უნაი ემერი: “ნეიმარის ოპერაცია? ეს ტყუილია!”

ლიგა 1-ის გასულ ტურში “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა, ნეიმარმა მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო. სხვადასხვა გამოცემის თანახმად, ბრაზილიელს 1-2 თვე მოუწევს უქმობა, ზოგი იმასაც წერს, რომ ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს – მხოლოდ მუნდიალზე იქნება შესაძლებელი, რომ მაყურებელმა “ნეი” მოედანზე იხილოს.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ თავისი ფეხბურთელის დაზიანებაზე ისაუბრა.

“საჭიროა, სიმშვიდე გამოვიჩინოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. მას, ამჟამინდელი დაკვირვებიდან გამომდინარე, ოპერაციას არ გაუკეთებენ. ისევ არსებობს მცირე შანსი, რომ ნეიმარმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა, გთხოვთ ნუ აყვებით ჭორებს – ჭორი კი ისაა, რომ ჩემს მოთამაშეს ოპერაციას უკეთებენ. ჩვენ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ,” – აცხადებს ემერი.

უნაი ემერი: “ნეიმარი ცუდადაა”

ხვალ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრას მარსელის “ოლიმპიკის” წინააღმდეგ გამართავს. უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნეიმარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და მისი თამაში ხვალ საეჭვოა.

“კლუბის ექიმი არ ვარ და ჩემი დასკვნიდან გამომდინარე არ ვამბობ – როგორც .კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, ნეიმარი ცუდადაა. იმედი მაქვს, ის ვარჯიშს და შემდეგ თამაშს შეძლებს. ეს არაა ტრავმა. ის უკავშირდება ინფექციას და მაღალ ტემპერატურას, რაც ლასანა დიარას გუშინ ჰქონდა,” – ამბობს ემერი.

პელე: “ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა”

მსოფლიოს ფეხბურთის “მეფემ”, პელემ თანამემამულე, ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში მასზე ტექნიკური მოთამაშე არ არსებობს.

“ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში პოზიცია შეიცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. კლუბში ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და იქედან ცდილობს შეტევის გამწვავებას, ხოლო “სელესაოში” უფრო ცენტრშია შეწეული და ფორვარდის უკან უწევს ასპარეზობა. ბრაზილიელი ამ ყველაფერს ადვილად ეგუება, რაც მის დიდ ტალანტსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს.”

“მსოფლიოს სამი გამორჩეული მოთამაშე დღეს რონალდუ, მესი და ნეიმარია. სხვა სუპერვარსკვლავები არ არსებობენ. ისინი ნაკრებშიც წარმატებით გამოდიან. თუმცა, ვიტყვი, რომ ნეიმარს განსაკუთრებული მზადება მოუწევს მუნდიალისთვის. ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ!” – ამბობს პელე.

მარსელო: “მჯერა, ერთ დღეს ნეიმარი “რეალში” ითამაშებს”

მადრიდის “რეალი” წარსულში დიდ ინტერესს გამოხატავმა ნეიმარის მიმართ. თუმცა, საბოლოოდ, “პსჟ”-ს ამჟამინდელმა შემტევმა კატალონიის “ბარსელონა” აირჩია.

“თეთრების” მარცხენა მცველმა, მარსელომ თანამემამულეზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ერთ დღეს ის “რეალში” ითამაშებს. მოერგება თუ არა მადრიდულ გრანდს? რა თქმა უნდა! კარგი იქნებოდა, “სანტოსიდან” ნეიმარი პირდაპირ “ბლანკოსში” გადმოსულიყო. ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ამ კლუბში უნდა თამაშობდნენ, ” – ამბობს მარსელო.

რონალდო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იქნება და “რეალს” სწორედ მისი მსგავსი მოთამაშე სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი სუპერმოთამაშეა. ალბათ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩემი აზრით, “რეალს” სწორედ საუკეთესოები სჭირდება. მე მილანის “ინტერში” ვთამაშობდი და არ ვგეგმავდი, მომავალი ხუთი წელი სადმე წავსულიყავი. თუმცა, საბოლოოდ, გამოჩნდა მადრიდის “რეალი”. მათი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი იყო, რადგან  იქ თამაში ყველას სურს.”

“ნეიმარზე “ბლანკოსის” წარმომადგენლებისგან არაფერი გამიგია. მათ ის უნდა იფიქრონ და გააკეთონ, რაც სჭირდებათ. წელს კი, ესპანურ გრანდს რთული პერიოდი უდგას. მათ უნდა მოინდომონ და სეზონი წარმატებით დაასრულონ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტურნირი. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება,” – ამბობს რონალდო.

ნეიმარი: “მოუთმენლად ველი “რეალთან” გასამართ მატჩს”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი აღიარებს, რომ მოუთმენლად ელის მადრიდის “რეალთან” გასამართ დაპირისპირებას. გუნდები ერთმანეთს პირველად “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 14 თებერვალს შეერკინებიან.

“სიმართლეს გეტყვით, მოუთმენლად ველი ამ მატჩს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დრო სწრაფად გავა,” – აცხადებს ნეიმარი, რომლის ტრანსფერშიც “პარი სენ-ჟერმენმა” 222 მილიონი ევრო გადაუხადა “ბარსელონას”.

“ძალიან დიდ პატივს ვცემთ “რეალს”. ამ მატჩისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით. ჩვენი მეტოქე უდიდესი შესაძლებლობების მქონე გუნდი იქნება, უდიდესი კლუბი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავდოთ,” – დაამატა ბრაზილიელმა.

ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენზე” საუბრისას: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, რომელიც ძალიან ახლოს არის პროდუქტიულობის მხრივ საუკეთესო სეზონის ჩატარებასთან, აცხადებს, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს. ბრაზილიელის ანგარიშზე 25 მატჩში გატანილი 26 გოლია.

“ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილად არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე კარგად დაიწყებოდა. სტატისტიკები მართლაც რომ ძალიან მახარებს, მაგრამ აქ პირველ რიგში გუნდის დასახმარებლად ვარ. მინდა, ყოველდღე უკეთესი ვხდებოდე, ყოველ მატჩში უფრო ძლიერი გამოვდიოდე.

დიახ, ეს საუკეთესო სეზონია ჩემს კარიერაში, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიტანო. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდება,” – აცხადებს ნეიმარი, რომელსაც საუკეთესო სეზონში 39 გოლი აქვს გატანილი.

ემერი: “1/8 ფინალს “რეალზე” უფრო მომზადებულები ვხვდებით”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “პსჟ”-ს მიიღებს.

პრინციპული შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ბოლო ოთხი შესაძლებლობიდან სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჟამინდელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, წარსულიდან გამომდინარე, მივხვდებით, რა ძალას წარმოადგენს “ბლანკოსი”. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ უკეთ მომზადებულები ვხვდებით მატჩს. თუ გინდა, გახდე ჩემპიონი, ეს დაძაბულობა და ვნება უნდა იგრძნო. ყველა ჩემპიონს ასე უცხოვრია და ჩვენც ასე ვარსებობთ.”

“მბაპე, ნეიმარი, და კავანი – დიდი დღეები საუკეთესო მწვრთნელებისა და გენიოსი ფეხბურთელებისთვის არსებობს. მე ასეთები მყავს! 4-3-3 – ეს ის წყობაა, რომლითაც ყველაზე საშიშნი ვართ. ამით შეგვძიძლია სწრაფი, გააზრებული შტევების ორგანიზებბა და ასევე სწორი პრესინგი. ამ ყველაფერს მადრიდელთა წინააღმდეგ გამოვიყენებთ,” – აცხადებს ემერი.

მესი: “ნეიმარის გარეშე “ბარსელონა” უფრო დაბალანსებული გუნდია”

საუკეთსო ფორმაში მყოფი “ბარსელონა” თითქმის უნაკლო სეზონს ატარებს და ეს ლიონელ მესის იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ გუნდიდან ნეიმარის წასვლამ “ბარსელონაზე” დადებითად იმოქმედა.

