იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მიიღებს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ „რომას“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.
„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ მისთვის სეზონის ყველა დარჩენილი მატჩის თანაბრად მნიშვნელოვანია.
„ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი ისევე მნიშვნელობანია, როგორც შეხვედრები „ინტერის“, „მილანისა“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ. თუ „ნაპოლის“ დავამარცხებთ და შემდეგ „ლივორნოსთან“ წავაგებთ, მაშინ ამ მოგებას აზრი არ ექნება. ჩვენთვის თითოეული მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ბენიტესი ამბობს, რომ მისი გუნდი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 75 პროცენტს უჩევენებს და ამით ჩვენს დონეზე იმყოფება, „რომას“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. როგორც ჩანს, თუ „ნაპოლი“ 100 პროცენტით ათამაშდება, ჩემპიონატსაც მოიგებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი გუნდი უკვე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამიტომ, ბენიტესის სიტყვები მაშინებს“, – განაცხადა კონტემ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნების შარშანდელი დაპირისპირებიდან ერთი შეხვედრა „ბებერი ქალბატონის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი – ფრედ.
„იუვენტუსის“ მცველი მარტინ კასერესი დღეს მძიმე თამაშს ელის.
„საკმაოდ რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ეს შარშან გამართული შეხვედრებისგან განსხვავებული მატჩი იქნება. „ნაპოლი“ თავის საუკეთესო შემადგენლობას დააყენებს და თამაშის მოგებას ეცდება. ჩვენ კი გვინდა, რომ შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ მატჩის მოსაგებად“, – აღნიშნა კასერესმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი კი „ნაპოლის“ დარჩა.
ნეაპოლიტანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის „ბიანკონერის“ ძალის შესახებ, თუმცა სტუმრები დღეს გამარჯვებას გეგმავენ.
„ვიცით „იუვენტუსის“ სიძლიერის შესახებ. კონტე ძალზედ ჭკვიანი მწვრთნელია. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი სწორედ „იუვენტუსია“, ამიტომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.
ამ გუნდთა დაპირისპირების ბოლო 16 მატჩიდან „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთხელ დაამარცხა „იუვენტუსი“ ტურინში.
Fanebi.Com-ზე არსებულ გამოკითხვაში ტურინულ გუნდს საგრძნობი უპირატესობა აქვს. ამ დროისთვის პროცენტული შეფარდება ასე ნაწილდება: „იუვენტუსი“ 53% – ფრე 30% – „ნაპოლი“ 17%.
მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი