო შემადგენლობები)

გთავაზობთ “არსენალისა” და “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობებს.

“არსენალი”: შცესნი, მერტეზაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი, იოზილი, არტეტა, ფლამინი, რემზი, ჟირუ.

“ნაპოლი”: პეპე რეინა, ალბიოლი, ბრიტოსი, ბეჰრამი, მესტო, სუნიგა, ინლერი, ჰამშიკი, პანდევი, კალეხონი, ინსინიე.

ჰამშიკი: “ვერ გეტყვით, რის ხარჯზე შეგვიძლია, ვაჯობოთ “არსენალს”

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ლონდონის “არსენალის” შესაძლო დამარცხება მომდევნო ეტაპზე ნეაპოლელთა გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. “არსენალი” შესანიშნავი გუნდია, ბურთს კარგად ფლობს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რის ხარჯზე შეგვიძლია, “არსენალი” დავჯაბნოთ. ამას ვნახავთ. გასულ სეზონთან შედარებით,”ნაპოლი” მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლონდონში შესაძლო გამარჯვება მნიშვნელოვნად ზრდის ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსს, თუმცა წინ კიდევ ხუთი მატჩია”, – განაცხადა ჰამშიკმა.

მატჩი “არსენალსა” და “ნაპოლის” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი