„ნიუკასლის“ ფეხბურთელებმა საშობაოდ საავადმყოფოში ბავშვები მოინახულეს (ვიდეო)

„ნიუკასლ იუნაიტედის“ რამდენიმე მოთამაშე ერთ-ერთ საავადმყოფოს ეწვია, რომლის პაციენტ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გაუკეთა.

ტიოტე საჭესთან შამპანურის ბოთლით ხელში (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც “ნიუკასლ იუნაიტედის” ნახევარმცველი შეიკ ტიოტე არასასურველ მდგომარეობაშია დაფიქსირებული. საჭესთან მჯდომ კოტ დივუარელ ფეხბურთელს ხელში შამპანურის გახსნილი ბოთლი უჭირავს და გზას არც უყურებს.

“ნიუკასლი” ტიოტეს საქციელს გაემიჯნა. კლუბმა 28 წლის ფეხბურთელს შეახსენა, რომ ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა იყოს. თავად ტიოტემ მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ შარშან შეიკ ტიოტეს ყალბი მართვის მოწმობა აღმოუჩინეს.

ტიოტემ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ შვიდ მატჩში ერთი საგოლე პასი გააკეთა.

Tiote - Sun

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

“ნიუკასლის” თავკაცად თემურ ქეცბაიას ხილვა სურთ

ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედი” უმძიმეს მდგომარეობაშია. გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 5 მატჩიდან 2 მარცხით დაასრულა, 3 შეხვედრაში კი ფრედ ითამაშა და ახლა სატურნრო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული. კლუბის ფანები ასეთი მდგომარეობით აღშფოთებულნი არიან და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალან პარდიუს გათავისუფლებას მოითხოვენ. “Pardew out” – კამპანია ამ სახელწოდებით ქომაგებს უკვე დიდი ხანია, აგორებული აქვთ. ფანები აღნიშნული მოთხოვნით ონლაინ პეტიციასაც აგროვებენ. ინგლისურ პრესაში სულ უფრო აქტურად წერენ, რომ მალე პარდიუ “ნიუკასლის” თავკაცის პოსტს გამოეთხოვება. მის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებენ. კლუბის ფანების ნაწილს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიას დანიშვნა სურს. ქეცბაია “კაჭკაჭთა” ღირსებას 1997-დან 2000 წლამდე იცავდა და ქომაგები ფიქრობენ, რომ ქართველს მისთვის უკვე ნაცნობ გარემოში მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. ჩვენ დავუკავშირდით “ნიუკასლ იუნაიტედის” რამდენიმე ფანს, რომელთაც კლუბის თავკაცის პოსტზე ქეცბაიას ხილვა სურთ და მის შესახებ ვკითხეთ.

“ვფქრობ, ის გუნდს სულისკვეთებას დაუბრუნებდა, შიდა სამზარეულოში მდგომარეობას გამოასწორებდა. ქეცბაია “ნიუკასლ იუნაიტედს” იცნობს და ფანებსაც მისი დაბრუნების სურვილი გვაქვს”, – ამბობს სტივენ კერნსი.

— ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში არცთუ ისე კარგი შედეგები აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ის “ნიუკასლს” გამოადგება?
— მგონია, რომ ის ახალი იდეებით მოვიდოდა. საქართველოს ნაკრების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ მინდა, მაგრამ ქეცბაია “ნიუკასლში” უკეთეს ფეხბურთელებთან ერთად იმუშავებდა. ის ალან პარდიუს აჯობებდა.

— რა გახსოვთ ქეცბაიას ინგლისური კარიერიდან მისი ცნობილი აღნიშვნის გარდა?
— ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო. როცა ათამაშებდნენ, თავის წილ გოლებს იტანდა. წუხდა, რომ ბობი რობსონი საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა.

“ნიუკასლ იუნაიტედის” კიდევ ერთი ფანი ლაურა გოდფრი თემურ ქეცბაიას გულმხურვალე მხარდაჭერი გამოდგა:

“თქვენ, როგორც ჩანს, გიკვირთ, რომ ხალხს გუნდის თავკაცად ქეცბაიას ხილვა სურს. როგორც მახსოვს, მან გაიყვანა კვიპროსული კლუბი პირველად ჩემპიონთა ლიგაზე. იგივე გააკეთა “ოლიმპიაკოსის” თავკაცობის პერიოდში. ასე რომ, ხალხს მხოლოდ მისი სიფიცხე კი არა, მისი საფეხბურთო კარიერაც ახსოვს. საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფს ყოველთვის ბოლო ადგილზე ასრულებდა ხოლმე, ახლა კი პროგრესი შეინიშნება”.

ჯეიმს გოულენდი “ნიუკასლის” კიდევ ერთი ქომაგია, რომელსაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნა სურს:

“ნიუკასლის” თავკაცის თანამდებობაზე ჩემი არჩევანი ქეცბაიაა. მას წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს”.

— მაგრამ მას საქართველოს ნაკრებში არცთუ კარგი შედეგები აქვს…
— რა? მან მძიმე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია.

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს და ვინ იცის, ეგებ პარდიუს შემცვლელად სწორედ მას დაუძახონ.

 

ოფიციალურად: დებიუში „არსენალში“ გადავიდა

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მცველი მატიე დებიუში, როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„მეთოფეთა“ ვებგვერდის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ვამაყობ, რომ ისეთ დიდებულ კლუბში გადავედი, როგორიც „არსენალია“. ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველოდები არსენ ვენგერთან ერთად მუშაობას. ვეცდები, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში საოცარი გრძნობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „არსენალს“ ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, – დებიუშის სიტყვები „არსენალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ნიუკასლმა“ დებიუშის სანაცვლოდ 8 მილიონი ფუნტი მიიღო.

 

ოფიციალურად: „ნიუკასლმა“ ფრანგი თავდამსხმელი გაიფორმა

„მონაკოს“ თავდამსხმელი ემანუელ რივიერი კარიერას ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭებთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

„ბედნიერი ვარ, რომ „ნიუკასლში“ გადმოვედი. როდესაც კლუბი ამ შემოთავაზებით დამიკავშირდა, მყისიერად განვაცხადე თანხმობა. ეს ადვილი გადასაწყვეტი იყო, რადგან „ნიუკასლი“ დიდი კლუბია, დიდებული ქომაგები ჰყავს, კარგი სტადიონი აქვს. ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე, „ნიუკასლმა“ კი ამის შესაძლებლობა მომცა“, – რივიერის სიტყვები ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ემანუელ რივიერმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

 

დებიუშიმ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენაფლანგელმა მცველმა მატიე დებიუშიმ გუშინ საღამოს ლონდონის „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მოგეხსენებათ, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური კლუბი დატოვა, დებიუშის კი სწორედ მის შემცვლელად ხედავენ.

ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში დებიუში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ „არსენალის“ ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა თუ დებიუში თავს კარგად წარმოაჩენს, „ნიუკასლი“ გაცილებით მეტ მიიღებს.

 

ბენ არფა „ნიუკასლს“ ტოვებს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ინტერნეტ-პორტალი goal.com-ი ავრცელებს.

ფრანგ ფეხბურთელს „კაჭკაჭებთან“ კონტრაქტი 2015 წელს ეწურება, თუმცა კლუბი მასთან შელევას ამ წლის ზაფხულში აპირებს. ბენ არფას მიმდინარე სეზონში რეგულარული თამაშის პრაქტიკა არ აქვს, კლუბის ხელმძღვანელობა მისით უკმაყოფილოა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენ არფას მიმართ ინტერესს „რომა“ და ლონდონის „არსენალი“ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ბენ არფამ 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

„ნიუკასლმა“ „ჩელსი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტური „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის შემდგარი მატჩით გაიხსნა. „სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართული სეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ის, ბევრისთვის მოულოდნელად, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

მეორე ტაიმში „ნიუკასლმა“ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა: ანგარიში 68-ე წუთზე იოან გუფრანმა გახსნა, 89-ე წუთზე კი „კაჭკაჭების“ უპირატესობა ლოიკ რემიმ გაზარდა.

მეორე ადგილზე მყოფ „ჩელსის“ აქტივში 20 ქულა დარჩა, „ნიუკასლმა“ კი 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ტურის დარჩენილი მატჩები ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ასე რომ, სატურნირო მდგომარეობის შეცვლა მოსალოდნელია.

ინგლისის პრემიერლიგა
მე-10 ტური
„ნიუკასლი“-„ჩელსი“ 2:0 (0:0)

გოლები: გუფრანი 68′, რემი 89′.
გაფრთხილებები: სისოკო 42′, რემი 90′ – დავიდ ლუისი 75′, რამირესი 77′.

 

„ლივერპულმა“ ათკაციან „ნიუკასლს“ ვერ მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში იოან კაბაიმ ლამაზი დარტყმით 23-ე წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოს ლუის სუარესი „ნიუკასლის“ საჯარიმო მოედანზე დაეცა, მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა და მაპუ იანგა-მბივას წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ზუსტად სტივენ ჯერარდმა შეასრულა. მერსისაიდული გუნდის კაპიტნისთვის ეს პრემიერლიგაში გატანილი რიგით მე-100 გოლი გახლავთ. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიუკასლი“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, ის „ლივერპულს“ ტოლ-სწორად ეთამაშა და მეტოქეს ამარცხებდა კიდეც. 57-ე წუთზე „კაჭკაჭები“ შეცვლაზე შემოსულმა პოლ დამეტმა კვლავ დააწინაურა. სხვათა შორის, ეს „ნიუკასლის“ დებიუტანტისთვის „კაჭკაჭთა“ რიგებში გატანილი პირველი გოლია. „წითლებმა“ 72-ე წუთზე მაინც გაათანაბრეს. ლამაზი კომბინაცია ასევე შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დააგვირვინა.

ამრიგად, შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს 17 ქულით სათავეში ჩაუდგა,  „ნიუკასლმა“ კი 11 ქულა მოაგროვა და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ტურის ცხრა შეხვედრა ჯერ კიდევ გასამართია.