“ნეიმარის გარეშე “ბარსელონა” უფრო დაბალანსებული გუნდია. ბუნებრივია, მისმა წასვლამ ჩვენი ბუნება მნიშვნელოვნად შეცვალა, შეტევითი პოტენციალი დაგვაკლდა, მაგრამ ამან დაცვის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ამ დროისთვის ჩვენი გუნდი ძალიან დაბალანსებულია. დაცვაში კარგად ვთამაშობთ, ისევე როგორც შეტევაში. ჩვენი ნახევარდაცვა კი საუკეთესო ფეხბურთელებით არის აღჭურვილი.

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი “მანჩესტერ სიტია”, იგივე შეიძლება ითქვას “პარი სენ-ჟერმენზეც”. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა და არც “რეალის” ჩამოწერას ვაპირებ. შემდეგ კი მოდის საკმაოდ გამოცდილი “ბაიერნიც”. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – აცხადებს არგენტინელი ლეგენდა.

“ლიონის” პრეზიდენტი: “ნეიმარს ფეკირი მირჩევნია”

“ლიონსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჟან-მიშელ ოლამ პრესასთან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

“პარი სენ-ჟერმენის” თამაშებს ნეიმარის მისვლამდეც ვადევნებდი თვალს და ვხედავ, რომ ამ ფეხბურთელმა გუნდში ბევრი კარგი რამ მიიტანა.

ყველაფრის მიუხედავად, მე ნეიმარს ნაბილ ფეკირი მირჩევნია. ოღონდ, არ მინდა ეს სიტყვები ჟურნალის ყდაზე გამოჩნდეს, რადგანაც კვირას ის საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება.

ნაბილი ჩვენი პატარა ნეიმარია. რაც შეეხება ბერტრანდს, ისიც ძალიან გავს ნეიმარს, მისი დრიბლინგი შესანიშნავია და აჩქარებაც კარგად გამოსდის. “ლიონში” არაფერს ვაჭარბებთ,” – აცხადებს ფრანგული კლუბის პრეზიდენტი.

“რეალი” ზაფხულში ახალი შემტევი ტრიოს შექმნას გეგმავს

მადრიდის “რეალი” ახალი შემტევი ტრიოს შექმნისთვის ემზადება – ფლორეტნინო პერესი არც თუ ისე მომთმენი აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე აპირებს გუნდში ძირეული ცვლილებების მოხდენას.

Marca-ს მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახალი “გალაქტიკოს” ლიდერი ნეიმარ ჟუნიორი იქნება, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს. მის გვერდით კი ისეთი ფეხბურთელები შემოიკრიბებიან, როგორებიც არიან ედენ აზარი და რობერტ ლევანდოვსკი.

ბუნებრივია, ეს ტრანსფერები დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მადრიდელები ამისთვისაც მზად არიან: მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის 500 მილიონი ევროა გამოყოფილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სრულ ნდობას უცხადებს ზინედინ ზიდანს.

ექს-პრეზიდენტი: “რონალდუ-ნეიმარის ბარტერი? ყურადღების გადატანის სულელური მცდელობაა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კლუბის არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნეიმარი-რონალდუს ბარტერზეც ისაუბრა. მისი აზრით, ამ ტრანსფერზე სპეკულაციების წამოწყების მეშვეობით “ბლანკოსის” ხელმძღვანელები კრიზისული სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

“ამბავი რონალდუსა და ნეიმარის ტრანსფერის შესახებ უბრალოდ კრიზისული მდგომარეობის დაფარვის სულელური მცდელობაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ გუნდის გასახდელში არსებულ ჰარმონიაზე იმოქმედებს.

სეზონის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა და ჭკვიანური ნამდვილად არ იქნება, თუ იმ ფეხბურთელებს დავადებთ თითს, რომლებსაც ჩვენი ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია,” – აცხადებს კალდერონი.